ავტორი:

"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა

"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა

ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის, ირაკლი ამირეჯიბის შესახებ, ახალმა თაობამ ნაკლებად იცის. ირაკლი ცნობილი მწერლის ექვსიდან ერთ-ერთი შვილი და უფროსი ვაჟი იყო. გამორჩეული სილამაზის ბიჭი, მთელ თბილისს უყვარდა... აფხაზეთის ომმა იმსხვერპლა, სრულიად ახალგაზრდა 29 წლის ასაკში. როგორც ამბობენ, ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. "ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა: ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია" - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში აფხაზი სნაიპერი ქალი ეკა ახალაია ირაკლი ამირეჯიბის სიკვდილის ამბავს.

იხილეთ ვიდეო

აფხაზეთის ომის გმირის შესახებ, AMBEBI.GE-ს მისი და ანი მენაბდე ესაუბრება:

- ირაკლი ოჯახს 29 წლის ასაკში გამოაკლდა. მაშინ 17 წლის ვხდებოდი და ეს უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის. ირაკლი თავიდანვე მებრძოლი ადამიანი იყო, რაშიც ჩვენი დედის მხარეს, ჩვენს ბაბუას გენერალ ადიუტანტ ნიკოლოზ მხეიძეს ჰგავდა. ლიტვაში მიიღო სამხედრო განათლება, საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. ტელევიზიით ნახა რა ხდებოდა აფხაზეთში, მაშინ გამოაცხადეს რომ ომში დაიღუპა მისი მეგობარი ლევან აბაშიძეც, ეს რომ გაიგო, იმ დღესვე წავიდა ომში საბრძოლველად. გასვლის წინ დედას უკითხავს, არ გეშინიაო, რაზეც თურმე უპასუხა: "ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო". ირაკლი ომში აფხაზებთან საბრძოლველად არ წასულა, ყველამ ვიცით, ეს რა ომიც იყო...

- როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, ამიტომ ეს იგრძნობოდა ჩვენს ურთიერთობაშიც. ერთხელ დაბრუნდა აფხაზეთიდან და მეტეხში წამიყვანა თავის მეგობრებთან, სადაც ვიცეკვეთ, სხვანაირი ირაკლი იყო, ვერავინ წარმოიდგენდა თუ მისი და ვიყავი, ამიტომ მეორე დღეს მთელი ქალაქი ლაპარაკობდა ირაკლის შეყვარებული ჰყავსო. იმ პერიოდში გათხოვებას ვაპირებდი და როცა მეორედ ბრუნდებოდა აფხაზეთში, მითხრა, იცოდე რამე თუ მომივა ქორწილი არ გადადოო.

- რა იცით მისი სიკვდილის შესახებ?

- აფხაზეთში სადაზვერვო ჯგუფში იყო, მტრის ზურგში იდგა. სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის მეთაურის მიხო მორჩილაძის მოადგილე გახლდათ, ინფორმაცია მოჰქონდა იქედან. ტამიშთან უცხოელების მანქანა ააფეთქეს, ირაკლიმ მანქანიდან დაშავებული ქალი გადმოიყვანა და სწორედ მაშინ ესროლა სნაიპერმა ქალმა. ყველა ამბობს, ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლესო. ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს. ირაკლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ოპერაციას უამრავი ბიჭი შეეწირა. როცა გადმოასვენეს, აფხაზებმა თეთრი დროშით მიაგეს პატივი, ისე უყვარდათ ის... სხვათა შორის იმ ადგილზე, სადაც ირაკლი დაეცა, შროშანები ამოვიდა, ეს ტელევიზიითაც აჩვენეს. დედა ამბობდა, რომ შროშანების ადგილზე ირაკლის სილუეტი დაინახა. სიმბოლური დამთხვევაა - შროშანები სამეფო ყვავილებია და ირაკლის დაბადების დღემდე, ერთი კვირით ადრე შემოდის...

- მამასთან, ჭაბუა ამირეჯიბთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- დედასთანაც, მამასთანაც და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამის, ჭაბუა ამირეჯიბის მხრიდან აფხაზური სისხლი ჰქონდა, ჭაბუა შერვაშიძეები-დადიანების შტოს შთამომავალი იყო. ჩვენი დედა, მარინა მხეიძე ნიკოლოზ მხეიძის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც რუსეთის კარზე მეფე ნიკოლოზის ადიუტანტი იყო. ირაკლის ქართულ-აფხაზური მებრძოლი სისხლი ჰქონდა, ღირსეული ბიჭი იყო, ვაჟკაცი. ჭაბუას დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მოკლეს ომში. მამამისს მეორე დღეს ტელეფონზე დაურეკეს, შვილის სიკვდილით "მიულოცეს" დაბადების დღე... ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ვიღაცა ვიღაცის მხარდამჭერია, მაგრამ ასეთი სიბოროტე წარმოუდგენელია ჩემთვის. ჭაბუა ამირეჯიბი ირაკლის სიკვდილმა გაანადგურა...

- ცნობილია, რომ ბევრი ქალი ცდილობდა მისი გულის მოგებას... შეყვარებული იყო ვინმეზე?

- ირაკლის ჰყავდა ოჯახი, რომელიც მალე დაენგრა, ერთ წელიწადში კი ომში წავიდა და მოკლეს. სამწუხაროდ, შთამომავლობა არ დარჩა. ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო, შვილზე ოცნებობდა... პიროვნულად შემდგარი ადამიანი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და ამის გამო, თითქოს თავს აღარ ზოგავდა, თითქოს არაფერი ჰქონდა დასაკარგი. როდესაც ბიჭები მისი ბრძოლის ეპიზოდს იხსენებენ, ამბობენ რომ სიფრთხილეს არ იჩენდა. აფხაზეთიდან არასამთავრობო ჯგუფი იყო ჩამოსული და მისმა წარმომადგენელმა ქალბატონმა დედას შემოუთვალა, თქვენს შვილზე აფხაზები იმდენ კარგს ამბობენ, სიკვდილის შემდეგ ჩემზე ამის მეათედს თუ იტყვიან, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებაო.

სამწუხაროდ, ომმა ირაკლისნაირი ვაჟკაცი ბიჭები ახალგაზრდობაშივე შეიწირა და ამის დამსახურებით მოვედით ჩვენ აქამდე. ირაკლის შთამომავლობა არ დარჩა, მაგრამ მისი სახელი დიდხანს დარჩება...

***

სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური მიხო მორჩილაძე იხსენებდა: "ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად იბრძოდა… თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი. ირაკლი ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული ის მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე გასაკვირველი სახელი დაიდო სულ მოკლე ხანში. ირაკლი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, - ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი... ის, რაც ირაკლიმ გააკეთა - გმირობაა… მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით…"