საშიში ლიფტების ფოტოები თბილისის სადარბაზოებიდან - ვის იმედად არიან თბილისელები?

საშიში ლიფტების ფოტოები თბილისის სადარბაზოებიდან - ვის იმედად არიან თბილისელები?

ლიფტები თბილისის მოუგვარებელი პრობლემაა -  ქალაქის ძველი კორპუსების უმრავლესობაში ლიფტები მოძველებული, წყობიდან გამოსული და ექსპლუატაციისთვის სახიფათოც კი არის.

რამდენიმე დღის წინ ლიფტების პრობლემამ კიდევ ერთხელ შეახსენა თბილისელებს თავი - ვაჟა-ფშაველაზე დატრიალებულ ტრაგედიას 9 წლის გოგონა ემსხვერპლა. ბავშვი სადარბაზოში, 7 წლის დისშვილთან ერთად, თამაშობდა. არასრულწლოვანები მე-7 სართულზე იყვნენ, ამ დროს შენიშნეს ლიფტთან არსებული დიდი არე. დამცავი ბადე დაზიანებული იყო და როგორც ჩანს, ბავშვმა იქ შეყო თავი. საუბედუროდ, ამ დროს ლიფტი მოძრაობდა, კაბინა ზევით ავიდა, მაგრამ გორგოლაჭი ბავშვს თავში მოხვდა და მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა მდგომარეობაშია ამავე უბანში არსებული ლიფტები და რამდენად უსაფრთხოა მათი ექსპლუატაცია. ვაჟა-ფშაველას გარდა, საბურთალოზე კიდევ რამდენიმე კორპუსში დავათვალიერეთ ლიფტების მდგომარეობა. პეკინისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ლიფტების გარკვეული ნაწილი მწყობრიდან გამოსულია და იქ მაცხოვრებლებს ლიფტებით გადაადგილება სახიფათოდაც კი მიაჩნიათ.

პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მოქმედი ლიფტი

მონგრეული კარი, დაჟანგული სისტემა, მოზრდილი ღიობი ლიფტის კაბინას და კედელს შორის, სადაც ბავშვი თავისუფლად შეეტევა, დაზიანებული ლიფტები, რომლებთანაც გამაფრთხილებელი ნიშანიც კი არ დგას და არც სათანადოდაა განათებული, რომ ღამით საფრთხე არ შეუქმნას მაცხოვრებლებს - ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა თბილისის რამდენიმე სადარბაზოში (ნახეთ ფოტოები).

პეკინის გამზირზე მე-2 კვარტლის პირველ სადარბაზოში მდებარე კორპუსის ბინადრების განმარტებით, ლიფტი, რომლითაც ისინი სარგებლობენ, საშიშია, რადგან ხშირად "იჭედება" და გამართულად არ ფუნქციონირებს:

მოქმედი ლიფტი ვაჟა-ფშაველას 24 ნომერში

"როდესაც ნაწილი უფუჭდება, ვინც აქ ვცხოვრობთ, ვარემონტებთ... ყოფილა შემთხვევა, რომ ლიფტში გაჭედილან და რეაგირება დროულად არ მომხდარა" - განმარტავს ერთ-ერთი ადგილობრივი და დასძენს, რომ კორპუსის მკვიდრებს ლიფტით სარგებლობის ეშინიათ, რადგან გაუმართაობის გამო საფრთხის შემცველად მიაჩნიათ.

ამავე მდგომარეობაშია ვაჟა-ფშაველას 24 და 26 ნომრებში მდებარე კორპუსების ლიფტები. ერთი მათგანი დროგამოშვებით ფუნქციონირებს და მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მის შეკეთებამდე შახტა დალუქვის გარეშე, ღიად არის დატოვებული. შესაბამისად, კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია:

"ძველი ლიფტია და ხშირად ფუჭდება, მერე თანხას ვკრებთ, რომ შევაკეთოთ, იძახებენ ხელოსანს და აკეთებენ. ეს ლიფტი არასდროს შეცვლილა," - განმარტავს ვაჟა-ფშაველას 24 ნომერში მცხოვრები.

დაათვალიერეთ საშიში ლიფტების ფოტოები თბილისური სადარბაზოებიდან

ვინ არის ლიფტების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი?

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლიფტების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხს გამგეობები აგებენ და მათი შეკეთებისთვის კონკრეტულ ბიუჯეტსაც ხარჯავენ. საბურთალოს რაიონის შემთხვევაში, ლიფტებთან დაკავშირებულ საკითხებს თანადაფინანსებული პროექტების განყოფილება აგვარებს. განყოფილების უფროსის ვლადიმერ კაპანაძის თქმით, მცირე ბიუჯეტის ფარგლებში გამგეობა ცდილობს, რომ ლიფტების გამართულად ფუნქციონირება მაქსიმალურად უზრუნველყოს. მისი განმარტებით, ლიფტები კორპუსის ამხანაგობის საკუთრებაში შედის, შესაბამისად, სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კორპუსის მაცხოვრებლებმა გამგეობას თავად უნდა მიმართონ, ხელმოწერების 2/3 შეაგროვონ და შემკეთებელი კომპანია თავად მოიძიონ:

ლიფტის კაბინა ვაჟა-ფშაველას 26-ში, ლიფტი უმოქმედოა, თუმცა

არაა დალუქული

"ამხანაგობამ უნდა მოგვმართოს და ხარჯების 80%-ს საბურთალოს რაიონის გამგეობა ანაზღაურებს, 20%-ს კი მოსახლეობა. ლიფტების შემოწმება გამგეობის პრეროგატივა არ არის, ამაზე პასუხისმგებლები თვითონ მაცხოვრებლები არიან, შესაბამისად, მათ მსგავსი პრობლემის შესახებ თავად უნდა მოგვმართონ.

2017 წელს ჩვენ უკვე 65 ლიფტის შეკეთება დავაფინანსეთ, რისი ღირებულებაც, დაახლოებით 408 779 ლარია. სხვადასხვა ლიფტის ექსპლუატაციის ვადები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა შეკეთების შემდეგ წელიწადნახევარში მისი შემოწმება უნდა მოხდეს" - განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ საბურთალოზე, არამედ თბილისის ნებისმიერ უბანში ლიფტის გაუმართავად ფუქნციონირების შემთხვევაში მაცხოვრებლებმა გამგეობას თავად უნდა მიმართონ. ქალაქში არ არსებობს სამსახური, რომელიც ლიფტების ექსპლუატაციის ვადასა და მათ გამართულობას შეამოწმებს. ამასთან, ლიფტის სრულად შეცვლის შემთხვევაში, კორპუსის ბინადრებს თავად მოუწევთ მისი გამოცვლა. ასე რომ, თბილისელებო, თავადვე მოგიწევთ იზრუნოთ თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე თქვენსავე საცხოვრებელ კორპუსებში.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

დაათვალიერეთ საშიში ლიფტების ფოტოები თბილისური სადარბაზოებიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი