რამდენით გაიზარდა "საზმაუწყებლის" სახელფასო ფონდი და ხარჯები 2 თვეში - რა დოკუმენტაციას ასაჯაროვებს ტელევიზიის ყოფილი ჟურნალისტი

რამდენით გაიზარდა "საზმაუწყებლის" სახელფასო ფონდი და ხარჯები 2 თვეში - რა დოკუმენტაციას ასაჯაროვებს ტელევიზიის ყოფილი ჟურნალისტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის, მედიის პროფესიური კავშირის თავმჯდომარის, ლაშა მესხის ინფორმაციით, ტელევიზიაში ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან მხოლოდ 2 თვეში სახელფასო ფონდი თითქმის 25 000 ლარით გაიზარდა, ხოლო საერთო ხარჯები 200 000 ლარს ბევრად აღემატება. გაზრდილი სახელფასო პოლიტიკის, ასევე ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომელთა პორტირების საკითხზე დღეს ლაშა მესხმა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

ლაშა მესხის ინფორმაციით, წინა მენეჯმენტის პირობებში 2016 წლის მეოთხე კვარტალში, ოქტომბერსა და ნოემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელფასო ფონდი 3 676 766 ლარი იყო. ახალი მენეჯმენტის პირობებში კი იანვრისა და თებერვლის თვეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელფასო ფონდმა 3 701 096 ლარი შეადგინა. სხვაობა 24 330 ლარია და აღნიშნულ მონაცემებში არ შედის GDS-ის ყოფილი თანამშრომლების ანაზღაურება, რაც, ლაშა მესხის შეფასებით, სავარაუდოდ თანხას გააორმაგებს.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება საერთო ხარჯებს, ჟურნალისტის ცნობით, საერთო ჯამში წინა წლის 2 თვისა და ახლანდელი 2 თვის ხარჯები 216 513 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, წინა მენეჯმენტის დროს მეოთხე კვარტლის საერთო ბიუჯეტი 5 611 105 ლარი, ხოლო ახალი მენეჯმენტის პირობებში პირველი კვარტლის საერთო ბიუჯეტი 5 827 618 ლარია.

"საზოგადოებრივ მაუწყებელში გრძელდება საბიუჯეტო თანხების ხარჯვის გზა. წინა მენეჯმენტის მანკიერი პრაქტიკა ამ დრომდე ძალაშია. მენეჯმენტი, რომელიც მაუწყებელში არსებულ კორუფციაზე და ე.წ. "კარმუშკაზე" ღიად საუბრობდა თავადვე უშვებს იმ შეცდომას, რომლის გამოსასწორებლადაც თითქოსდა თავად მოვიდა", - განაცხადა ლაშა მესხმა.

ამასთან მესხის თქმით, ამ ეტაპზე "მოამბეში" GDS-დან 11 თანამშრომელი გადავიდა, თუმცა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს პროცესი არ მთავრდება და აპრილიდან, შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს. გარდა ამისა, GDS-ის ყოფილი თანამშრომლები მაუწყებლის სხვა დეპარტამენტებშიც საქმდებიან.

"პრობლემა არის ის, რომ არანაირი ტესტირება, არანაირი კონკურსი არ გამოცხადებულა. ეს პროცესები იყო შეფარული, ფასადური და მხოლოდ კერძო ინტერესებზე მორგებული რეორგანიზაცია, რაც დაუშვებელია. ამ ყველაფერს საბიუჯეტო სახსრები, ხალხის ფული, ჩვენი მაყურებლის ფული ეწირება, ამიტომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი. ტელეკომპანია GDS-დან თანამშრომელთა პორტირება ყოველგვარი ტესტირებისა თუ კონკურსის გარეშე მოხდა. ეს და სხვა მრავალი ფაქტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საკადრო პოლიტიკას მხოლოდ პირადი სიმპათიები წყვეტს, რაც უდიდესი პრობლემაა იმ კუთხითაც, რომ საქმე საბიუჯეტო სახსრებს, ხალხის ფულს ეხება, რომ არაფერი ვთქვათ, საინფორმაციო გამოშვების მიმართ უნდობლობასა და პროცესების ბუნდოვანებაზე", - განაცხადა ლაშა მესხმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი