"ბედისწერის მჯერა..." - "ალილოს" წევრი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება

"ბედისწერის მჯერა..." - "ალილოს" წევრი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება

"ალილოს" წევრი, მომღერალი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება. როგორც ჟურნალ "სარკესთან" საუბარში ამბობს, მისი რჩეული ლალი ციციშვილია. მომღერალი ასევე ცრუმორწმუნეობისა და ბედისწერის შესახებაც საუბრობს და მისი ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს, როდესაც "ღმერთმა სიკვდილს გადაარჩინა".

- ბევრ ხელოვანს ახასიათებს ცრუმოწმუნეობა. თქვენც მათ რიცხვში ხომ არ ხართ?

- შეიძლება ასე ითქვას, რომ ცრუმორწმუნე ვარ. მამაჩემის დედა, მარიამ თანდილაშვილი, არაჩვეულებრივი ქალი გახლდათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დილით სამზარეულოში გამოვსულვარ და დამინახავს, თუ როგორ ატანდა ბებია წყალს ცუდ სიზმარს. წყლისთვის მეც გამიტანებია ცუდი სიზმრები.

ერთი მეზობელი მყავდა, რომელთან შეხვედრას ყოველთვის გავურბოდი, რადგან იმ ადამიანის დანახვა და მარცხი გარანტირებული იყო. ერთხელ დილის 4 საათზე გამოვიყვანე მანქანა და წასასვლელად მოვემზადე. თან აქეთ-იქით გავიხედე, ფანჯარაში ხომ არ იყურება-მეთქი. მანქანა დავქოქე და რას ვხედავ - ის მეზობელი ლამპით ხელში ქუჩაში არ მოდის?!

დილის 4 საათზე მაინც შემხვდა, არადა ადრე წასვლა ამიტომ გადავწვიტე, გაბრაზებულმა მანქანა მოვაბრუნე და სახლში შევედი. ზოოვეტინსტიტუტში რომ ვაბარებდი, პირველ გამოცდაზე კარგი ნიშანი მივიღე. იმ დღეს რა ტანსაცმელიც მეცვა, დანარჩენ გამოცდებზეც იმ სამოსით დავდიოდი.

- ბედისწერისაც გჯერათ?

- მჯერა, რომ ბედისწერამ გადამარჩინა 1989 წლის 9 აპრილის ღამეს. მე და ჩემი მეგობრები რუსთაველის თეატრის გვერდით ვიდექით. იქვე, ახლოს ორკაპიკიანი ტელეფონის აპარატი ეკიდა. ღამის 3 საათზე ოჯახში დავრეკე, ჩემს უფროს გოგონას, ნინუცას, მაღალი სიცხე ჰქონდა და მისი მდგომარეობა მაინტერესებდა. მეუღლემ მიპასუხა, ბავშვს კრუნჩხვის ნიშნები აქვს, იქნებ სახლში მოხვიდე და საავადმყოფოში წავიყვანოთო. მაშინვე სახლში წამოვედი და სულ რამდენიმე წუთში რუსის ჯარმა მომიტინგეების დარბევა დაიწყო. იქიდან რომ არ წამოვსულიყავი, შეიძლებოდა მოვწამლულიყავი ან მომკვდარიყავი.

- მკითხავთან თუ მისულხართ?

- მათი არ მჯერა, მაგრამ მქონდა ერთი შემთხვევა, რომელიც არ მავიწყდება. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი, როდესაც მეგობარმა მითხრა, მაგარ მკითხავს უნდა შეგახვედროო. ისე შემაწუხა, უარი ვეღარ ვუთხარი, ის ქალი ბანქოზე მკითხაობდა. 2 წუთი იყო გასული, რაც კარტის გაშლა დაიწყო და უცებ სახე აემღვრა. ბანქო აალაგა და ბოდიში მომიხადა, უნდა წავიდეო და მართლაც წავიდა. ამ ამბიდან მესამე დღეს ჩემი მეუღლის, ნანა თედიაშვილის დიაგნოზი გავიგე - თავის ტვინის სიმსივნე. იმავე წელს გარდამეცვალნენ მამაც და მეუღლეც. ამ ქალმა ბანქო იმიტომ აალაგა, რომ ჩემი მოსალოდნელი უბედურება დაინახა, მაგრამ აღარ გამიმხილა. 7 წელია, რაც ნანა გარდამეცვალა, ის არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ. მისი დაკარგვა ძალიან განვიცადე.

უფლის მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, ლალი ციციშვილი, რომელიც ჩემს მიმართ უსაზღვრო ზრუნვას და სითბოს გამოხატავს. 2-3 წელია, რაც ერთად ვართ და ახლა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. 60 წელს მიტანებული მამაკაცი ვარ, მაგრამ ასაკს სულაც ვერ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ 60 წლის კი არა, 80 წლისაც რომ გავხდე არასოდეს დავბერდები.

ლია ოსაძე

ჟურნალი "სარკე"

ფოტო: Shin.ge

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია

"ბარსას" ვარსკვლავს მაისური ვთხოვე, ხელით გამწია და წავიდა... მას შემდეგ ეს არავისთვის მითხოვია" - შოთა არველაძის გულახდილი ინტერვიუ

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან