მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში

მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე ცვლილებებზე ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება, თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა გავრცელებულ ხმებს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. არხის რამდენიმე თანამშრომლის ინფორმაციით, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა. არსებობს ინფორმაცია, რომ ფინანსური კრიზისის გამო, თანამშრომლების ნაწილს ხელფასი ორი თვის მანძილზე არ აუღია, ასევე კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს ხელფასები 5 %-ით შეუმცირეს. ამასთან ცნობილია, რომ დაიხურა არხის რამდენიმე გასართობი გადაცემა, მათ შორის "იღბლიანი ბორბალი" და "ეკივოკი", შეამცირეს ათობით თანამშრომელი.

ნახეთ ვიდეოგრაფიკა: რუსთავი 2-ში ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების ქრონიკა 1 წუთში

ოფიციალური განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ გვარამიას ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წასვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკვე გამოეხმაურა და შეიძლება ითქვას, დაემშვიდობა ყოფილ უფროსს:

"ნიკა, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება ♥ - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანი.

კოლეგისგან განსხვავებით, გვარამიას გადადგომაზე არ საუბრობს გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უდუმაშვილი აცხადებს, რომ გვარამია ჯერჯერობით თავის თანამდებობაზეა. "ჯერჯერობით ნიკა გვარამია არ გადამდგარა თანამდებობიდან. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამას ოფიციალურად გამოაცხადებენ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წუხელ ტელეკომპანიის შენობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. თითქმის ორსაათიან თათბირზე ტელევიზიის მენეჯმენტი შეიკრიბა. შენობა უკომენტაროდ დატოვეს არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.

ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსად ორი დღის წინ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან გიორგი ლაფერაშვილი შეცვალა, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს. არსებული ინფორმაციით, ლაფერაშვილი ტელეკომპანიაში რჩება, თუმცა უცნობია რა პოზიციაზე.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას სავარაუდო შემცვლელს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია შესაძლოა, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და შეთავაზების შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს. "ეს არის სისულელე - საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის", - განაცხადა ნაყოფიამ.

რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ელფერს - "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი მოადგილე, "კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდნენ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. კიევში შედგა შეხვედრა ტელეკომპანიის მფლობელებთან, ძმებ ყარამანიშვილებთან. განხილვის თემა, როგორც ცნობილია არხში არსებული ფინანსური კრიზისი იყო.

ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო წინადადება თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, თუმცა მისთვის თანხმობა არ მიუცია.

"გიდასტურებთ, რომ შეხვედრის დროს იყო შემოთავაზება, დამეყენებინა ჩემი კანდიდატურა მერის არჩევნებზე. მივიღე ეს წინადადება და გადაწყვეტილება არ მითქვამს არც მაშინ და ჯერჯერობითაც არ გამომიცხადებია. ეს რთული გადაწყვეტილებაა და მივიღებ თუ არა წინადადებას, ჯერ ვერ გეტყვით. მხოლოდ მოვისმინე წინადადება და წამოვედი. ჯერ გადაწყვეტილება არავისთვის არ მიცნობებია და სიმართლე გითხრათ - არც მიმიღია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატად უდუმაშვილის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება შესაძლოა დღეს, 9-საათიანი "კურიერის" დასრულებისას გააკეთოს.

არსებული ინფორმაციით, დღეს გაიმართება ტელეკომპანიის მფლობელების ყარამანიშვილების თათბირი "რუსთავი 2"-ში, რის შემდეგაც შესაძლოა, ყველა გავრცელებულ ინფორმაციაზე საზოგადოებამ დადასტურებული პასუხი მიიღოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი