სენსაციური აღმოჩენის კვალდაკვალ: რა იპოვეს არქეოლოგებმა კახეთში უძველესი ნამოსახლარის ადგილას

სენსაციური აღმოჩენის კვალდაკვალ: რა იპოვეს არქეოლოგებმა კახეთში უძველესი ნამოსახლარის ადგილას

2016 წლის იანვარში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში სენსაციური აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს.

ივრის ზეგანზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ სასაუბროდ, არქეოლოგ ქეთი დიღმელაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც კოლეგებთან ერთად ეს ობიექტი აღმოაჩინა:

- ამ ეტაპზე ივრის ნაპირზე აღმოჩენილ ნაქალაქარზე დაზვერვითი სახის სამუშაოები ვაწარმოეთ. ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია, ზუსტად რასთან გვქონდა საქმე, იყო თუ არა ეს ისეთი მასშტაბური კომპლექსი ან ნამოსახლარი, როგორიც თავიდან წარმოგვედგინა. თან გვსურდა გაგვერკვია, იყო თუ არა აქ ნამდვილად ყორღანი. სამუშაოებს ვაწარმოებდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტები. ადგილზე მცირე ჯგუფი წავედით, რადგან დიდი მასშტაბის კვლევის ჩატარების საშუალება რიგი მიზეზების გამო არ გვქონდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვინაიდან ობიექტი სასაზღვრო ზოლში მდებარეობდა, სასაზღვრო დეპარტამენტისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებთ.

იხილეთ კადრები აღმოჩენის ადგილიდან

20 დღის განმავლობაში დაზვერვითი სამუშაოების შედეგად დადასტურდა, რომ ამ ადგილას ნამდვილად არქეოლოგიური ობიექტია. ტერიტორია რამდენიმე ადგილას მოისინჯა. დაიზვერა, ის ადგილიც სადაც ალიზით ნაგები ტერიტორიები ჩანდა. დადასტურდა ალიზის კედლების ნაშთი, თუმცა რას წარმოადგენდა ეს კონსტრუქციები ამ ეტაპზე ამაზე საუბარი რთულია.

რაც შეეხება სავარაუდო ყორღანს, მასზე მაშტაბური კვლევა არ განხორციელებულა. მოხდა მხოლოდ ზედაპირული დაზვერვა, რამაც რეალურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა. გორის არქიტექტონიკა ერთგვარად განსხვავებულია, ამიტომ ზუსტ დასკვნებს ჯერ ვერ გავაკეთებთ.

ამ აღმოჩენიდან 300-400 მეტრში, ზედაპირის დათვალიერების შედეგად ძალიან საინტერესო მასალას წავაწყდით. აქ აღმოჩნდა საკმაოდ მძლავრი, ძალიან კარგად წარმოდგენილი ნამოსახლარი, რომელიც ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ის დაახლოებით 2 ჰექტარზეა გაშლილი. ეს ადგილი შედარებით კარგადაა შემონახული, რადგან კლდის მასივის ძირშია და ერთგვარად დაცულია ზემოქმედებისგან.

სათავსო ნაგებობის გათხრის შედეგად აღმოვაჩინეთ კერამიკული ნაწარმი (ქვევრები, დერგები, დოქები, ქოთნები), კვირისთავები, შურდულის ქვები და სხვა. მასალამ საშუალება მოგვცა, გვეფიქრა, რომ ეს ნამოსახლარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად უნდა დანგრეულიყო.

გარდა კერამიკული ნაწარმისა, ამ ადგილას მოვიპოვეთ ბრინჯაოს წიდის ნარჩენები. ბრინჯაოს წიდის არსებობა ნიშნავს, რომ აქ ბრინჯაოს დამუშავება ხდებოდა, რაც ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი.

- როდის აპირებთ ამ ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელებას?

- შემოდგომაზე ვაპირებთ, რომ კიდევ ჩავიდეთ ივრის ნაპირზე და კიდევ ერთხელ გამოვიკვლიოთ ეს ადგილი. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ სხვა სტრუქტურებიც ჩაერთონ პროცესში და ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს ამან.

- რამდენად მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა ჩვენი ქვეყნისთვის?

- ვინაიდან ივრისპირეთში არქეოლოგიური კვლევებით განებივრებულები არ ვართ, ეს დაზვერვები ამ რეგიონის წარსულზე ინფორმაციის მოპოვების კიდევ ერთი საშუალებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის დღევანდელი საქართველოს სასაზღვრო ზოლში მდებარეობს, ის, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა

"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე

"ცუდად რომ იყო უთქვამს, - ვაიმე, დედაჩემმა რა უნდა ქნასო.." - გოგიჩას დედა თავს დატეხილ ტრაგედიაზე