"ახლახან მოხუცი გარდაიცვალა, რომლისთვისაც ერთადერთი ჭირისუფალი აღმოვჩნდი" - გაიცანით ხევსურეთის 34 სოფლის ერთადერთი ექიმი

"ახლახან მოხუცი გარდაიცვალა, რომლისთვისაც ერთადერთი ჭირისუფალი აღმოვჩნდი" - გაიცანით  ხევსურეთის 34 სოფლის ერთადერთი ექიმი

თბილისიდან ხევსურეთში სამუშაოდ ექიმი-თერაპევტი, ლელა გაბური, 2011 წელს გადავიდა. ექიმი, რომელიც პარალელურად ბარისახოს ამბულატორიას ხელმძღვანელობს, ერთადერთია, ვინც სამედიცინო დახმარებას მთელ პირაქეთა ხევსურეთს და კავკასიონს გადაღმა არხოტის თემს, სულ 34 სოფელს უწევს. ამ სოფლებში მოსახლე 150 კომლისთვის (დაახლოებით 500 ადამიანი), წარმოშობით თავადაც ხევსური, არხოტიონი ლელა მხოლოდ ექიმი როდია. ხელმძღვანელობს და ორგანიზატორობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, ჩართულია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროექტებში. ახლახან არასამთავრობო ორგანიზაცია - `ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის" დააარსა, რომლის საშუალებითაც ადგილობრივების სოციალური თუ იურიდიული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. გარდა ამისა, პოეტსა და საბავშვო მწერალს შორს გამიზნული სამეურნეო გეგმები აქვს - ერთი წლის წინ ქლიავის ბაღი გააშენა, მალე მოსავალს ელის და მისი გადამუშავებისათვის საჭირო გზებიც უკვე მოძიებული აქვს.

- ქალბატონო ლელა, რა იყო ამ არცთუ ისე ადვილი გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი?

- არ დაგიმალავთ, ერთ-ერთი მიზეზი სრულიად `არაპოეტური" იყო და ის შემოსავალს უკავშირდებოდა. თბილისში სამ ადგილას ვმუშაობდი, ჯამში კი ჩემი ანაზღაურება გზის ხარჯსაც ვერ ფარავდა. არადა, ბუნებრივია, როცა განათლებას იღებ, პროფესიას ეუფლები, სურვილი გაქვს, შრომა ასე თუ ისე ადეკვატურად დაფასდეს. გარდა ამისა, ჩემი მეუღლე, გიორგი ლიქოკელი ბარისახოში მუშაობს. წლების მანძილზე საზღვრის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, ახლა კი მრჩეველი გახლავთ. მოსახლეობას არ ჰყავდა ადგილობრივი ექიმი და თხოვნით მე მომმართეს. გადაწყვეტილება რთულად არ მიმიღია, რადგან ეს მხარე ჩემი მშობლიური კუთხეა. მართალია, ბარში დავიბადე, მაგრამ არდადეგებს და-ძმებთან ერთად, ხევსურეთში ვატარებდი. ახლა უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ ბიუჯეტი გაგვიზარდა და საშუალება მოგვეცა, პედიატრიც ავიყვანოთ. სტომატოლოგიის კაბინეტი წელს გაიხსნება. კარგი იქნებოდა, ადგილზე ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადაც ყოფილიყო. დუშეთიდან წამოსულ `სასწრაფოს" ბარისახომდე მოსვლისა და უკან დაბრუნებისთვის თითქმის 140 კმ-ის გავლა უხდება, რასაც 3 საათზე მეტს ანდომებს. გადაუდებელი შემთხვევის დროს კი, ბუნებრივია, მისი გამოძახება აზრს კარგავს.

- რა არის დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი პრობლემა?

- უცნაურია, მაგრამ ნამდვილად - საკვებსა და ყველა სხვა საჭიროებაზე ბევრად მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებლებისთვის გზაა. ყველა სხვა სირთულეს ეს მთავარი ბარიერი იწვევს. გარდა პრაქტიკული საჭიროებებისა, რაც უგზოობის გამო იზღუდება, კომუნიკაცია, ადამიანებთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხევსურებისთვის. როცა ასეთ ადგილას ხანგრძლივად ცხოვრობ, ულამაზეს მთებსაც უცვდება თავისი ხიბლი...

- ზამთარში გზა იკეტება?

- ბარისახო პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია და ზამთარში გზა იწმინდება, პირიქითა ხევსურეთისკენ კი გვიანი შემოდგომიდან სამანქანე გზა აღარ ფუნქციონირებს, დათვიჯვრის უღელტეხილი იკეტება და შატილში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. არხოტში კი გზა არასოდეს ყოფილა და ახლა მიმდინარეობს მშენებლობა, რაც ძალიან გვახარებს. მოსახლეობის მთაში დაბრუნების პირველი საშუალება სწორედ გზების მოწესრიგებაა. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად, ორ სოფელში, ბარისახოსა და კორშაში რჩება. ახალმა ხელისუფლებამ პირველად კორშის გზა გაიყვანა, ახლა კი არხოტისკენაც დაიწყეს მუშაობა.

- მთის კანონი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას არ ამსუბუქებს?

- მთის კანონი მოქმედებს და ჩვენი ხალხი ამის მადლიერია, მაგრამ ეს მეტად მცირეა მათი პრობლემების მოსაგვარებლად. მიდგომა ასეთია: არ არის მოსახლეობა, რატომ უნდა დაიხარჯოს ბევრი ფული?! არადა, თუ არ დახარჯე, არც არასოდეს იქნება მოსახლეობა... ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა და კეთილი ნების გამოვლენაა საჭირო. ადამიანებს, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით, სახლები თავზე ენგრევათ. მუდმივ შიშსა და სტრესში ცხოვრობენ, რომ მათი შვილები ნანგრევების ქვეშ არ აღმოჩნდნენ. თვიდან თვემდე წამლის ფული არა აქვთ, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბუნებრივია, კიდევ უფრო ამძიმებს. მთის კანონი მაშინ იქნება შედეგიანი, როცა ამ ადამიანებს სახლებს აუშენებენ, საქონელს უყიდიან. მერწმუნეთ, ამისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიზერულია. კომუნისტების დროს, როცა დაცლილ ხევსურეთში ადამიანების პირველი ტალღა დაბრუნდა, მათ სახლები აუშენეს, მოაწყვეს ინფრასტრუქტურა... სოფელი გუდანი მაშინ ნაგები ქვითკირის სახლებით, დღემდე ერთ-ერთ ძლიერ სოფლად მიიჩნევა. წარმოიდგინეთ, დღევანდელი სტატისტიკით, ორ წელიწადში ერთი ან წელიწადში ერთი ბავშვი იბადება. რეპროდუქციის უნარის მქონე მოსახლეობა ანუ ახალგაზრდობა ნაკლებია და შობადობის მაჩვენებელიც, შესაბამისად, დაბალია. თუკი ადრე ბარისახოს სკოლაში 400-500 ბავშვი სწავლობდა, ახლა იქ მხოლოდ 65 მოსწავლეა. ხევსურეთში, საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოსახლეს ერთი საქართველოს ფასი აქვს...

- ფაქტია, ამ ადამიანებისთვის ექიმზე ბევრად უფრო მეტი ხართ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი