როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი "შავლეგ მადლიანის" როლზე და რა სიახლეა მსახიობის პირად ცხოვრებაში

როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი "შავლეგ მადლიანის" როლზე და რა სიახლეა მსახიობის პირად ცხოვრებაში

მას შემდეგ, რაც "იმედზე" სხვა გასართობ გადაცემებთან ერთად, "ილო ბეროშვილის შოუც" დაიხურა, შოუს წამყვანს 3-თვიანი დასვენების პერიოდი ჰქონდა. ამბობს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დატკბა შვილებთან ურთიერთობით, შეხვდა პატრიარქს და ბევრი რამ გადააფასა. ახლა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" თამაშობს. ყოველთვის სურდა, საკუთარი თავი სამსახიობო საქმეში გამოეცადა და ეს დღეც დადგა: მან ბიზნესმენ შავლეგ მადლიანის როლი მოირგო.

- ილო, როგორ ხარ, შენი გადაცემის ნოსტალგია ხომ არ გაქვს?

- ადგილი, სადაც წლები გაქვს გატარებული, ბუნებრივია, მოგენატრება. ადამიანები მენატრებიან, რომლებთან ერთადაც შოუში და დილის გადაცემაზე ვმუშაობდი. კონტრაქტი დასრულდა, არხზე რეორგანიზაცია მოხდა და ჩვენ ცივილიზებული საუბარი გვქონდა. "ილო ბეროშვილის შოუს" შევეჩვიე და არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ღამის შოუს ფორმატის გადაცემაში დავბრუნდე. ყოველთვის მაინტერესებდა, სამსახიობო ხელოვნებაში საკუთარი თავი გამომეცადა. მე ხომ პროფესიით მსახიობი არ ვარ, მაგრამ გზადაგზა ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება დამიგროვდა.

იმ პერიოდში, როცა საზოგადოების წინაშე აქტიურად ვჩანდი, ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ მოხდა, მქონდა პირადი პრობლემებიც. იყო პერიოდი, როცა ერთდროულად სამ პროექტზე ვმუშაობდი. იმ რეჟიმს თან დიდი სტრესიც ახლდა. არ ვიცი, პრეცედენტი თუ არსებობს, როცა ადამიანი არის დილის გადაცემის წამყვანი და პარალელურად მუშაობს ღამის გადაცემაზე.

"რესტარტი" ადამიანს კი არა, კომპიუტერსაც სჭირდება. ეს დასვენება საჭირო იყო.

- ის 3 თვე როგორ გაატარე?

- დავისვენე, იოგაზე დავიწყე სიარული, დავდივარ კუს ტბაზე, ბავშვებთან ერთად დიდ დროს ვატარებ, თან ისე, რომ მათი თანატოლი ვხდები. როცა იცი, არსად გეჩქარება, საქმე სწრაფად არ უნდა გააკეთო. არ გაქვს იმის განცდა, რომ რაღაცას ვერ ასწრებ, სტრესიც აღარ გაქვს და ამას შინაგანი სიმშვიდე მოაქვს.

- გარდა იმისა, რომ შვილებთან ურთიერთობით დატკბი, ალბათ, ბევრი რამ გადააფასე კიდეც, არა?

- პატრიარქს შევხვდი ჩემი მეგობრის, სასულიერო პირის (მამა გურამი) დახმარებით და იმ დღის შემდეგ ჩემში საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა. შეხვედრა 3 საათამდე გაგრძელდა. 12 წლის რომ ვიყავი, მაშინ შევნიშნე, პატრიარქის ხმის გაგონებაზე მთელი სხეული მიკანკალებდა, ცრემლები მომდიოდა და ეს ამბავი ახლობლებმა იცოდნენ. როდესაც მამა გურამს ეს ვუთხარი, ჩვენი შეხვედრის ორგანიზებაზე იზრუნა. სულ მჯეროდა, პატრიარქს ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევხვდებოდი. დავინახე თუ არა, ისევ კანკალი დამეწყო. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მე ჩუმად ვიყავი, პატრიარქი ლაპარაკობდა. თავადაც შემატყო ღელვა, შფოთი... ისეთი ძალით და ენერგიით ამავსო, რომ იმ მდგომარეობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სხვაგვარად ფიქრი დავიწყე. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, სულ მაქვს განცდა, რომ მან ჩემში ჩადო სიკეთის თესლი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღვივდება და აქამდე ამაზე ასე ვრცლად, საჯაროდ არც მილაპარაკია.

- ამ შეხვედრიდან ყველაზე მეტად, რა დაგამახსოვრდა?

- მკითხა, იცი შენი სახელი - "ილია" რას ნიშნავსო? არ ვიცოდი. ილია ერთადერთი სახელია, რომელშიც ღმერთი ორჯერ არის ნახსენები და ნიშნავს: "ღმერთი არის უფალი ჩემი". დიდი სინანულით ვუთხარი, ფეხბურთელობა მინდოდა და ვნანობ, რომ არ გამომივიდა-მეთქი. ავუხსენი, რომ ყველაზე მშვიდი მაშინ ვიყავი, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, გოლის გატანაც დიდი სიხარული იყო-მეთქი. გაეცინა და მითხრა, - არ იცი, უფალს შენზე სხვა რა გეგმები აქვსო. მნიშვნელოვანი იყო მისი ყოველი სიტყვა და ის ენერგეტიკა, რომელიც გადმომცა. მასთან საოცარი მცენარეები ხარობენ, შემდეგ ტრაპეზზე გადამიპატიჟა. ხომ არის მომენტი, როცა ადამიანისგან სითბოს იგრძნობ და სულ სხვაა, როცა ადამიანისგან სასიცოცხლო წყაროს შეიგრძნობ. დიდი ძალის მქონე სიკეთე და ის სიმშვიდე, რომელიც მისგან ვიგრძენი, ბავშვობის მერე აღარ მქონდა ნაგრძნობი. ყველანაირი შიში სადღაც გაქრა. ადამიანებს ხომ ბევრი შიში გვაქვს...

- როგორც ვიცი, პატრიარქის კურთხევით ციხეებში შესვლის უფლება გაქვს.

- დიახ, მომცა კურთხევა, რომ პატიმრებთან შევიდე და "სთენდაფები" ჩავატარო. უვადო პატიმრები პატრიარქს გამორჩეულად უყვარს. 2 კვირის წინ, ორთაჭალის ციხეში ვიყავი, ახლო მომავალში არასრულწლოვან პატიმრებს უნდა შევხდე, მერე სავარაუდოდ, ქალთა კოლონიაში და "უვადოებთანაც" შევალ. მათგანაც ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვიგებ. იქ მოხვედრას არავის ვუსურვებ, მაგრამ ფიქრისთვის მეტი დრო აქვთ. თითოეული მათგანი საკუთარ თავს ჩაუღრმავდა. ხისგან ისეთ ლამაზ ნაკეთობებს ამზადებენ, რომ ნახო, გაოცდები. უნდა მოისმინო, როგორ ლაპარაკობენ, რამდენად დიდი იუმორის გრძნობა აქვთ. ერთ-ერთმა ახლახან დამირეკა, ვილაპარაკეთ. როგორც ჩანს, მეც არ დავტოვე მათზე ცუდი შთაბეჭდილება. არასდროს მიცდია, ვინმე მომეტყუებინა, პატიმრები კი ფარსს, სიყალბეს განსაკუთრებულად გრძნობენ. გულწრფელი ვიყავი და ეს იგრძნეს. ისეთი პოზიტიური ღიმილი, როგორიც ციხეში ვნახე, გარეთ, ქუჩაში არ მინახავს. მინდა, ეს შეხვედრები გაგრძელდეს. არ ვთვლი, რომ ქველმოქმედებას ვეწევი. ამ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი