დედის სიკვდილის შემდეგ გაჩენილი საზრდო

დედის სიკვდილის შემდეგ გაჩენილი საზრდო

გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, გრიგოლმა, რომელსაც რატომღაც, გიორგას ეძახდნენ, ცოლი მოიყვანა.

უჩვეულო თითქოს, არც არაფერი იყო, მხოლოდ - პატარძალი "ხაზის ავტობუსით" მოიყვანეს.

გიორგა ოცდაათ წელს მიღწეული იყო, პატარძალი ნინო კი 17-ის გახლდათ. მალე სოფლად გავრცელდა ხმა, რომ ლიდამ, რომელიც სკოლა-ინტერნატში ასწავლიდა ნინოს, იზრუნა, რომ სკოლის დასრულებისთანავე გაჩარხულიყო მისი ყოფილი მოსწავლის ბედი. ღარიბი გახლდათ ნინოს ოჯახი, ძალიან ღარიბი. სახლს წესიერი კარიც არ ჰქონდა და ფანჯრებს მინები აკლდა. ზამთარში, იმ სახლში, როგორც მეზობლები იტყოდნენ ხოლმე, დაბმული ძაღლიც არ გაჩერდებოდა. ოჯახს ერთი შვილი "გასხვისებული" ჰყოლია, მაგრამ როგორც კი დრო იხელთა ბავშვმა, მაინც თავის გამოცივებულ კერიას მიაშურა. ცალკე მშობლები ეხვეწნენ, ცალკე - მისი გაზრდის მსურველები, მაგრამ "სხვათაშვილობა" ცოცხალი თავით აღარ მოიწადინა და საერთო დაკონკილ საგებელში ისე შეძვრა, როგორც დაზამთრების წინ - დათვი ბუნაგში. ბიჭი ისე უფრთხილდებოდა შინ დაბრუნებას, როგორც უქონლობისას თადარიგიანი დედა უკანასკნელ მოზელა ფქვილს. მორჩილი და უპრეტენზიო იყო, როგორც მისი და-ძმანი.

იმ დროს სოფელში ყველას უჭირდა, მაგრამ ბევრს ძროხები ჰყავდა და ნინო, თავისი და-ძმებით, სამადლოდ მწყემსავდა პირუტყვს. ძროხის პატრონები დილას, მორიგეობით, ძროხებთან ერთად ატანდნენ გამოციებულ მჭადს, ყველის ნაჭრებს და მწვანილს. ისეთი გემრიელი იყო ეს ყველაფერი ზაფხულის შუადღეზე, რომ... ეს ზაფხულობით, ზამთრობით კი ოცნებითა და მეზობლებში ჩამოთხოვილი მწირი ლუკმით უნდა გაეტანათ თავი!

ერთ დღესაც ლიდამ თავისი ნამოწაფარი გაიხსენა, - უნდა გაგათხოვოო. ოჯახს შექმნი, შვილები გეყოლება და ლუკმა გექნებაო. ნინოს დედა აღტაცებით უსმენდა შვილის მასწავლებელს და გაუაზრებლად, ათას მადლობას იძახდა. სამწყემსურიდან მობრუნებულ გოგოს არც სკოლაში ესმოდა ბევრი თავისი მასწავლებლის და ახლა, უცნაურ შემოთავაზებას ხომ საერთოდ ვერაფერი გაუგო... ხვალ, ნახირი გზის პირას გყავდეთ, ოთხ საათზე, შენი საქმრო და სადედამთილო მოჰყვება ავტობუსს და წაგიყვანენო. მეორე დღეს ნინოს არც საათი გახსენებია და არც - ლიდა. უბრალოდ, ის გაუკვირდა, დედა რომ ჩამოუდგა ნახირში და საავტომობილო გზის პირისკენ ძოვებით წააყვანინა პირუტყვი.

მწვანე ავტობუსი დამრეც გზას ნელა მიუყვებოდა. თუ არ ვცდები, ამ მანქანას "კავზს" ეძახდნენ. შავთმიანი გიორგა თვალებს აცეცებდა მძღოლის გვერდით. იაფფასიანი სუნამოსა თუ ოდეკოლონის სუნით გაჟღენთილი თეთრი პერანგი ეცვა სასიძოს, ოღონდ, აშკარა იყო, პერანგი მას ან არ ეკუთვნოდა, ან კიდევ, ისეთ დროს ჰქონდა ნაყიდი, როცა ბევრად უფრო მსუქანი იყო. სადედამთილო პატარა, გამხდარი და მოძრავი ქალი იყო. ასაკთან შეუსაბამო, "შპილკებზე" ამხედრებული, გაჩერებული ავტობუსიდან ჩამოვიდა, - მოდი, შვილოო, - ნინოს უთხრა. ნინოს ეუცნაურა "შვილო". უცებ, სადედამთილომ მოხერხებულად დაავლო ხელი, სველი ქსოვილივით მიიკრა და ავტობუსის საფეხურზე აიყვანა. გახეთქილი კალოშების ზემოთ ეკლებით დაკაწრული, წვრილი, მზისგან გარუჯული ფეხები მოჩანდა. კაბას მინდვრის ფერი მიეღო (ხშირად ჯდებოდა ბალახზე მწყემსი გოგო) და ნასხვისარი კოფთიდან მხოლოდ კისერი უჩანდა გაურკვევლობაში ჩავარდნილ პატარძალს! დედამთილმა (უკვე დედამთილმა!) კალთაში ჩაისვა და კილომეტრიც არ ჰქონდა გავლილი ავტობუსს, როცა მიეთვლიმა გოგოს. ჯერ ერთი, ზომაზე ოდნავ მეტი კალოში წასძვრა ფეხიდან, მერე - მეორე. გიორგა ფეხზე იდგა და გაყინჩული დასცქეროდა პირველად დანახულ გოგოს, რომელიც უკვე მისი ცოლი იყო!

... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი