სიახლე მძღოლებისთვის - 6 კრიტერიუმი, რომელსაც ტექდათვალიერების პირველ ეტაპზე ყველა ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს

სიახლე მძღოლებისთვის - 6 კრიტერიუმი, რომელსაც ტექდათვალიერების პირველ ეტაპზე ყველა ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენის პირველ ეტაპზე, მძღოლებს მხოლოდ რამდენიმე საბაზისო ფაქტორის დაკმაყოფილებას მოსთხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ეს ის ფაქტორები იქნება, რომელთა მოწესრიგება მინიმუმ აუცილებელია იმისთვის, რომ როგორც მძღოლთა, ისე მგზავრთა და ქვეითთა სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

"პარლამენტის საქმეა, რომ მიიღოს კანონები. ჩვენ მხარი ერთხმად დავუჭირეთ გიორგი მღებრიშვილის რეფორმებს. გარდა ამისა საგზაო უსაფრთხოებას განაპირობებს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებზეც დისკუსია გააქტიურდა მაშინვე, როგორც კი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონი დავამტკიცეთ. პირველი ეს არის ავტოსკოლების საკითხი და საჭიროა, რომ ერთიანი სტანდარტი იქნას შემოღებული, რომელიც მინიმუმ უნდა დააკმაყოფილოს ავტოსკოლამ.

მეორე ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რასაც თვითმმართველობებმა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა მიხედოს. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და ავარიების რისკები აქედან არ მომდინარეობდეს.

მესამე ესაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა კუთხითაც ასევე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, გასავითარებელია ეს მიმართულება და მეოთხე მნიშვნელოვანი ნაწილი ესაა ტექნიკური რეგლამენტი, ავტომობილების ტექნიკური გამართულობა.

ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ქვეყანაში შემოვიღოთ ტექნიკური რეგლამენტი. რა თქმა უნდა, ევროპაში 100-ზე მეტ ტექნიკურ ფაქტორზე ხდება მანქანების შემოწმება, ჩვენ კი ჯერ არ ვართ მზად, რომ ყველა ფაქტორის შემოწმება მოვახდინოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მანქანების უმეტესობა უბრალოდ ვეღარ გამოვა ქუჩაში, ამიტომ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ უფრო გონივრული იქნება და არის საუბარი, რომ მოხდეს საბაზისო ფაქტორების კონტროლი. ეს არის მაგალითად, "ბამპერი", რომელიც მანქანებს უყენიათ წინა და უკანა მხარეს, სამუხრუჭე სისტემის მოწესრიგება, საბურავი, რომელიც აუცილებლად კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს, უსაფრთხოების ღვედები, განათების სისტემა და გამონაბოლქვი. ვფიქრობ, მინიმუმ ეს 6 ფაქტორი არის ის ფაქტორები, რომლის მოწესრიგება ნებისმიერ თავმოყვარე მძღოლს მოეთხოვება, რადგან საქმე ეხება როგორც მათ, ისე მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უკვე რამდენიმე წელია აღარ არის. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ავტომობილის სავალდებულო პერიოდული ტესტირების აღდგენას გეგმავს, რაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაძლოა 2018 წლიდან მოხდეს.

წაიკითხეთ ასევე: "ავტოსკოლებთან მიმართებაში ახალი სტანდარტები დაინერგება"

იხილეთ ვიდეო

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების  დაცვით გაიხსნება

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული

"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული