თქვენი 33 პერსონალური მონაცემი, რომელიც სხვებისგან უნდა დაიცვათ (ნაწილი მეორე)

 თქვენი 33 პერსონალური მონაცემი, რომელიც სხვებისგან უნდა დაიცვათ (ნაწილი მეორე)

რა არის ჩემი პერსონალური მონაცემები? სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ეს, ალბათ, პირველია, რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ გაგახსენდათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი წარმოგიდგენთ ანბანს, რომლითაც მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ სტატიის მეორე ნაწილს 33 პერსონალური მონაცემის შესახებ, დაცვის მარტივ ხერხებსა და საფრთხეებზე, რასაც მათი უკანონოდ გამოყენება იწვევს (წაიკითხეთ სტატიის პირველი ნაწილი)

რეზიუმე - ჩვენი დასაქმება, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა და კარიერული განვითარება ხშირად რეზიუმეზეა დამოკიდებული. ეს დოკუმენტი უამრავ პერსონალურ მონაცემს შეიცავს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ჰობი, ინტერესები და სხვა. სასურველია, რეზიუმეში მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია მივუთითოთ და დოკუმენტის გაგზავნამდე გადავამოწმოთ მონაცემების სიზუსტე და ნამდვილობა.

სესხი - სესხის შესახებ ინფორმაცია მოიცავს გამსესხებლის, მსესხებლის, თავდების მონაცემებს, ასევე სესხის ოდენობას, ხანგრძლივობას, ვადის გადაცილებას, საპროცენტო განაკვეთს, ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობას და სხვა უამრავ დეტალს. სესხის შესახებ ინფორმაციას ინახავენ კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხის კომპანიები, საკრედიტო ბიუროები, ე.წ სესხის ამომღები ორგანიზაციები, ნოტარიუსი და სხვა პირები.

სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია კანონმდებლობით. მისი მესამე პირებისთვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ პირის თანხმობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის მესამე პირებითვის მონაცემთა გადაცემას ეხება.

ტელეფონის ნომერი - ციფრთა კომბინაცია, რომელიც მფლობელთან ზარით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ინტერნეტით დაკავშირების საშუალებას იძლევა, ასევე გამოიყენება სოციალურ ქსელებში და ისეთ აპლიკაციებში რეგისტრაციისას, როგორიცაა Viber, WhatsApp და სხვა. ინახება საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებში.

ტელეფონის ნომრის მოპოვება ძირითადად უშუალოდ მოქალაქისგან ხორციელდება. ხშირად სარეკლამო შეტყობინებებს მხოლოდ იმის გამო ვიღებთ, რომ ოპერატორს ნება დავრთეთ გამოეყენებინა ჩვენი ტელეფონის ნომერი მისი პარტნიორი კომპანიების მარკეტინგული მიზნებისთვის, ან რომელიმე ვებ გვერდზე გავასაჯაროვეთ ის. ტელეფონის ნომერი მფლობელის შესახებ ბევრი სხვა ინფორმაციის შეგროვების საშუალებასაც იძლევა. ამის გადასამოწმებლად შეგიძლიათ საკუთარი ნომრის "დაგუგლვა" სცადოთ.

უნარები - თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე და ხშირად ჩვენი განათლება, პროფესიული არჩევანი თუ კარიერული ზრდა ჩვენ უნარებზე და მათი განვითარების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ზოგად უნარებთან ერთად ადამიანი ფასდება მისი შემოქმედებითი, ანალიტიკური, სოციალური, ტექნიკური თუ ინტერპერსონალური უნარებით. ეს მონაცემები მითითებულია არაერთ დოკუმენტში, მათ შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით რეზიუმეში (CV), კანდიდატთა თუ თანამშრომელთა შეფასების ფორმებში, რეკომენდაციებში, დახასიათებაში, ტესტირებისა და ატესტაციის შედეგებში

ფოტო - ციფრულ ან ბეჭდურ ფორმატში გადატანილი გამოსახულებაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს. გამოიყენება პირადობის დამადასტურებელ და სამგზავრო დოკუმენტებში, საშვებსა და პირად საქმეებში. ყველაზე მეტად ფოტოების გასაჯაროება სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. დაფიქრდით როგორც საკუთარი, ისე სხვისი, განსაკუთრებით ბავშვების ფოტოების სოციალურ ქსელებში გავრცელებისას. არასასურველი ფოტოს გასაჯაროებამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ, როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში.

ქონება - უძრავი და მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელსაც ფლობთ, სარგებლობთ და განკარგავთ. მაგალითად, სახლი, მიწა, ფული, ფასიანი ქაღალდები, ავტომობილი, ძვირფასეულობა, ტექნიკა და სხვა. ქონების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა მისი გამჟღავნება მხოლოდ მფლობელის თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. გამონაკლისს, მაგალითისთვის, წარმოადგენს საჯარო რეესტრი, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია უძრავი ქონების მესაკუთრეთა შესახებ. გამონაკლისია თანამდებობის პირთა დეკლარაციაც, რომლებიც ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გაასაჯაროონ მონაცემები მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

ღეროვანი უჯრედი - ღეროვანი უჯრედი, როგორც გენეტიკური მონაცემი, უნიკალურობისა და თვითაღდგენის უნარიდან გამომდინარე ძირითადად გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა თანამედროვე მეთოდები და ხელსაწყოები ღეროვანი უჯრედით პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობასაც იძლევა. გენეტიკური მონაცემების დაცულობისთვის მნიშვნელოვანია ღეროვანი უჯრედების ფიზიკური უსაფრთხოება და მათი სათანადო წესით შენახვა.

ყოფაქცევა - თანამედროვე სკოლებში ფიზიკისა და ისტორიის ნიშნებთან ერთად უკვე ვეღარ შეხვდებით ყოფაქცევის ნიშანს, თუმცა, ზოგჯერ მოსწავლეების ყოფაქცევა სხვადასხვა ფორმით აღირიცხება და აისახება ამა თუ იმ დაწესებულებისთვის წარსადგენ ცნობებსა თუ დასახასიათებებში. ამ მონაცემების დამუშავება შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ წაიშალოს და განადგურდეს.

არასრულწლოვანს და მის კანონიერ წარმომადგენელს აქვთ უფლება იცოდნენ, რა სახის ინფორმაცია ინახება ორგანიზაციაში ბავშვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვონ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა. ბავშვების პერსონალური მონაცემების გამოყენება უნდა ხდებოდეს მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

შვილება - ინფორმაცია შვილად აყვანის შესახებ. განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, მკაცრად კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. შვილების საქმეს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ინახება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს აღნიშნული ინფორმაცია.

ჩვენება - ჩვენება არის სასამართლოში მოწმის, ბრალდებულის, დაზარალებულის მიერ მიცემული ინფორმაცია საქმის გარემოებების შესახებ. როგორც წესი, მასში არაერთი პირის პერსონალური მონაცემია მოცემული. ჩვენება აისახება არა მხოლოდ სასამართლო სხდომის ოქმში, არამედ სასამართლო პროცესის აუდიო და ვიდეოჩანაწერებში. შესაძლებელია ჩვენების მიცემის პროცესის ტრანსლირება პირდაპირი ეთერითაც მიმდინარეობდეს. ჩვენების მიმცემი პირის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს მისი გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.

ცნობა - ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შეიცავს ინფორმაციას, მოიხმარა თუ არა პირმა გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალება, ან იმყოფება თუ არა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე. ცნობა, როგორც წესი, გაიცემა უშუალოდ პირზე და მას აქვს უფლება არ გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია. გამონაკლისია საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევა, როდესაც კანდიდატი, ან საჯარო მოხელე ვალდებულია წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. მას გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტანდარტების დაცვით.

ძალადობის მსხვერპლი - ოჯახში ძალადობის პრევენცია, ძალადობის გამოვლენა და აღკვეთა, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ძალადობის მსხვერპლის სტატუსი ენიჭება ოჯახის წევრს, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება. ამგვარი სტატუსის განსაზღვრა შეუძლია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს. სტატუსის მინიჭების შემდეგ მსხვერპლს აქვს უფლება ისარგებლოს სახელმწიფო თავშესაფრით. ძალადობის მსხვერპლის ვინაობა, ადგილსამყოფელი, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მხოლოდ კანონით დადგენილი წესითაა შესაძლებელი.

წარმომავლობა - ინფორმაცია წარმომავლობის შესახებ შეიძლება შეიცავდეს მონაცემებს პირის ან მისი ოჯახის, წარმოშობის ადგილის, გენეტიკური მემკვიდრეობის, სოციალური სტატუსის შესახებ. ოფიციალურ დოკუმენტებში ძირითადად მითითებულია ეთნიკური, ეროვნული ან რასობრივი წარმომავლობა. ინფორმაცია ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა დაცვის მაღალ სტანდარტს აწესებს.

ჭორი - კანონმდებლობის მიხედვით პერსონალური მონაცემი უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი. შესაბამისად, ჭორი არ არის პერსონალური მონაცემი, თუმცა მისი გავრცელებით შესაძლოა პირს მიადგეს მორალური ან მატერიალური ზიანი. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და მათი შელახვის შემთხვევაში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ხმის ჩანაწერი - "გმადლობთ, რომ დაგვიკავშირდით. გაცნობებთ, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება." ეს ტექსტი უცხო ალბათ არავისთვისაა, თუმცა ალბათ ბევრს არ უფიქრია, რომ ეს პერსონალური მონაცემის დამუშავების შესახებ ინფორმირებას წარმოადგენს. სატელეფონო მომსახურება არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა თქვენი ხმა იწერება. სხვადასხვა შემთხვევებში შეიძლება შევხვდეთ სათვალთვალო კამერებს, რომლებსაც ხმის ჩაწერის ფუნქციაც აქვთ, აუდიოჩაწერა ხორციელდება სასამართლო დარბაზებში და სხდომებზე. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ჩანაწერების შემდგომი გავრცელება თქვენი თანხმობის გარეშე დაუშვებელია, თუნდაც "საახალწლო კურიოზების" კონტექსტში.

ჯანმრთელობის მდგომარეობა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს და დაცულია როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იძლევა პირის დიაგნოზი, დანიშნული თუ მიღებული მკურნალობის მეთოდები და შესაბამისი გამოკვლევების შედეგები. ეს მონაცემები, როგორც წესი, ინახება სამედიცინო დაწესებულებებში და მათი მესამე პირებისთვის გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ პირის თანხმობით, ან, მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სასიცოცხლო ინტერესების დაცვის მიზნით და სხვა.

ჰონორარი - ჰონორარი, ძირითადად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების, ავტორებისა და ადვოკატების ფულადი გასამრჯელოა. ავტორს, ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ჰონორარის ოდენობა და შეთანხმების სხვა პირობები, როგორც წესი, კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მხოლოდ მხარეთა თანხმობითაა შესაძლებელი. თუმცა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ის შეიძლება გასაჯაროვდეს კიდეც, მაგალითად მაშინ, როცა საქმე საბიუჯეტო სახსრების განკარგვას ეხება.

წაიკითხეთ სტატიის პირველი ნაწილი

წყარო: portal.personaldata.ge/anbani

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი