"შენიღბულები შემოცვივდნენ... ბებიას კონდახებით აწამებდნენ... ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს" - სვანი გოგონების ბავშვობის შემზარავი მოგონებები და სისხლის აღების ტრადიცია

"შენიღბულები შემოცვივდნენ... ბებიას კონდახებით აწამებდნენ... ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს" - სვანი გოგონების ბავშვობის შემზარავი მოგონებები და სისხლის აღების ტრადიცია

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ სვანი დების - თეონა და თამარ გურგულიანების ისტორიას. 29 და 31 წლის დები მესტიიდან, სოფელ ლაჰილიდან არიან.

"მესტიაში ვცხოვრობდით, თუმცა ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი ლაჰილი იყო, სადაც ბებიასთან და ბაბუასთან ზაფხულობით ვისვენებდით ხოლმე. ჩვენ ჩვენი სამოთხე გვქონდა. ბებია და ბაბუა ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ბედნიერებისთვის. 90-იანი წლები და გაჭირვების პერიოდი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ არაფერი გვაკლდა, ჩვენები მეურნეობას ეწეოდნენ, კარგად ვცხოვრობდით, ყველაფერი გვქონდა. ერთი დიდი, მდიდარი და ბედნიერი ოჯახი ვიყავით, მანამ, სანამ ერთ უბედურ დღეს დაგვაყაჩაღეს.

გაქურდვამდე ერთი დღით ადრე მესტიაში ვაპირებდით წასვლას, დედა და მამაც იქ იყვნენ, თუმცა ბებიამ გვთხოვა დავრჩენილიყავით. მაშინ პატარები, 8 და 6 წლისანი ვიყავით. დილას რომ გავიღვიძეთ ბებიამ ლამაზი, საკუთარი ხელით შეკერილი, კაბები დაგვახვედრა. ის დღე ისე შემორჩა ჩემს მეხსიერებას, როგორც ნაცრისფერი და ბურუსიანი დღე. საღამო ხანი იყო, ჭიშკრიდან ხმა გავიგონეთ. ბებიამ სტუმრები შემოიპატიჟა, შორიდან გასძახა, თუმცა, მახსოვს, ჭიშკართან მისულს არავინ დაგვხვდა. უცბად კი დავინახეთ, თუ როგორ გადმოძვრა 6 კაცი ჩვენს ღობეზე.

სახლში შენიღბულები შემოცვივდნენ. ბებიას დაეტაკნენ, ცემა დაუწყეს, საშინლად, არაადამიანურად ექცეოდნენ. ვუყურებდი კონდახებით როგორ აწამებდნენ. ბავშვებს შესაშინებლად თავს ზემოთ გვესროლეს. შემდეგ კი ისევ ბებიას დაუწყეს ცემა.

ერთ-ერთი კაცის მზერა არ ამომდის გონებიდან, ვერ ვივიწყებ. მისი ძალიან არაადამიანური და მძიმე მზერა. ვიცოდი, იმ წამს ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა და მხეცს დამგვანებოდა. ავდექი და ბაბუას საძინებელში გავედი. ვხედავდი ჩემ თავს ზემოთ ცეცხლმოკიდებული ტყვიები როგორ მიფრინავდნენ. ოთახში ბნელოდა, მაგრამ ნათლად ჩანდა ყველაფერი. ბაბუაც ესროდა, ისინიც ისროდნენ. ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს. მახსოვს, იატაკზე დაეცა და კარადიდან გადმოცვენილი ჩემი ტანსაცმელი სულ სისხლის გუბეში გასვარა. მივედი მასთან, ბაბუათქო დავუძახე, მაგრამ მანიშნა გავსულიყავი ოთახიდან. გამოვედი.

...გამოვედი და მას შემდეგ წელიწადნახევარი საერთოდ ხმა არ ამომიღია. პირველ კლასში ვიყავი, ვეღარ ვლაპარაკობდი. გადატანილი სტრესის გამო სკოლიდან გამომიყვანეს. მუდმივი სიჩუმის გამო, მახსოვს, როგორ ამითვალწუნეს მასწავლებლებმა და როგორ გავხდი დასაცინი ობიექტი თანაკლასელებისთვის. ეს ყველაფერი ძალიან მტკიოდა. შიშით ოთახიდან ოთახში ვერ გავდიოდი. მინდოდა მეტირა, მეთქვა ჩემი ტკივილი, მაგრამ ლაპარაკი არ შემეძლო, ვერ ვახერხებდი. ჯოჯოხეთური დღეები იყო.

ყაჩაღებმა ბაბუას იარაღის წაღება მოასწრეს. ერთ-ერთმა გარდაცვლილს ხელიდან გამოგლიჯა და გაიქცა. თეონა სულ სისხლში იყო ამოსვრილი. მახსოვს, მის კაბაზე, ტანზე, სახეზე სისხლის წვეთები. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ჩვენი თანასოფლელი იყო, ერთ-ერთი კი ჩვენი შორეული ნათესავი. მას ბებიამ ნიღაბი ჩამოგლიჯა, ხელში კი ნათესავი შერჩა, რომელზეც ჩემმა ბიძაშვილმა შური იძია და მოკლა. სისხლი აიღო. მახსოვს დღეები, როდესაც ჩვენთან იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ შურისძიებას, თათბირობდნენ...

ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვარები გადაეკიდნენ ერთმანეთს, მტრობა დაიწყეს ერთმანეთის. ჩვენ სულ დევნაში ვიყავით. ცხოვრებას რომ თვალს გადავავლებ, სულ დევნა და გაქცევა მახსენდება. ასე გავიზარდეთ.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდში გვედგნენ. დეიდები და მამიდა სულ ცდილობდნენ ტრავმების შემსუბუქებას, გვეხმარებოდნენ მატერიალურად თუ მორალურად, ცდილობდნენ ჩვენს დაცვას ჩაგვრისა და მუქარისგან, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მუდმივი მუქარისა და შიშის ქვეშ გვიწევდა ცხოვრება. გზაზე არ გვატარებდნენ, აქეთ გვებრძოდნენ და გვემტერებოდნენ... საბოლოოდ, იქაურობის დატოვება მოგვიხდა. მამას რუსეთში წასვლა მოუწია. დავრჩით მამის გარეშე, ობლად. ჩვენ ოთხნი ვიყავით, დედა მეხუთეზე იყო ფეხმძიმედ, მაშინ 32 წლის იყო, მაგრამ ამ ყველაფრის გადატანა ძალიან გაუჭირდა. მამა იქ გარდაიცვალა.

ვინ არ ჩაერია ამ ამბავში, ვინ არ სცადა ყველაფრის დალაგება, მაგრამ მტრობა დღემდე გრძელდება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ არ შეიძლება ადამიანებს ასე მოექცე, წაართვა ის, რაც არ გეკუთვნის, არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება ასე დაუმახინჯო, ასე შეუცვალო... არ შეიძლება იმ ტრადიციით ცხოვრება, რასაც სისხლის აღება ჰქვია. იმ ყველაფრისდა მიუხედავად, რისი გადატანაც წლების განმავლობაში მოგვიწია, ჩვენ ახლა უკეთესის იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას.

დღეს იმ სოფელში რომ მიხვიდეთ, ჩვენი სახლის ადგილას მხოლოდ ნასახლარიღა დაგხვდებათ. ასე გაქრა ჩვენი პატარა სამოთხე"...

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ