"ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი

"ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი

სოციალურ ქსელში გავრცელდა მარნეულის ერთ-ერთი სკოლის ქართულის მასწავლებლის, გიორგი ჭაუჭიძის ამაღელვებელი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მე ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებელი ვარ. გუშინ გმირად გამომაცხადეს. ტელევიზორში. ერთი კვირისწინ ოპერატორიანი ჟურნალისტი ამოვიდა და რაღაცები გადაიღო. ბავშვები ეზოში, ბავშვები გაკვეთილზე, მე ეზოში, გაკვეთილზე, სახლში (როგორ ვგეგმავ მეორე დღის გაკვეთილებს ჩემს ლეპტოპში. ეტყობოდა, წინასწარ იყო დარიგებული, გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში დაგაფიქსირებთო. ხომ არ ვეტყოდი, არ ვგეგმავ გაკვეთილებს-მეთქი...), სახლის ეზოში შეშის ჩეხვის დროს...

გმირიაო. მაწუხებს გმირობა, მითუმეტეს ცრუ. გმირი არის ანწუხელიძე, მაგრამ ღორების საზოგადოებაში (გაგიკვირდებათდა, ღორებსაც ნაძალუძათ საზოგადოების შექმნა.) ჩემი საქმიანობაც შეიძლება გმირობად ჩაითვალოს... ამას წინათ ქვეყნის პრეზიდენტმა ერთი პარლამენტარი გამოაცხადა გმირად. რატომ და, კანონმდებელმა პარლამენტის დამლაგებელს ბოდიში მოუხადა და დედა უწოდა. რატომ და, წინა დღით მან მას პანჩური ამოარტყა...

გმირობა შემაწუხებელია, თავისუფლებას ზღუდავს. არ შეიძლება გმირი ისე ფიქრობდეს და იქცეოდეს, როგორც მე... მირჩევნია, დროებითი გმირი ვიყო. ანუ ხან ვიყო და ხან - არა... ხანდახან მქონდეს ჩემს თავისუფლებასთან განმარტოების უფლება. და ეს უფლება ყველას მიერ იყოს აღიარებული და არ უჩნდებოდეთ შეკითხვ-პროტესტი: ეს ის არ არის?!

ალბათ, შოუშიც მიმიწვევენ. ნანუკა ან მაია. მე მაია უფრო მინდა, უფრო "ჩემია". ერთადერთი ნათელი წერტილი ტელევიზორია. მაიას შოუ განსაკუთრებით... ინტერნეტი ისე დაღოღავს, გართობის ნაცვლად ნერვებს მაწიწკნის...

თუ გზა იქნება წავალ მაიასთან. მალე სულ წავალ! გაისად. როდემდე უნდა ვიყო ამ მიყრუებულეთში?! როდემდე უნდა ვმალო ჩუკენური ზრახვები?! ხანდახან მიფიქრია, გავჩერდებოდი თუ არა აქ, სახელმწიფო ხუთმაგ ხელფასს რომ არ მიხდიდეს? ერთი დღითაც არა...

მარტო ჩემი საზრუნავია კინკილოჯახიანი სოფელი?! მეხუთეკლასელი ბერდო?!

...ოქტომბერში თბილისელი მასწავლებლები გვესტუმრნენ. მოვისმინეთ, რომ: ჩვენ ვართ ფორპოსტი, სუნთქვა, საძირკველი, ბურჯი...

ძალიან საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს, ძალიან მოეწონათ ბავშვებს. მეხუთეკლასელი ბერდო მეოთხე და მეექვსეკლასელებთან ერთად შეიყვანეს - ერთი მოსწავლისთვის არ გვაქვსო დაგეგმილი გაკვეთილი. ამ გაერთიანებულ სამ კლასშიც შვიდმა მოსწავლემ მოიყარა თავი... მეც ვესწრებოდი და ჩემთვისაც ბევრის მომცემი აღმოჩნდა ეს გაკვეთილი... ძალიან სიმპატიურმა მამაკაცმა ჩაატარა... გაკვეთილის მერე გამესაუბრა კიდეც ახალ მეთოდებსა და რაღაცებზე. თქვენობით მელაპარაკებოდა... თქვენობით არა, ის!.. ეეეეჰ!.. ნებისმიერ დროს დამირეკეთო, ქალბატონო ლამზირაო!.. უზრდელიც...

...შარშან მწერლებიც იყვნენ. ცოცხალი მწერლები... გაზაფხული იყო თუ ზაფხულის არდადეგები იწყებოდა, აღარ მახსოვს... ვერც წარმომედგინა თუ ცოცხლად ვნახავდი ჩემს საყვარელ მწერლებს... არა, მთლად აკაკები და ანები არა, მაგრამ... ლამაზ-ლამაზი და ძალიან საინტერესო წიგნები წაგვიკითხეს. თავიანთივე წიგნები... ნეტავ გენახათ, როგორ უსმენდნენ ბავშვები! თვალები, გაბრწყინებულები...

უამრავი წიგნი დაგვიტოვეს, ბიბლიოთეკამ გამოუგზავნა თქვენს სკოლასო... იქაც იყო ფორპოსტები და ძარღვები, საქართველოს მებაირახტრეები და ღვიძლები და რა ვიცი კიდევ...

მერე ბავშვებმა თქვეს ლექსები, იმღერეს... ჩვენმა გუნდმა (რა გუნდი ესაა, სულ 12 მოსწავლეა მასში... მეტი არცაა სკოლაში და...) დიდი მოწონება დაიმსახურა...

ფორპოსტებიო, მეხამრიდებიო კვლავ, რამეთუ და ვინძლოო, დარდი არ შევუჭამოთო და სისხლძარღვებიო... ბავშვები მთელი კვირა ყვებოდნენ იმდღევანდელ შთაბეჭდილებებს... კიდევ როდის მოვლენო...

მე მეხუთეკლასელი ბერდოს მასწავლებელი ვარ! მე და ბერდო ერთად ვატარებთ ჩვენს გაკვეთილებს - სრული ბატონ-პატრონები ვართ ჩვენი გაკვეთილების... ისინი არცაა გაკვეთილები. ეს სიყვარულია.

მე არ ვიცი რა ქვია ჩვენს სიყვარულს...

მე ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებელი ვარ, რომელიც კლასიც არაა.

მე გამოცხადებული გმირი ვარ!

მალე (გაისად აუცილებლად!) თავს დავანებებ გმირობას და თავისუფლებას მოვიპოვებ!

უბრალოდ, მოვიდეს ერი და გაზომოს ბერდოს გულის ძგერა და აწონოს მისი ერთი ცრემლი, როდესაც კლასში შესულს აღარ დახვდება მისი ლამზირა მასწავლებელი!"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი