"მამაკაცი დაჭრილებს ფეხითაც უსწორდებოდა" - 45 წლის წინ, ბათუმი-სოხუმის ავიარეისზე მომხდარი ტერაქტის დეტალები

"მამაკაცი დაჭრილებს ფეხითაც უსწორდებოდა" - 45 წლის წინ, ბათუმი-სოხუმის ავიარეისზე მომხდარი ტერაქტის დეტალები

დილით ადრე ადგა. თავი მოიწესრიგა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. ბათუმს უნდა დამშვიდობებოდა და მშობლიურ სოხუმში გამგზავრებულიყო.

შვილს წითელი კაბა, პალტო, კოლჰოტი და ფეხსაცმელი ჩააცვა. ბაბთაც წითელი დააბნია თმაზე და იქვე, ეზოში მდგარ ბიძას გასძახა, - წავედით, დროა უკვე! რა იცოდა ლია მამარდაშვილმა, რომ რამდენიმე საათში ის და მისი მცირეწლოვანი შვილი, ლოლიტა მილორავა საშინელი ამბის თვითმხილველები თუ გახდებოდნენ... დაახლოებით 43 წლის შემდეგ ქალბატონი ლია ცდილობს, გაიხსენოს, თუ რა მოხდა ბათუმიდან, სოხუმში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე, შემოდგომის ერთ თითქოსდა ჩვეულებრივ დღეს:

1970 წლის 10 ოქტომბერი იდგა. მე, ჩემი მეუღლე და მისი მეგობრები, ჩვენს შვილთან - ლოლიტასთან ერთად, ბათუმში ჩავედით. ბიჭებს სავაჭრო სასწავლებელში ჩაბარება განეზრახათ. ბიძაჩემთან დავბინავდით. ჩაბარებიდან მეორე დღესვე, სოხუმში დასაბრუნებლად მოვემზადეთ, მაგრამ სასტიკ უარზე დავდექი. მეუღლესა და მის მეგობრებთან, ერთი მანქანით მგზავრობას მერჩივნა, ცალკე, თვითმფრინავით გამვფრენილიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გზად რამდენი რესტორანიც შეხვდებოდათ, ყველგან გააჩერებდნენ. ეს კი, მე და ბავშვს, დისკომფორტს შეგვიქმნიდა. მეორე დღეს, დილით, 12 საათზე, მე და ჩემი შვილი, ბიძაჩემმა, ბათუმის აეროპორტში წაგვიყვანა. იმ დროს ჩემი ბიძაშვილი იქ ადმინისტრატორად მუშაობდა და ბილეთების საკითხიც უმალ მოგვიგვარა. დღე ღრუბლიანი აღმოჩნდა და ფრენა დროებით გადაიდო. 15 წუთში კი გამოაცხადეს, სოხუმისკენ მიმავალი მგზავრები, თვითმფრინავში ჩასასხდომად მოემზადეთო. ყველანი ტრაპისკენ დავიძარით, მაგრამ ისევ შეგვაყოვნეს. იმ დროს ჩემი ყურადღება, შუახნის მამაკაცმა და მისმა თანმხლებმა, ასე 13-14 წლის ბიჭმა მიიქცია, რომლებიც ტრაპზე პირველები ავიდნენ და პილოტის კაბინის უკან წინა ადგილები დაიკავეს.

- ესე იგი, ეჭვი ტრაპზე ასვლამდე გაგიჩნდათ?

- იმ დროს არანაირი ეჭვი არ გამჩენია. მაშინ ტერორისტულ აქტებს, კინოში თუ ნახავდი და ისიც იშვიათად. უბრალოდ, იმ ადამიანების აქტიურობამ და ფაციფუცმა გამაოცა. პირველები ავიდნენ. პირველ სკამზე დასხდნენ. თან, ქართველები არ იყვნენ, არც აფხაზები, არც რუსები... ეჭვი უკვე ტერორისტული აქტის შემდეგ გამიჩნდა. ტერაქტი რატომღაც, წინასწარ კარგად დაგეგმილი მომეჩვენა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ თვითმფრინავში იარაღი აიტანეს, დიდ ეჭვს იწვევდა. მოკავშირეები ხომ არ ჰყავდათ აეროპორტში ან თვითმფრინავში? ან მარტო სოხუმის თვითმფრინავი რატომ დაუშვეს გასაფრენად? აფრენიდან 5 წუთში, კაცმა ბორტგამცილებელი მოიხმო. ალბათ ცუდად გახდა და ცელოფანის პარკს ითხოვს-მეთქი, - გავიფიქრე. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ბორტგამცილებელს სახეზე შეშფოთება შევატყვე, მაგრამ საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მან მგზავრებს კანფეტები დაურიგა და პილოტის კაბინაში შევიდა. ამის დანახვაზე მამაკაცი ფეხზე წამოხტა და უკან გაჰყვა. ცოტა ხანში, გასროლის ხმა გაისმა. როგორც მერე გავიგე, ბორტგამცილებელს, ხომლდის ეკიპაჟი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გაუფრთხილებია. პირველმა ტყვიამ იმსხვერპლა ის. აფორიაქდა ხალხი, ვიღაც პილოტის კაბინაში შესვლას შეეცადა.

იმ დროს იმ კაცის შვილი წამოხტა. მას ხელში ორი ყუმბარა ეკავა და ხალხს, პანიკის შემთხვევაში მათი აფეთქებით დაემუქრა. ჩემს შვილს შეეშინდა და კანფეტი ყელში გაეჩხირა. დღემდე ვერ ამიხსნია, რა ძალამ განაპირობა, ბავშვს ჩემი მღელვარება არ დავანახვე და მის დაწყნარებას შევუდექი. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ, მაგრამ კიდევ გაისროლეს. ესროლეს რადისტს, ინფორმაცია რომ არ გადაეცა ცენტრისთვის. არ გაუმართლა პილოტ გიორგი ჭახრაკიას. ტყვია ხერხემალში მოხვდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. მეორე პილოტი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მისკენ გასროლილი ტყვია, სავარძლის საზურგის რკინის დეტალს მოხვდა. დაიჭრნენ ბორტმექანიკოსი და რადისტი. ამბობენ, მამაკაცი დაჭრილებს, ფეხითაც უსწორდებოდაო. თავიდან ისინი, ჩვეულებრივი მძარცველები მეგონა. ამიტომაც ყველა სამკაული მოვიხსენი და ფეხსაცმელში ჩავდე. ტერორისტმა მამა-შვილმა, გადარჩენილ პილოტს თვითმფრინავის თურქეთში დასმა უბრძანა. ჩვენ დაშვებულ ზოლზე დაბლა მივფრინავდით, ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, რამდენად ახლოს ვიყავით მიწასთან, შემეშინდა. მერე ამიხსნეს, ასე იმიტომ ვიქცეოდით, ბაზას, რომ არ დავეფიქსირებინეთ, თორემ საბჭოთა ხელისუფალნი მაშინვე ჩამოგვაგდებდნენო, საიდუმლო ინფორმაცია რომ არ გადასულიყო "რკინის ფარდის" მიღმა. როგორც იქნა, ტრაბზონში ჩავფრინდით. უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა. პანიკაში მყოფი ხალხი, ტრაპის მიდგმას არც ელოდებოდა, პირდაპირ ღია კარიდან ხტებოდა.

- რა ბედი ეწიათ ტერორისტებს?

- ტრაპის მიდგმისთანავე, პირველი გარდაცვლილი ბორტგამცილებელი ჩამოასვენეს. მას უკან მამა-შვილი მიჰყვა. ახლაც თვალწინ მიდგას ტერორისტი მამაკაცის უზარმაზარი, ოქროსდისკოიანი ჯაჭვი, რომელიც გადაღეღილ გულმკერდზე უბზინავდა. როგორც გავიგე, მეორე პილოტს, სოს სიგნალის გადაცემა მოუსწრია და ტერორისტები ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე აიყვანა პოლიციამ...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი