მეტეხის ციხე და პირველი ხიდი დედაქალაქში

მეტეხის ციხე და პირველი ხიდი დედაქალაქში

დღესდღეობით თბილისში, მტკვარზე ათი ხიდია. პირველი ხიდი კი დედაქალაქში მეტეხის ძირში, კლდოვან ნაპირებზე აშენდა. ძველ თბილისში მეტეხის ციხე ისნის მხრიდან ყველაზე საიმედო გუშაგად იყო მიჩნეული. მის ძირას კი მტკვარი ვიწრო ზოლივით ყოფს დედაქალაქს. საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების შერჩეულ ადგილას მოგვიანებით, ჩვენს უახლოეს წარსულში ქალაქის ყველაზე განიერი ხიდი გაიდო.

მეტეხთან ორი ნაპირი ყველაზე ახლოს იყო ერთმანეთთან და ამიტომ მშენებლებმა ხიდის აგება აქ გაცილებით ადვილად მიიჩნიეს. საუკუნეების განმავლობაში ამ ადგილას არსებული ხიდი სახეს სხვადასხვა მიზეზის გამო იცვლიდა: ხან მტერი არბევდა და გადაწვავდა, ხან სტიქია აზიანებდა, ხანაც უკეთესის ასაგებად ანგრევდნენ, თუმცა, ყოველთვის უცვლელი რჩებოდა თავად ადგილი. ეს უძველესი ხიდი რამდენიმე ძველ წერილობით წყაროშია მოხსენიებული და მის არსებობას XVII-XVIII საუკუნეების მტკვრის სხვადასხვა ნახატიც მოწმობს.

ხშირად ქართველები თვითონ შლიდნენ ხიდს, მტკვარზე მტრის გადმოსვლისთვის ხელი რომ შეეშალათ. ასე მოხდა ჯალალედინის ურდოების შემოსევისას. ხვარაზმთა იმპერიის ბოლო მმართველმა ჯალალედინმა სიონის ტაძრიდან ჯვარი ჩამოაგდო, ტაძრის გუმბათი დაანგრია და ზედ ტახტი დაიდგა. ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა, ხიდის შესასვლელთან დააყრევინა და ბრძანა, რიგრიგობით მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, განურჩევლად სქესისა, ვინც სიწმინდეებზე ფეხით გაივლიდა, ხატებს შეურაცხყოფდა და ქრისტეს სჯულს უარყოფდა, სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა, ვინც ამას არ გააკეთებდა, თავს მოჰკვეთდნენ და გვამებს მტკვარში გადაყრიდნენ. ამ შემოსევის შედეგად ასი ათასი ქართველი ეწამა. მტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაივსო. გამწარებულ ჯალალედინს ძალიან უკვირდა, ქართველთა უმაგალითო მარტვილობის ამბავი.

1795 წლის შემოდგომაზე, აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს, მეტეხის ხიდი საგრძნობლად დაზიანდა. საჭირო გახდა სასწრაფო შეკეთება, რადგან მისი საშუალებით ერთმანეთს უკავშირდებოდა მეტეხის ციხე და ე. წ. დაბალი ციხე (ასე ეწოდებოდა მეტეხის პირდაპირ მთის ფერდობზე გალავნით შემოზღუდულ უბანს ნარიყალასა და მტკვარს შორის). წელში გატეხილ ქალაქში საამისო თანხები არ მოიძებნებოდა, მაგრამ მშენებლობა ეტაპობრივად ახლდებოდა, როგორც კი საამისოდ ფული გამოჩნდებოდა. საბოლოოდ, ხიდი აღადგინეს. როგორც ჩანს, მან დიდხანს ვერ გაძლო, რადგან 1820 წელს თბილისში მყოფი ფრანგი მოგზაური გამბა წერდა, რომ თბილისში მისი სტუმრობის პერიოდში, მეტეხის ძველი ხიდის ბურჯებზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა.

მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის დასაწყისში თბილისმა ზრდა დაიწყო, "გარეუბნები" შემოიერთა და მოსახლეობა მომრავლდა, თბილისელთათვის საჭირო გახდა კიდევ ერთი ხიდის დამატება. სწორედ ამ მიზნით, მეტეხის ხიდის გვერდით, 1830 წელს ახალი ხის ხიდი ააგეს, რომელსაც ავლაბრის ხიდი უწოდეს. ვინაიდან მასზე ურმებსაც შეეძლოთ მოძრაობა, მას "ვირის ხიდიც" შეარქვეს.

დედაქალაქის ისტორიაში ამ ხიდების სახელწოდება ხშირად იცვლებოდა. მათ ხან მეტეხისა და ავლაბრის ხიდებს ეძახდნენ, ხან ავლაბრის პირველ და მეორე ხიდს, ზოგჯერ ხიდს მეიდნისასაც უწოდებდნენ, ზოგჯერ კი მათი კონსტრუქციის გამო ზედა და ქვედა ამერიკულ ხიდებად მოიხსენიებდნენ.

სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის"  23 მარტის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი