"იმ საღამოს, დარბაზში ისე შეგვხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს..." - აფრიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს ჩანაწერები

"იმ საღამოს, დარბაზში ისე შეგვხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს..." - აფრიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს ჩანაწერები

ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიების შესრულების შესახებ ძალიან ბევრი რამ რის ცნობილი, თუმცა, ძალიან მცირეა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი იქ, როგორია მათი ყოველდღიურობა... განსაკუთრებით, აფრიკული მისიის შესახებ არსებობს მწირი ინფორმაცია. არადა, ეს ქვეყანა, თავისი ცხოვრების წესით, შიდა კონფლიქტებითა და ეგზოტიკით, ძალზე საინტერესოა...

AMBEBI.GE-ს მკითხველს აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი ჯარისკაცის ჩანაწერს ვთავაზობთ.

გიორგი, 35 წლის,  სერჟანტი - "აფრიკის წითელი დღეები"

"ერთი ჩვეულებრივი, აფრიკული, წითელი დღე გათენდა. აქ გათენებაც და მზის ჩასვლაც წითელია, მიუხედავად იმისა, მზე ჯუნგლების მწვანე ზღვაში ჩადის და აქოჩრილი პალმებიდან ამოყოფს ხოლმე დილით თავს. როგორც ყოველთვის, მართვის ცენტრში მივედი და მიხაის ვკითხე, რამე ახალი ხომ არ გვაქვს მეთქი... - მიხაი პოლონელია, მართვის ცენტრის პასუხისმგებელი ოფიცერი და ყოველთვის მზად აქვს კარგი, ცხელი ყავა, ოღონდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტუმრებისთვის.

ხანმოკლე საუბრის შემდეგ, გავიგე, სადღაც მესამე რაიონში ძალიან დაძაბული სიტუაცია ყოფილა, - არის მსხვერპლიც; გზები გადაკეტილია ბარიკადებით და ფრანგული ლეგიონის ჯარისკაცები ცდილობენ სიტუაციის განმუხტვასო - მითხრა მიხაიმ... მართვის ცენტრიდან რომ გამოვედი, მიხაის სიტყვების დასტურად, მართლაც დავინახე ორი მოეირიშე ვერტმფრენი, სწორედ იმ რაიონს დასტრიალებდნენ თავს.

მისიის ხელმძღვანელი ადგილობრივ თავდაცვის მინისტრს ხვდება დღეს და უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ერთი ჯგუფი მიყვება მას. ადგილზე მე და ჩვენი ჯგუფის ერთი წევრი ვრჩებით. მიხაიმ მთხოვა, - შეიძლება დაგვჭირდეთ და ყურადღებით იყავითო. შევიარე ბიჭებთან, საცხოვრებლებში და "ელზის" (ასე ვეძახი ერთ ჩემს მეობარს) ვუთხარი, - არ ვიცით, რა დროს დაგვიძახებენ და მზად იყავით-მეთქი. შემდეგ, ოთახში შევედი და და იარაღი და აღჭურვილობა მოვამზადე. ვგრძნობდი, სიტუაცია გამწვავდებოდა და ცოტა არ იყოს მეფიქრებოდა გამოძახებაზე გასვლა. სურათი, დაახლოებით ასეთია, - ორი მებრძოლიდან, რომელთაგან ერთი საჭეს ვერ შორდება, ძირითადად, განწირულია...

შუადღე გადასული იქნებოდა, როცა რაციაზე დამიძახეს. მართვის ცენტრში მიბარებდნენ. ისედაც მოწითალო მიხაის აღელვებისგან სახე სულ აღაჟღაჟებული ჰქონდა... მესამე რაიონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ბაზაზე ჩვენი მისიის ორი წარმომადგენელი, შვედი და მოლდოველი იმყოფებოდა. უკანასკნელი მონაცემებით, შეტაკება ამ ბაზის სიახლოვეს მიმდინარეობდა უკვე...

დავალება ასეთი იყო, - მისიის იმ ორი წევრის გამოყვანა და ბაზაზე მათი უსაფრთხოდ დაბრუნება. არადა, ძირითადი მისასვლელი ქუჩა გადაკეტილი იყო. სიტუაცია ძალიან რთული ჩანდა, მაგრამ ყოყმანის დროც არ იყო. თუ ბაზას შეუტევდნენ, ჩვენს მისიის წევრებს, ადგილობრივი ძალოვნების იმედად, ვერ დავტოვებდით... მიხაის მოკლედ ვუთხარი, რომ მივდიოდი და დაახლოებით ხუთ წუთში ბაზა დავტოვეთ.

მთავარი ქუჩის შემოვლა მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა, - მდინარის ნაპირით უნდა წავსულიყავით... მშრალი სეზონის გამო, მდინარის დონე იმდენად იყო დაკლებული, თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა. პლუს ამას, ჩვენი მაღალი გამავლობის მანქანის იმედიც მქონდა. გზაში ჩემს გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი, მართლაც ხშირად მეკითხებოდნენ, რატომ მოვისურვე აფრიკაში წასვლა, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, - აფრიკა ზოგადად კაცობრიობის აკვნად მიიჩნევა და მისი ეგზოტიკური ბუნებიდან და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც აფრიკაზე ვფლობდი, აფრიკის კონტინენტზე მისიის შესასრულებლად წასვლა გადავწყვიტე. მაინტერესებდა იქაური გარემო, ხალხი, ზოგადი სიტუაცია და რა თქმა უნდა, მეამაყებოდა ე.წ. "შავ კონტინენტზე" ჩემი ქვეყანა წარმომედგინა.

ზოგადად, სიტუაცია აფრიკაში არც ისეთი დაძაბული და საფრთხის შემცველია, როგორც ავღანეთში, (იქაც ვიყავი რამდენჯერმე მისიით) მაგრამ საფრთხე აქაც არის, - მთავარი საშიშროება ადგილობრივი სიტუაცია და ამბოხებულთა ბანდები კი არა, აქაური კლიმატი და გარემო პირობებია... ჩვენი მომზადებაც შესაბამისი იყო, - თუ რა წარმოადგენდა ჩვენთვის უმთავრეს საფრთხეებს და როგორ უნდა დაგვეცვა თავი ხელთ არსებული საშუალებებით.

დაახლოებით ნახევარ საათში ბაზას, სადაც ჩვენი წევრები იმყოფებოდნენ, უკანა მხრიდან მივადექი... ვნერვიულობდი, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ იყო... წინ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა... საერთოდ, იქაური კონფლიქტი ძალიან ჩალხართულია და წლებია მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მიმდინარეობს. იმ დღეს, ერთ-ერთ უბანში, რელიგიური ნიშნით ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, რასაც ძალიან დიდი კონფლქიტი მოჰყვა. მარტო იმ დღეს 15 ადამიანი დაიღუპა... ამ დავიდარაბაში აღმოჩნდნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, რომლებიც იქ დილიდან იყვნენ წასული. არასდროს დამავიწყდება ჩვენი შვედი და მოლდოველი მეგობრების თვალები, როდესაც მათ დაგვინახეს... როდესაც ისინი მანქანაში ჩავისვით, მივხვდი, საქმის ერთი, მთავარი ნაწილი მოგვარებული იყო. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, ბაზამდე მშვიდობით მივსულიყავით...

გაგვიმართლა. გზაზე არავინ შეგვხვედრია და უსაფრთხოდ დავბრუნდით... იმ საღამოს სასადილო დარბაზში ისე შეგვხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს, არადა ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი, წითელი, აფრიკული დღის დასასრული იყო..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი