ავტორი:

როგორ იქმნება საიტი, რომლითაც თქვენი დილა იწყება - ყველაფერი AMBEBI.GE-ს შესახებ

როგორ იქმნება საიტი, რომლითაც თქვენი დილა იწყება - ყველაფერი AMBEBI.GE-ს შესახებ

უკვე მეოთხე წელია, რაც საინფორმაციო პორტალი AMBEBI.GE IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, ინტერნეტში ინფორმაციების მიღების წყაროებს შორის ლიდერია.

რეიტინგით არა მხოლოდ სხვა ვებ-გვერდებს უსწრებს, არამედ "ფეისბუკსაც" კი ჯობნის, რომელიც მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი სოციალური ქსელია და მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. IRI-ის მიერ გამოკითხულთა 19%-მა AMBEBI.GE მათთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ დაასახელა.

AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი - ეთო ფურცხვანიძე ამ წარმატების, საიტის სიახლეების, ერთიანი აქტიური გუნდისა და პორტალთან დაკავშირებული საინტერესო საკითხების შესახებ გვესაუბრა.

- ჩვენი მკითხველი IRI-ის კვლევის შედეგებს კომენტარებით გამოეხმაურა: "მიყვარს ეს საიტი, ეს წარმატება თქვენს მაღალპროფესიონალიზმს ადასტურებს!"; "ჩემი დილა ყავითა და ამბები.გე-ზე შესვლით იწყება"; "საიტი, რომელიც არის და მუდამ იქნება ყველაზე რეიტინგული ქართულ მედიასივრცეში"; "გილოცავთ და გისურვებთ ყოველთვის მაღალ საფეხურებზე დგომას"...

სხვათა შორის, საიტის კომენტარების წყალობით, ხალხი ისე დაუახლოვდა ერთმანეთს, რომ არც მოკითხვებს იშურებენ და მეგობრობენ კიდეც. ზოგიერთი თითქმის ყველა სტატიაზე აკომენტარებს, არაფერი გამოეპარებათ, ზოგი ენაკვიმატობითაც გამოირჩევა და სახალისო პოსტებს დებს.

- თქვენი აზრით, რა განაპირობებს AMBEBI.GE-ს ასეთ პოპულარობას?

- ყველაზე მთავარი ის არის, რომ მკითხველს დაზუსტებულ და ხშირად, ექსკლუზიურ ინფორმაციას ვაწვდით, რომელსაც სხვა საიტზე ვერ წაიკითხავს. ბევრი თემა, რომელიც AMBEBI.GE-ზე პირველად დაწერილა, ინფორმაციის წყაროდ ქცეულა სხვა საიტებისთვის, ტელევიზიებისთვის და ა.შ. თითქმის ყველა მომხმარებლის ინტერესს ვაკმაყოფილებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვამზადებთ სტატიებს საზოგადოებრივ საკითხებზე, პოლიტიკაზე, შოუბიზნესზე, სამხედრო თემატიკაზე თუ სხვა. მკითხველის საშუალო რაოდენობა დღეში 150 ათასს აჭარბებს და ჩვენც სულ ვმუშაობთ, რომ მკითხველს საინტერესო ამბები არ მოვაკლოთ.

გარდა ამისა, AMBEBI.GE პირველი პორტალია, რომელმაც ქართულ ინტერნეტმედიაში დანერგა მულტიმედია პროექტები - სპეცპროექტები სხვადასხვა თემატიკაზე. ერთ თემას ვუთმობთ მთლიან გვერდს და ამბავს სრულყოფილად გადმოვცემთ ტექსტის, ფოტოების, ვიდეოსა და ინფოგრაფიკების მეშვეობით. სპეცპროექტებზე დიდი გუნდი მუშაობს და ჩვენ ვამაყობთ ამ პროექტით (იხილეთ პროექტები აქ)

- ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები თვითონ თუ გიკავშირდებიან, რომ მაგალითად, ესა თუ ის ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდონ?

- კი, ასეთი შემთხვევაც ხშირია. ხშირად ადამიანები ამბებს "ფეისბუკის" გვერდზე გვწერენ და ცხელი ხაზის ნომერზეც გვირეკავენ. ყველამ იცის, რომ თუ "ამბებზე" დაიწერება მათი ამბის ან პრობლემის შესახებ, აუცილებლად ექნება გამოხმაურება. ძალიან აქტიურები არიან ემიგრანტები, რომლებიც ინფორმაციას ხშირად გვაწვდიან. ერთს გავიხსენებ: ამბავი ეხებოდა საქართველოში მომუშავე იტალიელ ექიმს, რომელსაც იტალიაში საქმიანობა აკრძალული ჰქონდა, აქ კი კერძო კლინიკის თანამშრომელი იყო. იტალიაში მცხოვრებმა ემიგრანტმა სრულიად შემთხვევით, იქაური ტელეეთერით მოისმინა ამ ადამიანის შესახებ და ჩვენ შეგვატყობინა. ჩვენმა ჟურნალისტმა რამდენიმეკვირიანი გამოძიება ჩაატარა, ამ ექიმს მივაკვლიეთ და ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენეთ, მათ კი შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და საქართველოში ლიცენზია შეუჩერეს იტალიელ ექიმს.

- ხშირია შემთხვევა, როცა ხალხი იმ ადამიანებს ეხმარება, რომელთა პრობლემების შესახებაც AMBEBI.GE-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა?

- ხაშურელი მწყემსი ბიჭის ამბავს გავიხსენებ, რომელიც წინასაახალწლოდ ძალიან პოპულარული გახდა. 12 წლის რაგულის ამბავი პირველად სწორედ ჩვენთან დაიწერა. თოვლის ბაბუას წერილი მისწერა, სადაც მობილური ტელეფონისა და ძაღლის ჩუქებას სთხოვდა, რასაც ჩვენს კომენტარებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: რედაქციაშიც რეკავდნენ და მის მისამართს ითხოვდნენ. გავარკვიეთ, რომ რაგული ერთ-ერთი სასულიერო პირის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მისი დახმარებით, ეს ხალხი ბიჭს დავაკავშირეთ. მოკლედ, ამ ყველაფრის წყალობით, რაგულის რამდენიმე ოცნება აუხდა. მიხარია, რომ ასეთ სასიკეთო საქმეებშიც ვმონაწილეობთ. ასეთი პოზიტიური ამბები მკითხველისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია.

- საიტი მუდმივი განახლების პროცესშია. რა სიახლეები დანერგეთ ბოლო პერიოდში და როგორი თემებია ყველაზე კითხვადი?

- ჩვენ ვცდილობთ, საინტერესო ადამიანები აღმოვაჩინოთ და ხშირად, ეს გამოგვდის კიდეც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აჭარელ უხუცესებზე დავწერეთ სტატია. ჩვენმა კორესპონდენტმა სამ უხუცეს ქალბატონს მიაკვლია და მათთან ძალზე საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ისინი 110 წლამდე ასაკის იყვნენ. ჩვენს საიტზე ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც ინოვაციური გამოგონებებით იმკვიდრებენ სახელს 15-16 წლის ასაკში. ემიგრაციაში მყოფ წარმატებულ ქართველებზეც ხშირად ვწერთ, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეაქვთ.

- ცოტა ხნის წინ, პორტალს ახალი რუბრიკა დაემატა - "არსენალი", რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია.

- დიახ, სამხედრო სფერო ხალხს ძალიან აინტერესებს. ვწერთ როგორც ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ჩვენი ჯარისკაცების ამბებს, ასევე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცებზე. ჩვენმა ჟურნალისტმა - ლალი პაპასკირმა შეძლო და ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ მოიძია, რომლებიც უგზო-უკვლოდ იყვნენ დაკარგულები მეორე მსოფლიო ომში. ამ თემაზე სტატიების ციკლს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი ახლობლების პოვნასაც გვთხოვდა.

- იმ გუნდზეც ვისაუბროთ, რომელიც AMBEBI.GE-ს ქმნის...

- რედაქტორები, ადმინისტრატორები, ჟურნალისტები, რომლებიც წერენ სტატიებს და მუდმივად არიან ხაზზე ადამიანებთან, რომლებსაც საინტერესო ამბები აქვთ მოსაყოლი. ეს გუნდი სულ სიახლეების ძიებაშია. ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. არის დღეები, როცა ღამით ერთმანეთს ვეხმარებით. მაგალითად, ბათუმის მოვლენების დროს, მთელმა გუნდმა მთელი ღამე ვიმუშავეთ.

უამრავი საქმე აქვთ მოდერატორებს, რომლებიც დღის განმავლობაში ასობით კომენტარს კითხულობენ და ფილტრავენ. დაუშვებელია, რომ უცენზურო კომენტარი გაიპაროს. ჩვენი საიტის ვიზიტორები ძირითადად, პოლიტიკაზე დაობენ, ზოგჯერ ეჩხუბებიან კიდეც ერთმანეთს. თუმცა ხშირად, მათი კომენტარებიდან ბევრი საინტერესო ინფორმაციის გაგება შეიძლება და ეს ახალი სტატიის საფუძველიც გამხდარა. ჩვენთვის მკითხველის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- როგორც ვიცი, პერიოდულად სხვადასხვა ტიპის კამპანიას აწარმოებთ...

- კი, ასეა. ახლა აქტიურად ვმუშაობთ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებაზე. ავარიების რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი და სამწუხაროდ, ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. მუდმივად ვცდილობთ, საზოგადოებას შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო წესების დაცვა როგორც მძღოლისთვის, ისე ქვეითისთვის. ხოლო ხელისუფლებისგან ვითხოვთ, კანონმდებლობის გამკაცრებას.

ონლაინკაზინოების წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას "პალიტრა მედია" თითქმის ორი წელია აწარმოებს. "არ ითამაშო, იცხოვრე!" - მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს, რადგან ლუდომანია ანუ თამაშდამოკიდებულება უკვე აღიარებულია, როგორც XXI საუკუნის სენი. მუდმივად ვამზადებთ სტატიებს ონლაინკაზინოების და თამაშდამოკიდებულების მავნებლობაზე, მოქალაქეებს ვაწვდით ფსიქოლოგების მოსაზრებებს, დაზარალებულების რჩევებს...

ასევე, გვაქვს ქართული წარმოების მხარდაჭერის პროგრამა - "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა", რომლის ფარგლებშიც ქართულ წარმოებას და დამწყებ ქართველ ბიზნესმენებს ვაცნობთ საზოგადოებას.

- თქვენ შესახებაც გვიამბეთ. რამდენი ხანია, რაც "პალიტრა მედიაში" მუშაობთ და რას ნიშნავს თქვენთვის ეს ადგილი?

- ექვს წელზე მეტია, "პალიტრაში" ვმუშაობ. თავდაპირველად, "პალიტრა ტვ"-ში მოვედი, რომელმაც ბოლო პერიოდში რებრენდინგი განიცადა და ახლა PALITRAVIDEO.GE გახდა. ადმინისტრატორის პოზიციაზე დავიწყე და მალე რედაქტორად გადამიყვანეს. სულ რაღაც ორი წელია, რაც AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი ვარ.

"პალიტრა" არის ადგილი, სადაც ვატარებ დღის ყველაზე დიდ მონაკვეთს. აქ არიან ადამიანები, რომლებთანაც ბევრი საერთო მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, "პალიტრაში" ვისწავლე თითქმის ყველაფერი ჩემს პროფესიაში. მედიაში ყოფნა ყოველთვის მინდოდა, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც მუდმივი განვითარების, სხვა ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას გაძლევს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს მოგვეცემა საშუალება ბევრ ადამიანს გავუმრავალფეროვნოთ დღე, ბევრს დავეხმაროთ.

თამთა დადეშელი, ჟურნალი "გზა"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი