გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ, გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან აცნობეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი მამალაძის საკითხი წმინდა სინოდს გადაეცემა. ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მათ იმედი აქვთ ბრალდებული მის უდანაშაულობას დაადასტურებს.

"დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, ხოლო შემდგომ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში წმინდა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებას საერთოდ განიკვეთოს, თუ მას გარკვეული პეროდით შეუჩერდეს მღვდლობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს, რაშიც თავადვე გვარწმუნებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისათვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ სცნო ის ეკლესიამ უდანაშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა მას საღმრთო ზიარების უფლება.

რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს", - აცხადებენ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი