"მიკროფონი გადადო და გემშვიდობებითო..." - მოულოდნელობებით სავსე დილა და ამინდის პროგნოზი ცნობილი სახეებისგან

"მიკროფონი გადადო და გემშვიდობებითო..." - მოულოდნელობებით სავსე დილა და ამინდის პროგნოზი ცნობილი სახეებისგან

გრძელფეხება ლამაზმანები დეკოლტიანი კაბებით და ხშირად, ყურადღებამისაქცევი იმიჯით - ეს ლამის სტანდარტია მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიაში ამინდის პროგნოზის წამყვანებისთვის. თუმცა, მსოფლიოში არსებობს გამონაკლისები და ამ მხრივ საქართველოც გამონაკლისია. 2 წლის წინ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში გადაწყვიტეს, რომ გრძელფეხება ლამაზმანების გარდა, ეთერი ნაცნობი და ხშირად უცნობი ადამიანებისთვისაც დაეთმოთ, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ინფორმაციას მიაწოდებდნენ ტელემაყურებელს.

ასე გაჩნდა ქართულ ტელესივრცეში სრულიად განსხვავებული ამინდის პროგნოზის ბლოკი, რომელიც ამინდის არ იყოს, ყოველდღიურად მოულოდნელობებითაა სავსე.

"დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი და ამ პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი - ეკა სამხარაძე გვეუბნება, რომ ამ რუბრიკამ ძალიან გაახალისა დილის ეთერი. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

- 2 წლის წინ, როდესაც ახალი სეზონისთვის ახალ თემებსა და რუბრიკებს ვარჩევდით, ჩვენი გადაცემის გენერალურ პროდიუსერს, ნინო არაზაშვილს იდეა გაუჩნდა, ამინდის პროგნოზი მაყურებლისთვის განსხვავებულად მიგვეწოდებინა, არ წაეყვანა მხოლოდ ერთ კონკრეტულ წამყვანს, მომღიმარ, მომხიბლავ გოგონას და ეს სეგმენტი საინტერესო ადამიანებისთვის დაგვეთმო, სადაც თითოეული ძალასა და თავს ახალ ამპლუაში მოსინჯავდა და ჩვენი თანაწამყვანები იქნებოდნენ. იდეა ყველას მოგვეწონა და ავიტაცეთ. მერე გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები საზოგადოებისთვის ცნობილები ყოფილიყვნენ, რომლებიც განსხვავებულ ამპლუაში წარდგებოდნენ...

- ამინდის პროგნოზის წამყვანი სამჯერ ერთვება ეთერში, არა?

- კი, 8-ის ნახევარზე, 9-ის ნახევარზე და 10-ის ნახევარზე. ადამიანი, ვინც ამ ჩართვებში მონაწილეობს და იმ დღის ამინდს აცხადებს, პრაქტიკულად, მაყურებელთან ერთად, ატარებს დილას. მაყურებელიც ინტერესით ადევნებს გადაცემას თვალ-ყურს, აინტერესებს, ვინ იღვიძებს მასთან ერთად და ვისგან იღებს იმ დღეს ამინდის შესახებ ინფორმაციას...

- სიამოვნებით გთანხმდებიან ისინი, ასე ადრე გაიღვიძონ და ფორმაში მოვიდნენ დილის გადაცემისთვის?

- დილით ადრე ადგომა ბევრისთვის რთულია, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ინტერესითა და სიხარულით მოდიან... მერე თითოეული გარდა იმისა, რომ მაყურებელს ამინდზე ინფორმაციას აწვდის, საკუთარ თავზეც საუბრობს, სტუდიიდან როგორც რესპონდენტს, კითხვებს ვუსვამთ...

მაგრამ თუ იმ დღის თემა ვთქვათ, ღრმაა და ბევრ ადამიანს მოიცავს, შეიძლება, სამი სხვადასხვა ჩართვაც იყოს... მოკლედ, თავად რესპონდენტები თავიდანვე ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩვენს წამოწყებას, თავი მოესინჯათ როგორც ჟურნალისტებს.

- ალბათ მართლაც მომხიბვლელია, როცა ხელში მიკროფონი გიჭირავს, ხარ წამყვანი და მაყურებელს მისთვის საჭირო, საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდი...

- კი, მერე შენთან ერთად არის ოპერატორი, ჩართვის ჯგუფი, ყურსასმენიდან წამყვანების ხმა გესმის, რომლებიც სტუდიაში სხედან და შენთან კონტაქტს შეკითხვებით ამყარებენ. მიკროფონთან ერთად, პლანშეტიც გიჭირავს, სადაც წერია ამინდის პროგნოზის ტექსტი.

- პირველი სტუმარი ვინ იყო?

- ნანკა კალატოზიშვილი, რომელთანაც თავიდან თეატრზე და სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, ჩვეულებრივი ინტერვიუ იყო, ჰქონდა სპორტული აქტივობებიც, ბოლოს ამინდი გამოაცხადა და უეცრად კუს ტბაში ჩახტა, ვინაიდან ჩართვა იქიდან იყო. კუს ტბა ნანკამ თავად შეარჩია (მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტი თავად ირჩევს ჩართვის ადგილს). მოკლედ, მოულოდნელად, მიკროფონი გადადო და გემშვიდობებითო, - ნავში იჯდა, ადგა და წყალში გადახტა. ამ ეპიზოდს ინტერნეტში ბევრი ნახვა ჰქონდა. ასე რომ, პირველივე რესპონდენტიდან ახალი რუბრიკა წარმატებით დაიწყო. მას მერე, 2 წელი გავიდა და ბევრი ცნობილი ადამიანი ყოფილა ჩვენს ეთერში...

ამ რუბრიკას გადაცემაში მყარი ადგილი უკავია, შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ ეს რუბრიკა არ იცვლება, რადგანაც ხალხს გარკვეული საქმეები მასზე აქვთ აწყობილი, მაგალითად, პირველ ჩართვაზე შვილი გააღვიძოს, მეორეზე - ჩაიდანი აადუღოს და ა.შ.

- ამინის პროგნოზისთვის დამახასიაებელი სპეციფიკური ტერმინები არ უჭირთ გამოცხადებისას?

- "დღეს ამინდს განაპირობებს ამიერკავკასიიდან ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასები და ა.შ. ამის წაკითხვა თავიდან ერთი ამბავი იყო, მერე ცოტა გავამარტივეთ. ისიც საინტერესოა, ამას როგორ წაიკითხავენ.

- ალბათ გამორჩეული ჩართვების გახსენებაც შეგიძლიათ...

- მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი გვყავდნენ, დათუნამ დაუკრა და ანიტამ ამინდი წაიმღერა... ნინო ანანიაშვილი პარტნიორთან ერთად მოვიდა დილის 9-ის ნახევარზე და პირდაპირ ეთერში იცეკვა...

ახლახან გელა ჩარკვიანი გვყავდა და ირაკლიზე საინტერესო ამბები მოგვიყვა... ჰენრი კუპრაშვილი ზამთარში გაყინულ თბილისის ზღვაში ჩახტა... რამდენჯერმე გვყავდა ნინო სურგულაძე - პირველად აეროპორტიდან ჩაერთო, რაზეც თქვა - ეს ის ადგილია, რომელიც ძალიან მიყვარს, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, პირველ სიხარულს ჩემს მშობლიური აეროპორტში შევიგრძნობო.

უმეტესად ყველა მაინც იმ ადგილს ირჩევს, რომელიც მისთვის განსაკუთრებულია. გვყავდნენ 112-ის ოპერატორები, სასწრაფოს, პატრულის წარმომადგენლები. 112-ის ოპერატორმა მოგვიყვა, როგორ გადაარჩინა ადამიანი, რომელიც თავს იკლავდა, საუბრით გადაათქმევინა. ოპერატორები იხსენებდნენ ცრუ განგაშის ამბებს. თანაწამყვანები იყვნენ თავად მეტეოროლოგებიც, ვინც უშუალოდ პროგნოზზე მუშაობენ.

რეგიონებიდან გვაქვს ძალიან კარგი ჩართვები: მაგალითად, კახეთიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, - ზღვის ნაპირიდან, ბათუმის ყინულის მოედნიდან, დელფინარიუმიდან, ბოტანიკური ბაღიდან, პალიასტომის ტბიდან...

- მახსოვს, როცა პანტომიმის მსახიობის ვიდეომ, რომელიც თქვენი რუბრიკის სტუმარი იყო, ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია.

- კი, ესეც იყო, ცოტათი დაიბნა, ამის გამო შეყოვნდა, თუმცა ბოლოს ტექსტი მაინც დაასრულა. მერე მომდევნო ორი ჩართვა ჩვეულებრივად წარმოადგინა. ასეთიც შეიძლება მოხდეს, რადგანაც პირდაპირი ეთერია...

- ვინაიდან როგორც წამყვანს, უშუალოდ გიწევს ამ ადამიანებთან ურთიერთობა, კონტაქტი, რას ნიშნავს ეს რუბრიკა შენთვის?

- ამ პროცესის მონაწილე რომ ხარ, რა თქმა უნდა, საინტერესო და კარგია. ადამიანების ენთუზიაზმს რომ ხედავ, ესეც სტიმულს გაძლევს. თან, ისიც გიხარია, რომ ეს პროექტი თვალსა და ხელს შუა განვითარდა და გვაჩვენა, რამდენად კარგი რუბრიკაა და მოსწონს მაყურებელს. რესპონდენტები და მაყურებლები კმაყოფილები არიან. ასეთ დროს უფრო მეტი სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება საინტერესო ადამიანი ჩართო ეთერში, უცნობი ადამიანებიდან დაწყებული, ცნობილებით დასრულებული, ან პირიქით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი