13 ივნისის სტიქიიდან ორი წლის შემდეგ - რა მდგომარეობაა სტიქიის ზონებში დღეს?

13 ივნისის სტიქიიდან ორი წლის შემდეგ - რა მდგომარეობაა სტიქიის ზონებში დღეს?

21 გარდაცვლილი და 2 უგზო უკვლოდ დაკარგული, დახოცილი ცხოველები, 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი დაზარალებული პირი, - ასეთია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგები... ტრაგიკული სტიქიიდან დღეს ორი წელი გავიდა.

სტიქიამ გაანადგურა 84, ხოლო დააზიანა 158 საცხოვრებელი სახლი. მოიშალა ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები და საკომუნიკაციო სისტემები, დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია და ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი თითქმის განადგურდა.

ამ პერიოდში, ჩვენმა თანამოქალაქეებმა უდიდესი სამოქალაქო აქტივობა გამოავლინეს, სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებში 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ისინი, ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავეს და დატბორილი ტერიტორიები ნარჩენებისგან გაათავისუფლეს.

რა დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს სტიქიისგან მიყენებული ზარალი?

13 ივნისის სტიქიის შედეგები თბილისისთვის მძიმე აღმოჩნდა, როგორც ადამიანური მსხვერპლის, ისე ინფრასტრუქტურის ნაწილში, რადგან მის აღდგენითი სამუშაოები მეორე წელია მიმდინარეობს.

"სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა და სტიქიის ზონაში სანიაღვრე სისტემებისა და წყალმომარაგების, გზების, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება, გმირთა მოედნისა და სანაპიროს, ასევე ვერეს ხეობაში ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია და ახალი ხიდისა წყნეთის გზატკეცილზე საყრდენი კედლების მშენებლობა მოხდა, რაზეც მხოლოდ მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა," - განმარტავს "კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის" უფროსი გივი კუბლაშვილი.

რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს, "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტს განახორციელებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, მის ნაპირებზე დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის დამცავი კედლის მოწყობას გულისხმობს, რომელიც წყალმოვარდნის შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიას დაიცავს:

"გარდა ამისა, "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" ორი ცხაურის მშენებლობის პროექტი უკვე დაიწყო, რომელიც ვერეს კალაპოტში მაცხოვრებელი მოსახლეობის უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფს. ასევე, წყნეთი-ბეთანიისა და წყნეთი-ახალდაბის გზების აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო წლის ზაფხულში დასრულდება. ეს ორი გზა დამატებით დაახლოებით, 28 მილიონი ლარი, ხოლო ვერეს კალაპოტის სამუშაოები დაახლოებით 13 მილიონი ლარი ჯდება. ასევე სტიქიის ზონაში დამონტაჟდა სისტემა, რომელიც მეწყერის საშიშროებას წინასწარ გვაცნობებს, მის განხორციელებაში კი 32 000 ლარი დაიხარჯა," - აცხადებს "კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის" უფროსი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რა ბედი ეწიათ საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილ ოჯახებს?

"თბილისის მერიის ინფორმაციით, თავდაპირველად, 480 ადამიანი სასტუმროებში გადანაწილდა და პირველადი დახმარება გაეწია. მოგვიანებით, მათ, ვისი საცხოვრებელიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, ზარალი სრულად აუნაზღაურდათ. კერძოდ, "ქონების მართვის სააგენტოს" ინფორმაციით, ასეთ ვითარებაში მყოფ 61 ოჯახს მერიის მხრიდან ბინების შესაძენად ჩაერიცხათ 18 მილიონ 31 ათას 784 ლარი და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გამოეყოთ ფულადი დახმარება.

დაზარალებულთა შორის იყვნენ ოჯახებიც, რომელთა სახლებიც სრულად განადგურდა, თუმცა საკუთრების უფლება არ გააჩნდათ, თუმცა მერიამ ბინის შესაძენად 30 000-დან 75 000 ლარამდე მათაც გამოუყო, ხოლო მათი საქმის განხილვა, ვინც კომპენსაციასა და ბინაზე უარი თქვა, სასამართლოში ახლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, თბილისის მერიის ინფორმაციით, სახლებს, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, სპეციალური სამუშაოები უტარდება, რათა მესაკუთრეებმა ისინი საცხოვრებლად ისევ გამოიყენონ. უწყების ინფორმაციით, კონკრეტულად სტიქიის ზონაში ამჟამად ოჯახები აღარ ცხოვრობენ, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას საცხოვრებლები არ დაუტოვებია.

არის თუ არა სტიქიის განმეორების საფრთხე?

სტიქიის განმეორების საფრთხის შიში გაუჩნდათ თბილისელებს რამდენიმე დღის წინ მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ, 10 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქში პრობლემები შექმნა, მდინარე ვერეც ადიდდა, თუმცა არა საგანგაშო ზღვრამდე, გარდა ამისა, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერიც ჩამოწვა. გეოლოგ ლაშა სუხიშვილის განმარტებით, ჩამოწოლილი მეწყერი ორი წლის წინანდელი სტიქიის შედეგად დარჩენილი მასა იყო:

"წყნეთი-ბეთანიის გზაზე 2015 წელს დაძრული მასის დაახლოებით, 30% ისევ ფერდზე იყო დარჩენილი, მნიშვნელოვანი ნაწილი გაიტანეს, მაგრამ სრული მასისგან განთავისუფლება წარმოუდგენელია, რადგან ერთის ჩამოჭრის შემდეგ მეორე ფერდი გააქტიურდებოდა. ასე რომ, ის გრუნტოვანი მასა, რომელიც ფერდზე იყო დარჩენილი, ღვარცოფის სახით წამოვიდა," - აღნიშნა გეოლოგმა.

ლაშა სუხიშვილი განმარტავს, რომ ამჯერად თბილისი სტიქიას უფრო მომზადებული დახვდებოდა, თუმცა წყალმოვარდნა მოსალოდნელი არ იყო:

"წელს, 10 ივნისს, იმდენი ნალექი არ მოსულა, როგორც შარშან ან შარშანწინ, შესაბამისად, მდინარე ვერეს წყლის დონემ 2015 წლის 13 ივნისის მსგავსად არ აიწია. ამის განმერების ალბათობა ძალიან დიდი ხნის შემდეგაა მოსალოდნელი, რადგან ვერეს ხეობა ისტორიულად პრობლემური ადგილია, თუმცა უახლოეს მომავალში 2015 წლის მსგავს სტიქიას არ უნდა ველოდოთ," - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, დაღუპულთა მემორიალი ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე გაიხსნა, რათა 2015 წელს მომხდარი ტრაგედია ყველას გვახსოვდეს...

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი