რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალ "ისტორიანის" მაისის ნომერში

რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალ "ისტორიანის" მაისის ნომერში

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მაისის ნომერი #5(77), რომელშიც წაიკითხავთ:

ჯავშანმანქანები პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში

საქართველოს პირველი რესპუბლიკის რეგულარული არმიისა და გვარდიის შემადგენლობაში ირიცხებოდა ჯავშანავტომობილები, ჯავშანმატარებლებსა და ტანკებთან ერთად. არმიაშიც და სახალხო გვარდიაშიც არსებობდა ჯავშანავტომობილთა ასეულები. საარქივო დოკუმენტების მიხედვით ჩვენთვის ცნობილია შვიდი ჯავშნოსანი ავტომობილი და მათთვის დარქმეული სიმბოლური სახელები: "სახალხო გვარდიელი", "პროლეტარი", "ინტერნაციონალი", "გლეხი", "სამშობლო, "საქართველო" და "ბრძოლა".

ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ 1918 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჯავშანავტომობილები რუსეთის იმპერიის კავკასიური არმიის შეიარაღებიდან დარჩათ მემკვიდრეობით, თუმცა ასე არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე 1915 წელს გამოგზავნილი ჯავშნოსნები, რუსული არმიის მთავარსარდლობის ბრძანებით, 1917 წლის გაზაფხულზე სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ჯარებს გადაეცა. სამაგიეროდ, ჯავშნოსნები ჰყავდა 1918 წელს საქართველოში შემოსულ გერმანელთა საექსპედიციო კორპუსს. გერმანულმა არმიამ "ოსტინები" და "გარფორდები" პირველ მსოფლიო ომში აღმოსავლეთის ფრონტზე ალაფის სახით დაინარჩუნა. 1918 წლის 9 ივლისს გერმანიის წარმომადგენლობამ თბილისიდან ბერლინში გაგზავნა საიდუმლო მოხსენება, რომ საქართველოს მთავრობა გერმანიას ქვემეხითა და ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი სამი ჯავშნოსნის გადაცემას სთხოვდა. ამიტომ სავარაუდოა, რომ ჯავშნოსანთა ერთი ნაწილი სწორედ გერმანელებმა დატოვეს საქართველოში, ხოლო დანარჩენი ჯავშნოსნები კი ქართულმა არმიამ 1918-1920 წლებში ბოლშევიკების ან კიდევ თეთრგვარდიელებისგან ჩაიგდეს ხელთ...

ყარაიაზის "მატრიარქი". ფარი-ხანუმ სოფიევი - პირველი მუსლიმი ქალი თვითმმართველობის დეპუტატად

ბრიტანული გამოცემა "გარდიანის" მიერ მომზადებულ ინტერაქტიულ მსოფლიო რუკაზე, რომელიც ქალთა პოლიტიკურ აქტივობას ასახავს, საქართველოს შესახებ ცნობებში აღნიშნულია, რომ პირველი ქალი დეპუტატი 1992 წელს აირჩიეს. არადა, რეალური თარიღი 1919 წელია, როცა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ხუთი ქალი დეპუტატი შევიდა. საინტერესოა, რომ ამ რუკის თანახმად, აშშ-ში პირველი დეპუტატი ქალი 1917 წელს აირჩიეს, დიდ ბრიტანეთში - 1918 წელს, გერმანიაში - 1919, თურქეთში - 1935, ხოლო საფრანგეთში - სულაც 1945 წელს...

ქართული პრესა სიამაყით წერდა: "აღსანიშნავია ერთი ფრიად სამხიარულო მოვლენა; ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსულმანელი ქალი, პარი-ხანუმ სოფიევი. პირველი საერობო ყრილობა დაინიშნა 2 დეკემბერს".

ზვიად გამსახურდიას წერილი ჯეიმს ბეიკერს / პრეზიდენტის წერილი 26 წლის განმავლობაში აშშ-ის საარქივო ფონდებში იყო დაცული

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილს "ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს. წერილი 1991 წლის 12 დეკემბრით თარიღდება და ის, 26 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში იყო დაცული. ეს წერილი პასუხია იმ კრიტიკასა და ბრალდებებზე, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გამოთქვამდა პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართ. ასევე სავარაუდოდ, პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართვა არის პასუხი აშშ-ის იმ საპროტესტო ნოტაზე (დემარშზე), რომელიც 1991 წლის 23 ნოემბერს ჩაბარდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს მოსკოვში და სადაც საუბარი იყო საქართველოში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

ეროვნული ბიბლიოთეკის არქიტექტურა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში გამორჩეულია ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთის გვერდით მდებარე სამი კორპუსი. ისინი თავდაპირველად ბანკებისთვის იყო განკუთვნილი. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობა 1916 წელს აიგო, შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეკორითა და ფორმებით: სარკმლების მოტივები აღებულია ოშკიდან (X ს.), სვეტების კაპიტელების ფორმები - ბაგრატის ტაძრიდან (XI ს.), ერთ-ერთი რომბი კი პირდაპირი ასლია ახტალის ეკლესიის (XIII ს.) აღმოსავლეთ ფასადზე გამოკვეთილი რომბისა. თითქმის მთელი შენობა მოხატულია, უმეტესად, ისლამური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი მოტივებით. ქართული მოტივებით არის მორთული მარმარილოს კიბე. მე-2 კორპუსი ააგო რუსული ვოლგა-კამის კომერციული ბანკის თბილისის განყოფილებამ, მე-3 კორპუსიც თავდაპირველად ბანკის კანტორას წარმოადგენდა. მთავარი სივრცე - საგამოფენო დარბაზი, ფსევდოროკოკოს სტილშია შესრულებული, უხვად მოჩუქურთმებული და საზეიმოდ მორთული...

500 წლის წინანდელი ბზის ჩუქურთმების საიდუმლო

ბზისგან XVI საუკუნეში დამზადებული მინიატურების დამზადების წესი ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა. მათ ფლანდრიასა და ნიდერლანდებში მხოლოდ 30 წლის განმავლობაში, 1500-1530 წლებში ქმნიდნენ. ჩუქურთმებს იუველირის სიზუსტით კვეთდნენ. ნამუშევრებს ოსტატთა სახელები არ ახლავს. ბზის ამ გოტიკურ ნაკეთობებს რამდენიმე წელიწადს იკვლევდნენ. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ისინი ექვს სხვადასხვა სახელოსნოში იყო დამზადებული და მინიატურის დამზადებას 4-5 წელიწადი სჭირდებოდა. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ერთი ოსტატის ნახელავია, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე დამხმარე ჰყავდა. სავარაუდოდ, დიდოსტატის გარდაცვალების შემდეგ დამზადების წესიც დაიკარგა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ტერორისტებმა ასურელთა სასახლე "აღმოაჩინეს"

"გარევაჭრობა" მუმიებით

აცტეკები სალმონელამ გაანადგურა?

რატომ შემოვიდნენ გერმანელები კავკასიაში 1918 წელს

მოგზაურთა დღიურები. უცნობი ქართველი პოლონური კრებულიდან

ქართველები საზღვარგარეთ. მარიამ კერესელიძე: "მე სულ საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობ" (ნაწილი I)

გიორგი ჯავახიშვილი იაკობ გოგებაშვილის მედლით დაჯილდოვდა

ქართული ლაშქრის 800-წლიანი მატიანე

ქართული წარჩინებული საგვარეულოები. ვაჩნაძენი / საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლასა და უცხო ქვეყნების სამსახურში (ნაწილი II. დასასრული)

"სამი ქართული ამბავი" / აჰმედ მელაშვილის, დავით არსენიშვილისა და აკაკი ჭანტურიას უცნობი ისტორიები

მითების სამყაროში. "ხვამლის სასწაული"

თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. რუსულ-ბრიტანული ცივი ომი

ჯაშუშური თამაშები. სამმხრივი ომი უკრაინისთვის (გაგრძელება)

გამოსათხოვარი. გივი ბერიკაშვილის ყველაზე დიდი ჰონორარი მაყურებლის სიყვარული იყო...

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი