საპატრიარქოს წარმომადგენელი: "ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და თამბაქოს წევა, ითვლება ცოდვად, მკვლელობის ცოდვაში გადის"

 საპატრიარქოს წარმომადგენელი: "ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და თამბაქოს წევა, ითვლება ცოდვად, მკვლელობის ცოდვაში გადის"

"მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც და თამბაქოს მოწევაც ითვლება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, მკვლელობის ცოდვაში გადის და ითვლება სირცხვილად" - ამის შესახებ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო სხდომაზე საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ვარაზმა განაცხადა.

სამუშაო სხდომაზე "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონს განიხილავენ და მეორე მოსმენით განსახილველად ამზადებენ.

"ძალიან სასარგებლოა და ბედნიერები ვართ, რომ დადგა დრო, როცა ეს კანონი აღსრულდება და დავიწყებთ ცხოვრებას ჯანსაღ ქვეყანაში. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც და თამბაქოს მოწევაც ითვლება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ღვთის წინაშე ითვლება ცოდვად, მკვლელობის ცოდვაში გადის და ითვლება სირცხვილად.

ეს უნდა დამკვიდრდეს, სირცხვილია, რომ ვეწევით. წავიკითხე და ვხედავ, რომ ეს კანონი ვერ წვდება იმ ადამიანებს, რომლებიც პრივატულ გარემოში, ოჯახში მოწევენ. რა თქმა უნდა, ამის გაკონტროლება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ბავშვების დაცვა საჭიროა. უმძიმესია, როცა მშობლები აბოლებენ და ბავშვს ეუბნებიან, რომ მან არ მოწიოს, ბავშვი აუცილებლად მოწევს. აქედან გამომდინარე, თუ კუთხეში დაყენება და ყურის აწევა არის ძალადობა, ესეც საშინელი ფორმა უნდა იყოს ძალადობის. ვიფიქროთ ამ საკითხზე", - განცხადა ზურაბ ვარაზმა.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ამ საკითხში ჩასართავად მზად არის.

"საქართველოს ეკლესია მზად არის და სხვა რელიგიური კომფესიებიც არ იქნებიან ჩამორჩენილი, სიხარულით ვებმებით ამ საქმეში. პირადად მე ვეწეოდი 18 წელი და 27 წლის წინ დავანებე მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით. არანაირი მკურნალობა არ დამჭირვებია, ვარ არამწეველი. ვიფიქროთ ამაზე. ღმერთს ებარებოდეთ", - აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.