რუსი პოეტის დანგრეული აგარაკი გულრიფშში, რომელმაც საქართველოსთან მეგობრობას უღალატა

რუსი პოეტის დანგრეული აგარაკი გულრიფშში, რომელმაც საქართველოსთან მეგობრობას უღალატა

"ევტუშენკოს დაცარიელებულ-დანგრეული სახლი აფხაზეთში", - რუსი ჟურნალისტის დიმიტრი სტატეინოვის ამ სათაურით გამოქვეყნებულ მასალას, რუსი მკითხველის უარყოფითი კომენტარები მოჰყვა... სტატიის მიხედვით, რუსმა ჟურნალისტმა აფხაზეთში, ევგენი ევტუშენკოს აგარაკი დაათვალიერა და იმედგაცრუებული დარჩა...

რუს პოეტ ევტუშენკოს, რომელიც 2017 წლის აპრილში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, აფხაზეთში ძველი და დანგრეული სახლი დარჩა, რომელისგანაც ახლა მხოლოდ ჩონჩხია დარჩენილი... ოდესღაც ის გულრიფშის რაიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, საბჭოთა კავშირის ხელოვანი ინტელიგენციის საყვარელი ადგილი იყო...

ავტორის თქმით, ევტუშენკოს ერთ-ერთი მეზობელი იხსენებს, რომ გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე პოეტს ტელეფონით ესაუბრა და სახლის საკითხი განიხილეს:

"მან აღნიშნა, რომ სახლის გაყიდვა უნდოდა, თუ ვინმე დაინტერესდებოდა, თუმცა, იმ ეტაპზე და არც შემდეგ, ამის სურვილი არავის გამოუხატავს..." - აცხადებს პაველ მერჟანოვი. მისივე თქმით, თავდაპირველად, ის სახლი ვინმე გულიდს ეკუთვნოდა, შემდეგ, 70-იან წლებში ის სოხუმელმა იყიდა და მალე ევგენი ევტუშენკოს მიჰყიდა.

"60-იან წლებში პოეტი აქ პერიოდულად რჩებოდა. მისი გარემონტების შემდეგ, აქ ინგლისელ მეუღლე ჟანთან და ორ შვილთან ერთად ჩამოდიოდა... სულ სტუმრიანობა ჰქონდათ", - იგონებს მერჟანოვი.

რაც შეეხება გაყიდვას, - ჟურნალისტის თქმით, პოეტს რამდენიმე სარეკლამო საიტზეც განუთავსებია განცხადება, თუმცა, სახლს ძალიან ძვირად აფასებდა, - 100 ათას დოლარად. შესაბამისად, მყიდველიც არ ჰყოლია... ახლა კი სახლისგან მხოლოდ ხავსმოდებული ჩონჩხი დარჩა, ეზო კი სავსეა ნაგვით...

"გულრიფში, ზღვის სანაპიროზე, ევტუშენკოს ახლო მეგობრები, ივანე თარბა, კონსტანტინე სიმონოვი, გიორგი გულია, ნოდარ დუმბაძე, ბორის ლავრენევი, ზურაბ წერეთელი და სხვა ხელოვანები ცხოვრობდნენ... მათი სახლები, პირდაპირ ზღვის პირას იყო, სადაც ისინი არამხოლოდ ისვენებდნენ, არამედ სიმშვიდესაც პოულობდნენ... ახლა აქ ყველაფერი პირიქით არის... ადრე დამსვენებლები თავიანთ აგარაკებამდე ასფალტიანი გზით მიდიოდნენ, ახლა კი ბილიკებზე მხოლოდ აქა-იქ ეტყობა ასფალტის ნაფლეთები...

ადგილობრივები ამ ქუჩას, "აფხაზეთის გულს" ეძახიან. ალბათ იმიტომ, რომ აქედან საქართველოსა (!) და რუსეთის საზღვრამდე მანძილი თანაბარია..." - წერს რუსი ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, 90-იანების ომის შემდეგ, გულრიფშის სახლში პოეტის წარმომადგენელი ჩამოდიოდა. თავად ევტუშენკო კი აფხაზეთში 2010 წელს ჩავიდა.

"ადგილობრივების თქმით, ყოველ წელს, შემოდგომაზე აქ სოჭიდან შემოქმედებითი ჯგუფები ჩამოდიოდნენ, "შაბათობებს" აწყობდნენ, მღეროდნენ და ლექსებს კითხულობდნენ... ერთხელ, ერთ-ერთმა მათგანმა, ეზოში ვაზის დარგვა გადაწყვიტა, - თუმცა, ადგილობრივებმა უთხრეს, რომ არ ღირდა, რადგან მას შინაური საქონელი გაანადგურებდა... ადგილობრივები იხსენებენ, რომ რამდენიმე ხნის წინ, ახლახან ასაკოვანი წყვილი ესტუმრათ, - იქაურობა თვალდახუჭულად ვიცოდით, მაგრამ ახლა ისე შეცვლილა, ვერც კი მივხვდით, სად ვართო... ვერც ევტუშენკოს სახლი და ეზო იცნეს... თუმცა, რა გასაკვირია, სახლს არც კი ეტყობა, რომ უახლესი ათწლეულების განმავლობაში იქ ვინმე ცხოვრობდა..." - წერს დიმიტრი სტატეინოვი, მაგრამ არცერთი სიტყვით არ აქვს აღნიშნული, რომ რუსი პოეტის სახლი სწორედ 90-იან წლებში, ქართველების გამოდევნის შემდეგ დაწვეს...

რუსი ჟურნალისტი, არცერთი სხვა, მის მიერ ზემოთჩამოთვლილი "საბჭოთა ხელოვანების" სახლების, მათ შორის, არც ნოდარ დუმბაძის აგარაკის მდგომარეობაზე საუბრობს. არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობა მას 90-იანი წლების შემდეგაც უვლიდა, რადგან ისტორიის ნაწილად მიიჩნევდა და ადგილობრივებს იქაურობის განადგურების უფლებას არ აძლევდა... ახლა რა მდგომარეობაშია ქართველი მწერლის სახლი, ამაზე აფხაზური საინფორმაციო წყაროები არ საუბრობენ...

რაც შეეხება რუს პოეტს, ევგენი ევტუშენკო ოდესღაც საქართველოს მეგობრად ითვლებოდა და მისი თაობის ქართველ ხელოვანებშიც არაერთი მეგობარი ჰყავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, საქართველოს მეგობართა სიიდან ამოეწერა და სამახსოვროდ ერთი ნიშანდობლივი ფრაზა დაგვიტოვა, - О Грузии забыв неосторожно, в России быть поэтом невозможно... (შეუძლებელია დარჩე რუსეთში პოეტად, თუ უნებლიეთ დაივიწყებ საქართველოს).

თავისი 70 წლის იუბილე ევტუშენკომ საქართველოში აღნიშნა. მაშინ წერდა, რომ საქართველო სტუმართმოყვარეობაში მსოფლიო ჩემპიონი იყო. "ევტუშენკო - ერთადერთი პოეტია, რომელმაც თავისი იუბილის გადახდა მისთვის ასე საყვარელ საქართველოში მოისურვა", - წერდა მაშინ რუსული პრესა და მისივე სიტყვებს იშველიებდა, - "რუსად რომ არ დავბადებულიყავი, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავიო".

ომის შემდეგ, ევგენი ევტუშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, - "ჩემი საუკეთესო მეგობარი ჯუმბერ ბეთაშვილი ვერაგულად მოკლეს უაზრო და სისხლისმღვრელი კონფლიქტის დროს. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ძეგლის დადგმა ეკუთვნის თბილისშიც და სოხუმშიც, მან იმ ორმხრივი გონებისა და სინდისის დაბნელებისას არაერთი აფხაზი და ქართველი გადაარჩინა სიკვდილს", - წერდა ევტუშენკო 1992-1993 წწ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად ქალაქ სოხუმში, ჟიული შარტავასთან და მის დანარჩენ თანამებრძოლებთან ერთად დახვრეტილ ჯუმბერ ბეთაშვილზე...

თუმცა, 2010 წლის აგვისტოში ის აფხაზეთში ჩავიდა და აღნიშნა, "აფხაზეთისადმი განსაკუთრებული სიმპათია გამაჩნია და აქ კიდევ ჩამოვალ აუცილებლად..." - აღნიშნა სოხუმში ყოფნის დროს და ახალი თაობაც დაარიგა - "იმისათვის, რომ აფხაზი პოეტების ახალი თაობა აღიზარდოს, აუცილებელია, აფხაზური ინტელიგენციის საუკეთესო ტრადიციების ხსოვნა შეინახოთ". მისმა ამ ჟესტმა მწერლის დიდი ხნის შემოქმედებითი მეგობრის, მთარგმნელ ანაიდა ბესტავაშვილის გულისწყრომა გამოიწვია, -"როგორ მოხდა, რომ პოეტი, რომელსაც საქართველოში ძმას უწოდებდნენ, ყველაზე მძიმე მომენტში, თბილისში კი არა, რუსული ჯარის საოკუპაციო ზონაში აღმოჩნდა?!" - წერდა ბესტავაშვილი.

რაც შეეხება რუსი ჟურნალისტის ვერსიას, თუ როგორ შეიძინა ევტუშენკომ გულრიფშის აგარაკი, რეალური ვერსია მოგონილისგან სრულებით განსხვავდება - ევტუშენკოს ის აგარაკი კი არ შეუძენია, საქართველოს ხელისუფლებამ შევარდნაძის პერიოდში აჩუქა, იმ წლებში ედუარდ შევარდნაძე საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი იყო...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ფოტო: apsnylife.ru

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი