უცნობი ფაქტები თბილისის ცნობილ ბაღებსა და მოედნებზე - დედაქალაქის გამწვანების ისტორია

უცნობი ფაქტები თბილისის ცნობილ ბაღებსა და მოედნებზე - დედაქალაქის გამწვანების ისტორია

"თბილისს XVIII საუკუნის ჩათვლით, თავისებური გამწვანების ისტორია და კულტურა ჰქონდა, ერთი ხე არ იდგა, ასეთი წესი იყო", - გვეუბნება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, "თბილისის ამქრის" წევრი, ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი. მასთან ერთად ამჯერად დედაქალაქის წარსულიდან რამდენიმე ეპიზოდზე ვსაუბრობთ, თემა ქალაქის ადრინდელი გამწვანება, პირველი საზოგადოებრივი ბაღები და მოედნებია...

"ვინაიდან თბილისი ყოველთვის თავდაცვაზე იყო ორიენტირებული, რადგანაც ქალაქს მუდმივად დაპყრობა ემუქრებოდა, ამიტომ, თავიდან ბოლომდე გალავანში იყო მოქცეული და ჩაკეტილი. სახლები ერთმანეთზე იყო მიბჯენილ-მიწყობილი, იყო კაპილარული ქუჩები, სამშენებლო ტექნიკა ვერ ვითარდებოდა და სახლები ერთსართულიანი, ბანიანი გახლდათ. იმის გამო, რომ ქალაქი სიმაღლეში ვერ მიდიოდა, მიწას მაქსიმალურად ითვისებდნენ და ხის დარგვის, გამწვანების და ბაღების ფუფუნება არ ჰქონდათ," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც თბილისის წარსულს უკვე წლებია, სწავლობს. ელისაშვილის თქმით, იმ პერიოდში, მოედანიც კი ცოტა იყო, სულ - სამი. ეს ყველაფერი ფეოდალურ პერიოდში, საქართველოში რუსების შემოსვლამდე (1801 წელი) ხდებოდა.

- რომელია ის სამი მოედანი?

- ერთი "შეითან ბაზარი" (სავაჭრო მოედანი) გახლდათ, ახლა "გორგასლის მოედანი," რომელიც პრაქტიკულად დაიკარგა და იქაურობას მოედნად ვეღარც აღვიქვამთ (ეს არის ადგილი, სადაც ამჟამად შარდენის ქუჩა იწყება, სხვაგვარად მას "თათრის მოედანიც" ერქვა და "ციხის მოედანსაც" ეძახდნენ).

შეითან ბაზარი და დღევანდელი გორგასლის მოედანი

ასევე იყო "მოღნის მოედანი" (დღევანდელი "გუდიაშვილის მოედანი"), იქ შრომის ბირჟა იყო (დაახლოებით ისეთი, ელიავას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ არის), სადაც კურტნის მუშისა და სხვა მოხელის დაქირავება შეიძლებოდა. შემდეგი მოედანი "ბატონის მოედანი" გახლდათ, ანუ დღევანდელი "ერეკლეს მოედანი". ეგ მთავარი მოედანი იყო, რადგანაც საპატრიარქოს შენობის ადგილზე მაშინ მეფის სასახლე იდგა, სადაც ერთი ხეც არ ხარობდა. ზოგადად კი, არც ერთი მოედანი არ იყო გამწვანებული. ამის დასტურია ისიც, რომ გრავიურებზე ერთი ხეც არ ჩანს. სამაგიეროდ, იქაურობას გარშემო ბაღები აკრავდა - "ორთაჭალის ბაღი," "კრწანისის ბაღი," "სოლოლაკის ბაღი," "ვერის ბაღი". ორთაჭალის ბაღები

- უცნაური კულტურა ყოფილა...

- კი, ეს ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვა გახლდათ. მთავარი იყო, გალავანში ყოფილიყვნენ და დაცულები. გალავნის მიღმა ლეკები აოხრებდნენ სოფლებს - კუკუას, ჩუღურეთს, იყო საჯინიბოები და მტკვარ გაღმა მოსახლეობას ცხენებს ჰპარავდნენ, - ერთხელ გიორგი XII უყურებდა, როგორ გაუძარცვეს საჯინიბო...

- რა მოხდა რუსების შემოსვლის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში?

- ჩემი ნება რომ იყოს, ამ ისტორიას სხვაგვარად შევცვლიდი, მაგრამ სამწუხაროდ, ისეა, როგორც არის: ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ის პერიოდი XIX საუკუნის "ოქროს ხანად" იწოდება, რადგანაც ისტორიის მანძილზე ამდენი ხანი მშვიდობა თბილისს არ ჰქონია (1801 წლიდან 1921-წალამდე არავინ შემოსულა)... რასაც სხვაგვარი კულტურის განვითარება მოჰყვა: გაჩნდა საზოგადოებრივი ბაღები და ამის პირველი მაგალითი "ალექსანდრეს ბაღია," ამას ქართველების პროტესტი შეხვდა... მაგრამ მიუხედავად პროტესტისა, ყველაზე პრესტიჟული ბაღი მაინც ეგ იყო, სადაც ტერასაზე რუმინული ორკესტრი უკრავდა და "სასვეტსკაო" ადგილი იყო.

ალექსანდრეს ბაღი

- პროტესტი რამ გამოიწვია? - რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, იქ სამხედრო მუზეუმი აეშენებინა, სადაც დღევანდელი "ცისფერი გალერეაა". თუ დააკვირდებით, ის ბაღის ტერიტორიაზეა შეჭრილი... იქ მუზეუმის აშენებამ მაშინდელ თბილისის საკრებულოში დიდი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა, ის ობიექტი როგორც კავკასიის დაპყრობის მემორიალური სამხედრო მუზეუმი ყოფილიყო, სადაც იყო ნივთები, რომლებიც კავკასიის დაპყრობას ასახავდა, ამის გამო ხალხი ძალიან გაბრაზდა და "ალექსანდრეს ბაღში" აღარავინ დადიოდა...

- რაც შეეხება "ბოტანიკურ ბაღს," მანამდე არ არსებობდა?

- ის სამეფო-სააფთიაქო ბაღი გახლდათ. მას განსაკუთრებულად გიორგი XI-ის ცოლი - მარიამი უვლიდა, ხოლო 1845 წელს კი ვორონცოვმა "ბოტანიკურ ბაღად" გამოაცხადა, თუმცა ისიც თავის დროზე, გალავნის მიღმა გახლდათ. იქ თან ხეხილიც ხარობდა და საქეიფო ადგილებიც იყო. მისი მორწყვა მთელი ამბავი გახლდათ, სამეფო სიგელები არსებობს, ვინ როდის მორწყა და რუ როდის გამოუშვა...

- გამოდის, რუსეთის დროს დაწყებულა ქალაქის შიგნით საზოგადოებრივი პარკების გაშენება-მოწყობა...

- სამწუხაროდ ასეა. 1859 წელს ოტო სიმონსონმა გეგმა გააკეთა, პირველი საზოგადოებრივი პარკი თუ როგორ მოეწყო, თუმცა მანამ სასაცილო რაღაც მოხდა: რუსთაველის გამზირს "სარუსეთო გზა" ერქვა, მერე "ქალაქის ბულვარი" უწოდეს, რომელსაც 1942 წელს "გოლოვინსკი" გახდა. ის იყო თბილისის პირველი ქუჩა, სადაც მწკრივში ხეები დარგეს, ქართველები ამაზე ვიცინოდით, - ეს რა საშინელება გააკეთეს, ხეებს როგორ აწვალებენო?! მოკლედ, ხეები მწკრივში ჩაირგო და გაკეთდა ბულვარი. ჩვენ ხომ ამყოლი ხალხი ვართ და რუსები რომ "სვეცკაობდნენ" იქ და მათ მსგავსად, სეირნობა ჩვენც დავიწყეთ...

გოლოვინსკი და რუსთაველის გამზირი

- მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ამ მიმართულებით მაგ დროს რა ხდებოდა?

- მერე შიდა კვარტალური ბაღების კულტურა გაჩნდა, რაც უკვე გერმანელებმა შემოიტანეს. მაგალითად, "გორკის ბაღი," "არტოს ბაღი" - თითოეული ბაღი გერმანელების მიერ არის აშენებული, ანუ ამა თუ იმ კვარტალს თავისი ბაღი გაუჩნდა. ასეთი რამ ჩვენთან მანამდე არ ყოფილა... საქართველოში პირველი გერმანული ოჯახი 1817 წელს ჩამოსახლდა, რომელსაც ნელ-ნელა სხვები მოჰყვნენ. ისინი კოლონისტები იყვნენ. რელიგიური სექტა იყო და მიაჩნდათ, რომ მეორედ მოსვლა მოახლოებული იყო და არარატის მთასთან რაც უფრო ახლოს იქნებოდნენ, გადარჩებოდნენ. "არარატის" მთასთან საქართველო და აზერბაიჯანი იყო ახლოს. საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა შექმნეს დასახლებები სართიჭალაში, ასურეთში, ბოლნისში, სოფელი "ნოიე ტიფლისი" "პლეხანოვზე," რომელიც მერე ჩაიკარგა... 1817 წელს მარჯანიშვილის მოედანზე იდგა გერმანული ეკლესია - კირხა, ხოლო მათი სასაფლაო, გორკის ძეგლის უკან ტერიტორიაზე იყო, სადაც ახლა გერმანული ეკლესიაა. ისე, კი რამდენიმე გერმანული ეკლესია საქართველოს ცკ-ს მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა დაანგრია და 1946 წელს ამ ნგრევას გერმანული კირხაც შეეწირა... გერმანელების 20.000-მდე ოჯახი სამტრედიის ქუჩაზე ცხოვრობდა და იქაურობას ალექსანდრედორფი ერქვა. გერმანული კირხა - "მუშთაიდის ბაღზე" რას იტყვით?

- ძალიან განაპირა ბაღი იყო, რომელიც, როგორც ცნობილია, ირანელმა დაარსა, თუმცა ის XIX საუკუნის ბოლოს გახდა პოპულარული, "ალექსანდრეს ბაღში" დაწყებული მშენებლობის გამო გაჩენილი პროტესტით და ახალი "სასვეტსკაო" ადგილი გახდა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; burusi.wordpress.com; თბილისის ფორუმი