რა ვითარებაა უზენაეს სასამართლოსთან, სადაც "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რა ვითარებაა უზენაეს სასამართლოსთან, სადაც "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

აქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ გახსნა. მან უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"მოგესალმებით საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მოგესალმებით თავისუფლების მოყვარე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კარგად გაქვთ შეგნებული, რომ დღეს აქ, უზენაესის სასამართლოს წინ ვდგავართ, ვთხოვთ და მოვითხოვთ მოსამართლეებისგან, რომ მათ მიიღონ ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეუნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მედიასაშუალებას, როგორიც არის "რუსთავი 2". ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ეს არის თითოეული მედიასაშუალების, თითოეული ჟურნალისტის, რომელსაც აქვს გამბედაობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გადასცეს ნებისმიერი, მართალი ინფორმაცია, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ თქვას ის სიმართლე, რაც უხერხულია ხელისუფლებისთვის. ამიტომ, დღეს არის ბრძოლა "რუსთავი 2"-თვის, მაგრამ არის ბრძოლა საქართველოში მედიათავისუფლებისთვის, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის", - განაცხადა გია ბარამიძემ.

"რუსთავი 2"-ის გუნდი უკანონო გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა უზნაეს სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა გეგმები ექნებათ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე წინასწარ ვერ უპასუხებს, თუმცა ისინი გამოიყენებენ ყველა შესაძლო ბერკეტს "რუსთავი 2"-ის დასაცავად.

"ჩვენ უკანონო გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ ვაპირებთ და ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. ჩვენ არ დავთმობთ, რადგან ეს ტელევიზია არ არის არავის კერძო საკუთრება, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მონაპოვარი და მათ უნდა გადაწყვიტონ საბოლოოდ ტელევიზიის ბედი. მე ვერ გეტყვით, რას ვაპირებ, თუმცა გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ ბერკეტს "რუსთავი 2"-ის დასაცავად", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმის დავით ბაქრაძის თქმით, "რუსთავი 2" არის ტელევიზია, რომელიც მოსახლეობას პრობლემებზე ელაპარაკება, რასაც მთავრობა არ აკეთებს.

"ახლოვდება ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც გამოჩნდება, როგორი იქნება საქართველო უახლოესი წლების განმავლობაში. ვიქნებით ჩვენ ნორმალური, თავისუფალი, ევროპული ტიპის დემოკრატია, თუ ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი. ადამიანებს შეიძლება მოსწონდეთ, ან არ მოსწონდნენ "რუსთავი 2", ნიკა გვარამია. შეიძლება ეცინებოდეს ან არ ეცინებოდეს ვანო ჯავახიშვილზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც დღეს წყდება არ ეხება არც ნიკა გვარამიას, არც ვანო ჯავახიშვილს. ეს ეხება თითოეული ჩვენგანის მომავალს, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და იქნება თუ არა ისეთი ტელევიზია, რომელიც ილაპარაკებს პრობლემებზე, რაზეც მთავრობა ხალხს არ ელაპარაკება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე.

აქცია "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი