ქართველების მიერ შექმნილი ციფრული საწარმოები

ქართველების მიერ შექმნილი ციფრული საწარმოები

ციფრული მეწარმეობის განვითარების მიზნით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ციფრული მეწარმეობის 3 თვიან პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უფასოდ გადამზადდა 85 ბენეფიციარი მობილური აპლიკაციების, ვირტუალური რეალობის, კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის მოდულებში. მონაწილეებმა ჯგუფურად შექმნეს სხვადასხვა ციფრული საწარმოები და პროდუქტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას იძლევა.

პროექტი თვენახევარია მიმდინარეობს და ამ დროისთვის არსებული შედეგების პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ესწრებოდნენ.

"საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა პროექტი ციფრული მეწარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების გამოყენებას ეკონომიკაში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები ქმნიან ციფრული მეწარმეობის კონცეფციას, ციფრულ საწარმოებს, ციფრულ აპლიკაციებს და ყიდიან მათ. აღნიშნულით ახალგაზრდების დასაქმებას შევუწყვეთ ხელი. ბიზნესის და ტექნოლოგიების თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკამ მეტი შემოსავალი მიიღოს" - თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი საგანმანათლებლო წლად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ბევრ პროგრამას ახორციელებს, რომელიც განათლების დონის ამაღლებისკენაა მიმართული. კომერციული ბაზრიდან დიდი დაკვეთაა იმაზე, რომ ეკონომიკა და ციფრული ტექნოლოგიები ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. ჩვენ დავინახეთ ეს ნიშა და ამიტომაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობს აქტიური პროგრამა, რომელიც მომავალ თაობას აძლევს გარანტიას, რომ ციფრული მეწარმეობა იყოს განვითარებული და მომგებიანი," - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

პრეზენტაციაზე ბენეფიციარებმა წარმოადგინეს ციფრული საწარმოები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ციფრული მედიისთვის განკუთვნილი 3D გრაფიკაში შექმნილი ვიდეოპროდუქტები, მცირე საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო მობილური აპლიკაციები და მობილური თამაშები, რომლებიც ვირტუალურ რეალობას იყენებენ.

"ტექნოლოგიების ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ციფრულ მეწარმეობას. ამიტომაც საქართველოში ციფრული მეწარმეობის წახალისების მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მიმდინარეობს კურსი ციფრულ მეწარმეობაში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ, როგორ დააკავშირონ ბიზნესპროცესები ციფრულ ტექნოლოგიებთან, რადგან ეს ბიზნესის კეთების უახლესი ტრენდია მსოფლიოში," - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტში მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ თავად განკარგავენ შექმნილ ციფრულ საწარმოებს. ერთ-ერთმა მონაწილემ ემზარ ადეიშვილმა შექმნა ავტოკომპანიის აპლიკაცია, რომელიც როგორც ანდროიდ, ისე iOS პლათფორმაზეა თავსებადი.

"აპლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია თავად კომპანიაზე, მისი ისტორია, საკონტაქტო ინფორმაცია, სერვისები, პროდუქცია და მისი ფასები, სიახლეები. შესაძლებელია ევაკუატორის გამოძახება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს SOS ღილაკი. ბაზარზე მისი ანალოგი არ არსებობს. ამ ღილაკის საშუალებით მანქანის გაფუჭებისას დამხმარე ჯგუფის გამოძახებაა შესაძლებელი. მომხმარებელს ონლაინ კონსულტაციის მიღებაც შეუძლია. პროგრამა ტექნიკურად გამართულია უკვე და მაქსიმუმ 1 თვეში გაეშვება,’’ - განმარტა ადეიშვილმა.

პროექტის მასშტაბები თბილისს გასცდა და რამდენიმე მონაწილე კასპის რაიონიდანაც იყო. კასპიდან წარმოდგენილ 5 ბენეფიციარს ლექციების ნაწილი თბილისში უტარდებოდათ, ნაწილი კი - კასპში. აღსანიშნავია, რომ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და კონკრეტული ციფრული პროდუქტების შექმნა უკვე ადგილობრივადაც მოხდა.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი