არგენტინელი ფოტოგრაფის განსაცვიფრებელი ნამუშევრები, რომლითაც მსოფლიოს საქართველოს აცნობს

არგენტინელი ფოტოგრაფის განსაცვიფრებელი ნამუშევრები, რომლითაც მსოფლიოს საქართველოს აცნობს

ორიოდე წლის წინ პაბლო ფერრარიმ ჯერ ქართველი მხატვარი, მშვენიერი ლიზი ვარაზი აღმოაჩინა, შემდეგ საქართველო და ორივეთი ერთნაირად მოინუსხა. როგორც თავად ამბობს, მისთვის, ახალგაზრდა ქვეყნის შვილისთვის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საქართველო, განსაკუთრებული არქიტექტურით, უძველესი ტრადიციებითა და ლეგენდებით, საინტერესოზე მეტია.

საქართველომდე პაბლო ფერრარი სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მუსიკოსების ალბომების გარეკანის ფოტოებზე მუშაობდა. ალბომებს მისი "ქავერით" შეხვდებით არგენტინაში, იაპონიაში, მაკედონიაში, თურქეთში, კანადასა და ინგლისში... საქართველოში ყოფნის პერიოდში კი ახლადაღმოჩენილი ქვეყნის პეიზაჟებმა გაიტაცა და სულ მოკლე ხანში ოთხი პერსონალური გამოფენა მოაწყო.

პიკტორეალიზმი, რომელშიც პაბლო მოღვაწეობს, XIX-XX საუკუნეების ევროპულ და ამერიკულ ფოტოხელოვნებაში ჩნდება. ეს მიმდინარეობა ფოტოგრაფიას იმ ეპოქის ფერწერასა და გრაფიკასთან (იმპრესიონიზმი, სიმბოლიზმი და სხვა) აახლოებს. არგენტინელი ხელოვანის ფოტოებიც მხოლოდ ფოტო არაა - ის უფრო ფერწერულ ტილოებს მოგაგონებთ...

"როგორც ფოტოგრაფი, უკვე 6 წელია ვმოღვაწეობ. თითქმის ორი წელია საქართველოში ვცხოვრობ. აღფრთოვანებული ვარ საქართველოს კულტურით, ისტორიით... ერთადერთი ქვეყანაა ასეთი გამორჩეული მრავალფეროვნებით... მსურს არგენტინაში და სამხრეთ ამერიკაში გავაკეთო წიგნი საქართველოზე და მთელ მსოფლიოს მოვუყვე ამ საოცარ ქვეყანაზე" - გვეუბნება პაბლო ფერარი.

როგორც მხატვარი ლიზი ვარაზი ამბობს, პაბლომ მის გაცნობამდე არაფერი იცოდა საქართველოზე და ალბათ არც არასოდეს მოხვდებოდა აქ, რომ არა შემთხვევითი ნაცნობობა სოციალურ ქსელში...

"მე და პაბლომ ერთმანეთი ფეისბუქით გავიცანით. მე მისი ფოტოები მომწონდა მას კი ჩემი ნახატები... მერე სკაიპით დავიწყეთ ლაპარაკი. 10 თვეზე მეტი ინტერნეტით ვურთიერთობდით და უფრო ახლოს რომ გაგვეცნო ერთმანეთი, ერთ დღესაც პაბლო თბილისში ჩამოვიდა. ერთად ცხოვრებამ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს და აი, უკვე თითქმის ორი წელი ერთად ვართ.

არგენტინელმა პიკტორეალისტმა ცოტა ხნის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა "ლაბირინთი - Laberinto" გამართა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე:

"მისი ფოტოგრაფია, მართლაც მიაგავს მხატვრობას - სურეალისტურია, საგნების და სივრცეების ახლებურ ხედვას გვთავაზობს... ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ დაინტერესდა მართლაც უნიკალური შენობით და საქართველოში მოღვაწე პოლონელი მხატვრის, ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ მოხატული ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის დარბაზში ფანტასტიკური ფოტოები გადაიღო. გამოფენაზე ჯერ მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი, ნაწილი ძალიან მალე გამჟღავნდება და მე ვფიქრობ, რომ ბიბლიოთეკის ისტორიაში დარჩება როგორც ერთ-ერთი კარგი ნიმუში, მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას - ვიზუალური სახის!

- ევროპელებს რამდენად სხვანაირად გააცნობს საქართველოს მისი ფოტოგრაფია?

- რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ამ მხრივაც! ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ბევრ უცხოელს დავანახოთ ჩვენი მნიშვნელობა... ჩვენი არქიტექტურა, ბუნება, ადამიანები... ჩვენ რომ ვართ მათი ნაწილი და ეს ნიშნავს რეალურ ნაწილად ყოფნას და არა მხოლოდ ქაღალდზე! ძალიან კარგია უცხოელს რომ ასე შეუყვარდა საქართველო! ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი და მე ვფიქრობ, რომ პაბლო ფერრარი საქართველოს პატრიოტია!

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო გედენიძე ამბობს, მიმდინარეობა, რომელშიც პაბლო ფერრარის ფოტოებია გადაწყვეტილი, საქართველოსთვის სიახლეა და ბევრი დამთვალიერებლისთვის აღმოჩენა იქნება:

"ეს მიმდინარეობა ჩემთვის და ძალიან ძალიან ბევრისთვის აღმოჩენაა, მიუხედავად იმისა, რომ ასი წლის წინ დაიწყო სიმბოლიზმთან, ფუტურიზმთან მიმართებაში... შემდეგ როგორც ვიცი, ჩაკვდა და ახლა ევროპა თავის ასი წლის არაჩვეულებრივი მიგნებით თავად მოვიდა ჩვენთან. ძალიან სასიხარულოა უცხოელი კაცი, რომელსაც მოვლილი აქვს მთელი ევროპა და ნახევარი მსოფლიო, ჩვენს ქვეყანაში რომ ეფერება ყველაფერს, რასაც ქვია ისტორია და სიძველე... არის აღტაცებული და ამბობს მე, ახალგაზრდა ქვეყნის წარმომადგენელი ვარ, ამის ფასი ვიცი, მაგრამ მე არ მაქვს და ამიტომაც აქედან წასვლა არ მინდა, აქ ყველაფერი სუნთქავს ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიითო...

ამხელა სიმდიდრე რომ გვაქვს, არ ნიშნავს, რომ ჩვენი ერთადერთი სიკეთეა და სხვა რამეები არ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ კარგი მოტივაციაა ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც, თანასწორ სიმაღლეზე ველაპარაკოთ! ისინიც ახალგაზრდა ქვეყნის წარმომადგენლები არიან, მადლობა რომ ბევრი რამ შექმნეს და ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებენ, ჩვენ რომ უფრო ხანგძლივი გამოცდილება გვაქვს! რასაც ახლა აღმოაჩენენ, ჩვენ საუკუნეების წინ გვქონდა..." - ამბობს ნინო გედენიძე.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი