"წყევლა, თავდაპირველად გაისმა ღმერთისგან" - უშვებს თუ არა უფალი მის აღსრულებას მორწმუნეზე და რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვას

"წყევლა, თავდაპირველად გაისმა ღმერთისგან" - უშვებს თუ არა უფალი მის აღსრულებას მორწმუნეზე და რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვას

წყევლა - ეს სიტყვა ბიბლიურ გამოყენებაში საპირისპიროა სიტყვისა -კურთხევა. წყევლაში იგულისხმება კურთხევის ჩამორთმევა და უბედურების განჩინება. გარკვეულწილად, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმთავრეს წიგნში - ბიბლიაში ყველა კურთხევა, ყველა დალოცვა, ეს არის წინასწარმეტყველება იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. იგივე შეიძლება ითქვას წყევლასთან დაკავშირებითაც. ანუ ის ერთგვარად წინასწარმეტყველებაა იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში.

წყევლა თავდაპირველად გაისმა ღმერთისგან, პირველი ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგად: "ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე"(დაბ.3:17).

ასევე, უფლის წყევლაა კაენზე: "ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან"(დაბ.4:11).

წყევლას დაექვემდებარა მიწა და მასზე ყველა მცხოვრები, რომელიც მოისპო ნოეს დღეებში: "თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე"(დაბ.6:7) "მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.

ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.".(დაბ.7:21-23)

სჯული მთლიანად გამოთქვამს წყევლას ყველა მის დამრღვევზე: "წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!"(მეორე რჯული 27:26);

"ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: "წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში"(გალ.3:10); "ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე"(გალ.3:13).

ისუ ნავესმა წყევლა წარმოთქვა იერიქონის აღმდგენთან მიმართებაში: "მაშინ დაიფიცა იესომ (ისუ ნავეს ძემ): წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს"(ისუ. 6:25). მოციქულმა პავლემ კი ცრუმოძღვრებზე წარმოთქვა წყევლა, რომლებიც ქრისტეს სახარების საწინააღმდეგოს ქადაგებდნენ: "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს." (გალ.1:7-9).

დაუშვებს თუ არა უფალი მორწმუნეზე წყევლის აღსრულებას?

სოლომონის იგავთა წიგნში ვკითხულობთ: "როგორც ჩიტი შეინავარდებს, როგორც მერცხალი აფრინდება, ასევე უმიზეზო წყევლა-კრულვაც არ შესრულდება" (იგ. 26:1-2). ეს ნიშნავს, რომ ცარიელ წყევლას არავითარი ეფექტი არ გააჩნია. უფალი არ დაუშვებს, რომ მისი შვილები დაიწყევლონ. უფალს ყოველივეზე აქვს მეუფება. არავის აქვს უფლება დაწყევლოს ის, ვისი კურთხევაც ღმერთს სურს. მხოლოდ მას აქვს განსჯის უფლება.

ქრისტიანი ნათლისღებით იშვება ქრისტეში როგორც ახალი ადამიანი, როგორც ამას კორინთელთა მეორე ეპისტოლეში ამბობს მოციქულთა თავი პავლე: "ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი"(2კორ.5:17). შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით სულიწმინდაში, რომელიც ჩვენშია და რომლის დაცვის ქვეშაც ვართ. ამას ისევ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში"(რომ.8:11).

და ბოლოს, დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?"(ფს.26:1).

რა ძალა აქვს სიტყვას?

უფალი რასაც ბრძანებს, ყოველივე სრულდება. ბიბლიური წინასწარმეტყველი ესაია ბრძანებს: "რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე."(ეს.55:10-11).

სხვა საკითხია ადამიანის სიტყვასთან დაკავშირებით. უფლის სიტყვას საკუთარ თავშივე აქვს აღსრულების ძალა. ადამიანი შექმნილია უფლის ხატად და მსგავსად და ადამიანის სიტყვასაც გააჩნია გარკვეული ძალა. ამიტომაც, კურთხევა და წყევლა სრულდება. ადამიანს არ შეუძლია მისი გაუქმება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბიბლიური მამამთავარი ისააკი, რომელმაც ესავის ნაცვლად იაკობი აკურთხა, მაგრამ აღარ შეეძლო თავისი კურთხევის გაუქმება.

მოამზადა ზურაბ თვაურმა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი