20-21 აპრილს საქართველო ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონულ კვირეულს მასპინძლობს

20-21 აპრილს საქართველო ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონულ კვირეულს მასპინძლობს

2017 წელს ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებების "ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში", ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ სამეცნიერო მარათონის ერთ-ერთი მონაწილეა.

ღონისძიებების ძირითადი სამიზნე ჯგუფი ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებაა, რომელიც წარმოდგენილია როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე კვლევითი ცენტრებიდან და ინსტიტუტებიდან. "ჰორიზონტი 2020"-თან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს მეცნიერებს ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერების მსგავსად, თანაბარუფლებიანი მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.  ERC-ის ბიუჯეტი 2014-დან 2020 წლამდე 13 მილიარდი ევროა, შესაბამისად მეცნიერებსშესაძლებლობა ეძლევათ საუკეთესო ხარისხის პროექტები, საუკეთესო იდეა წარადგინონ და მიიღონ დაფინანსება, განახორციელონ პროექტები საქართველოში და ამ კვლევებს უმასპინძლონ საქართველოს უნივერსიტეტებმა და კვლევითმა ცენტრებმა" - აღნიშნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა მიქაბერიძემ.

კონფერენციას დაესწრნენ ოფიციალური პირები ევროპული კვლევების საბჭოდან - პროფესორი ევა კონდოროსი, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ევროპული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში. ასევე, მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროფესორი მარია მაკაროვი, ევროკავშირის ექსპერტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან პროფესორები გია დვალი და ზაალ კოკაია.

"ჩვენი მიზანია საქართველოში მცხოვრებ მეცნიერებს გავაცნოთ ევროპული კვევების საბჭოს შესაძლებლობები, თუ როგორ მიაღწიეს ევროპელმა გამოჩენილმა მეცნიერებმა წარმატებას, წარმოვადგენთ წარმატებულ მაგალითებს და გავუზიარებთ მათ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება ქართველმა მეცნიერებმა მიიღონ მონაწილეობა ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებში და მოიპოვონ დაფინანსება. მნიშვნელოვანია მეტ ახალგაზრდას ვაჩვენოთ გზა, როგორ შეიძლება ევროპული საბჭოს კვლევებში მონაწილეობა", - აღნიშნა პროფესორმა ევა კონდოროსიმ.

ღონისძიების დამსწრე სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოება, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები.

"განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის ნომერი პირველი პრიორიტეტია, შესაბამისად, სამინისტრო მობილიზებულია ამ მიმართულებით. მეცნიერება არ ვითარდება ჩაკეტილად. ჩვენთვის ევროპული სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის კვლევების საბჭო ის ფორმატია, სადაც მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, რომ ჩვენი საქმიანობა განვავითაროთ. საქართველო გავიტანოთ კვლევების და მეცნიერების საერთაშორისო რუკაზე. ERC-ის ფორმატი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და გრანტის მიღების საუკეთესო საშუალებაა", - განაცხადა თეიმურაზ მუღულიამ.

ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ-ის რექტორმა გია შარვაშიძემ. მისი თქმით, საქართველოში ბევრი მეცნიერია, რომელთაც კარგი შედეგები და მიღწევები აქვთ, და მათ ეძლევათ შესაძლებლობა სამეცნიერო თემები კონკურენტუნარიან გარემოში წარადგინონ.

დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოადგინეს ERC-ის მიერ მხარდაჭერილი გამორჩეული პროექტები, რომლებიც ასახავენ ევროპული კვლევების საბჭოს ხედვას, განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ინოვაციას.

რეგიონული კვირეულის ფარგლებში ხვალ საინფორმაციო დღე გაიმართება, სადაც დაინტერესებულ პირებს პროექტის წერის, განაცხადის შევსების და დაფინანსების მისაღებად სხვა საჭირო დეტალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.  ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი