ძმებ ყარამანიშვილების განცხადება ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლასა და "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე

ძმებ ყარამანიშვილების განცხადება ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლასა და "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის აქციების საკონტროლი პაკეტების მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას. მათივე თქმით, გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში და ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლებამოვალეობების შესრულება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო დღეებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით, ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება ამაზე ან არაინფორმირებულობის შედეგია ან - მიზანმიმართული სიცრუე. სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, როგორც არსებული ემოციური ფონის, ასევე იმის გამო, რომ ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ. აღსანიშნავია, რომ თათბირი მოწვეულ იქნა არა დამფუძნებლების, არამედ თანამშრომლების მიერ, ხოლო გიორგი ყარამანიშვილი მასზე მივიდა თათბირის მონაწილეთა თხოვნით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. ნიკა გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში. მისი როლი ივანიშვილისგან "რუსთავი 2"-ის დაცვაში ფასდაუდებელია.

დაბოლოს, ტელეკომპანიის კოლექტივს გვინდა ვაცნობოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე. აუცილებელია ამ გეგმის განუხრელად შესრულება, მენეჯმენტის ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლის გზით, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს ხელფასების გაცემა და კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი