შოთა პაკელიანი - ზუსტად მახსოვს ის ორი პირი, რომელმაც მცემა

შოთა პაკელიანი - ზუსტად მახსოვს ის ორი პირი, რომელმაც მცემა

შოთა პაკელიანს იმედი აქვს, რომ ობიექტური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, ისნის მე-7 განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც მას სცემდნენ, დაისჯებიან.

როგორც პაკელიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ეს პირები არიან: ირაკლი ქიტოშვილი და გურამ კასრაძე.

”ზუსტად მახოვს, რომ ეს ორი პირი მცემდა. დანარჩენის მხრიდან ჩემზე შეხება არ მახსოვს. დანარჩენს გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა პაკელიანმა.

რაც შეეხება მომხდარს, პაკელიანი დაკავების დღეს დეტალურად იხსენებს.

”გამოვედი მეგობრის სახლიდან, ხელში მეჭირა ბიონარკოტიკი. გამოსვლისას დავინახე 2 პირი, რომელიც იდგა იქვე სადარბაზოსთან. მათი დანახვისთანავე გავიქეცი, რადგან პირობითი მსჯავრის ქვეშ ვიყავი. გავირბინე ცოტა მანძილი და გზაში ეს ნარკოტიკი მოვიხმარე, რა დროსაც წავიქეცი. ამ დროს ეს ორი პიროვნება მოვიდა და დამაკავა. მიმიყვანეს განყოფილებაში, სადაც ჯიბეები გამიჩრიკეს, ვერაფერი ნახეს და გამაშიშვლეს. დაახლოებით 15-20 წუთი მიმდინარეობდა ზეწოლა ჩემზე, რათა მეთქვა, რომ ნარკოტიკი მქონდა, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ამის შემდეგ შემიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც როგორც აღმოჩნდა, კამერები საერთოდ არ იყო. მოიყვანეს სასწრაფო დახმარება, რადგან წაქცევის შედეგად მუხლი და იდაყვი მქონდა დაზიანებული, დამიმუშავეს ჭრილობები და წავიდა სასწრაფო. სასწრაფოს წასვლის შემდგომ, მოქმედება დაიწყო ჩემს მიერ მოხმარებულმა ნივთიერებამ და გავხდი ცუდად. მჭირდებოდა სასწრაფო დახმარება, სოდიანი წყალი უნდა დამელია და გამორეცხვა უნდა გამეკეთებინა. მე თავად ვუთხარი, რა მჭირდებოდა. ამაზე მიპასუხეს, რომ ხელოვნურად ვქმნიდი პანიკას საზოგადოების შეყრის მიზნით და დაიწყეს ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. დაახლოებით ნახევარი საათი მცემდნენ. რამდენჯერმე გავითიშე. ამის შემდეგ გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც კომატოზურ მდგომარეობაში გავატარე რამდენიმე დღე”, - განაცხადა პაკელიანმა.

კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა ისნის პოლიციას მის მიმართ, პაკელიანმა აღნიშნა, რომ ”ზოგადად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან”.

”პირობითი მსჯავრის ქვეშ ვიყავი, იგივე ნივთიერებასთან დაკავშირებით. საერთოდ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან კონკრეტუკლად ჩემს უბანში და ზოგადად თბილისში. ბევრი მსმენია ამის შესახებ. ვისაც პირობითი მსჯავრი აქვს, შედარებით ყურადღებით არიან. საერთოდ, ამ განყოფილების თანამშრომლები ძალიან აგრესიით გამოირჩევიან ამ უბანში. აგრესია კიდევ რბილი ნათქვამია. ახლა უკვე ახალ კადრებს ვხედავ და ახალი პირები არიან. მას შემდეგ, რაც ჩემი ინცინდენტი მოხდა, ისე ინტენსიურად აღარ დადიან, როგორც ადრე. ყველა ნაბიჯზე იყვნენ, დღე არ გადიოდა, რომ მანქანით არ შეგვემჩნია. განყოფილებაშიც ვიყავი ნივთების წამოსაღებად და ახლა ახალი სახეები შევამჩნიე”, - აღნიშნა პაკელიანმა.

"ლიბერალმა" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული. გამოცემის წყაროს განცხადებით, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. წყაროს ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, მისი გათავისუფლება გუშინ გავრცელებული კადრების გამო არ მომხდარა და გადაწყვეტილება "ბევრად ადრე იქნა მიღებული".

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი