დღეს თამარობაა - ლეგენდა ქალი მეფის საფლავის შესახებ

დღეს თამარობაა - ლეგენდა ქალი მეფის საფლავის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 მაისს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.

თამარ მეფე ქართულ სახელმწიფოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მართავდა. მისი მეფობის წლებში საქართველო იმჟამინდელ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

თამარ მეფის ბრწყინვალე ეპოქას უეჭველია საქართველოში ბევრი აღმწერელი ეყოლებოდა, მაგრამ ბედის უკუღმართობისა და თაობათა უყურადღებობის გამო ჩვენამდე მხოლოდ ერთმა თხზულებამ მოაღწია. ამიტომ თამარის გარდაცვალების ზუსტი თარიღი დღესდღეობით ცნობილი არ არის; მრავალჯერ გადაწერილი და დაზიანებული თხზულება ერთ რედაქციაში 1207 წელს ასახელებს, მეორეში - 1210-ს, სხვაგან კი - 1213-ს.

მაგრამ მატიანე მიუკერძოებელია იმ მწუხარების აღწერაში, რამაც მოიცვა ქვეყანა ღვთივგაბრწყინებული მეფის დასნეულების გამო. ლოცვითა და ღამისთევით შესთხოვდნენ თურმე "მთავარნი" თუ "გლახაკნი" უფალს ხელმწიფის გამოჯანმრთელებას. "ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს თავთა თვისთა და შვილთა თვისთა ღმერთსა და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა სიკვდილსა: რათა მარტო ესე დარჩეს და ჩვენ ყოველნი მოგვსრენ".

მაგრამ "მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო". თოვლიან იანვარში უკანასკნელად იხმო მეფემ სამღვდელონი და დარბაზის ერი, მძიმედ სნეულმა "განიმტკიცა თავი თვისი და მხნედ მჯდომარე" დახვდა დიდებულებს: სიყვარულით გამოეთხოვა თურმე დამწუხრებულ ქვეშევრდომებს, შესთხოვა, კეთილად მოეხსენებინათ ლოცვებში მისი სული და მათ წინაშე დაავალა შვილებს, მისგან დაკლებული სიყვარული "აღმოევსოთ" ქვეყნისათვის.

უკანასკნელად ილოცა ღვთისმოსავმა გვირგვინოსანმა ქრისტეს ხატისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე: "ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, საქართველოს, პატიოსანითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომეც, და მერმე სულსა ჩემსა".

ქვითინით დატოვეს თურმე დარბაზი ქართველმა დიდებულებმა. "და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თვესა იანვარსა. და აღივსო მზე ქართლისა და საფლავმან სადიდებლად თვისად დაგვაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა".

"იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა". უსაზღვრო გლოვამ მოიცვა სრულიად საქართველო. უამრავი მოაწყდა თბილისს სათაყვანო გვირგვინოსანთან გამოსათხოვებლად. სამეფო კარის დადგინებით მცირე ხნით მცხეთაში, სვეტიცხოველში, დაასვენეს თამარის ცხედარი. იანვრის მიწურულს კი, როცა თოვამ იკლო, დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს და "გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა".

ამას მოგვითხრობს ბასილი ეზოსმოძღვარი, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც მეცნიერები თამარ მეფის ერთ-ერთ ისტორიკოსად მიიჩნევენ. არც იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და არც სხვა ისტორიული დოკუმენტები არ იძლევა ამ ცნობის ჭეშმარიტებაში დაეჭვების საფუძველს, დავით აღმაშენებლის დაკრძალვის შემდეგ გელათი ხომ გაერთიანებული საქართველოს მეფეთა საძვალე გახდა. მაგრამ იმდენად დიდი იყო ხალხის სიყვარული ღვთივგაბრწყინებული ხელმწიფისადმი, ბევრმა ვერ დაიჯერა, რომ მისი ჩვეულებრივი ადამიანივით მიწისათვის მიბარება შეიძლებოდა. მაშინ დაიბადა პირველი ლეგენდა თამარის დაკრძალვის შესახებ, რომლის მიხედვით სასახლიდან ოქრო-ვერცხლით და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი ცხრა კუბო გამოიტანეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წაასვენეს. არავინ იცოდა, რომელ მათგანში ესვენა თამარის ნეშტი.

თამარ მეფის ბრწყინვალე ეპოქას საქართველოში მძიმე და სისხლიანი საუკუნეები მოჰყვა. იყო ჯალალედინი, მონღოლთა ასწლიანი ბატონობა, თემურ ლენგის დამანგრეველი შემოსევები, შაჰ-აბასები და მრავალი სხვა განსაცდელი. თამარის დროინდელი საქართველო ქვეყნის ძლიერებისა და ბედნიერების სიმბოლოდ იქცა. ამან კიდევ უფრო გააღრმავა თამარ მეფის ღვთაებრიობის რწმენა მშვიდობას მონატრებული ხალხის გულში და მრავალი ლეგენდა დაბადა "თამარ შვიდმნათობიერის" ცხოვრებასა თუ გარდაცვალებაზე. ზოგი მათგანის მიხედვით დედოფალი ლაშა-გიორგის ბრძანებით იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაუკრძალავთ, ზოგისა კი - მირონცხებული მეფის ცხედარი მომავალ საუკუნეთა ქარტეხილებს განარიდეს და სვანეთში საიდუმლოდ მიაბარეს მიწას.

მოგვიანებით ლეგენდებს საფუძველი იმან გაუმყარა, რომ XVI საუკუნის დასაწყისში "გარნა მოსრულთა ოსმალთა დაწუეს ქუთათისი და გელათი". სწორედ მაშინ მოხდა ქართველ მეფეთა უძველესი აკლდამების დარბევა და განადგურება. ამის შემდეგ დაიკარგა წმინდანად შერაცხული თამარ მეფის ძვალთშესალაგიც.

დიდი ხანია ქართველები ამაოდ ეძებდნენ თამარ მეფის დაკარგულ საფლავს. მრავალი ექსპედიცია ამოწმებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამა თუ იმ ლეგენდას. XX საუკუნის მიწურულს გათხრები იერუსალიმის ჯვრის მონასტერშიც მოეწყო, მაგრამ ვერაფრით დასტურდება რომელიმე ვერსიის სისწორე და აღმოჩენილი საფლავების თამარის ძვალთშესალაგად მიჩნევის მართებულობა.

წყარო: karibche.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი