"კარტოფილს ვიღებდი, რაისას საქორწინო კაბისთვის ფული რომ მეშოვნა" - რაისა გორბაჩოვა, საბჭოთა პირველი ლედი, პარიზული შარმით

"კარტოფილს ვიღებდი, რაისას საქორწინო კაბისთვის ფული რომ მეშოვნა" - რაისა გორბაჩოვა, საბჭოთა პირველი ლედი, პარიზული შარმით

ის საბჭოთა პირველი ლედი იყო, რომელიც ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, მეტიც, ამბობდნენ, რომ მას იმჟამინდელი კრემლის გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა ჰქონდა. ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივი თუ უცხოური ვიზიტებისას თან ახლდა მეუღლეს, დიდი კომუნისტური "დერჟავის" პირველ პირს, მიხეილ გორბაჩოვს, მასპინძლობდა მსოფლიო ლიდერებს და მათ მეუღლეებს, ეწეოდა ქველმოქმედებას... გამუდმებით განიხილავდნენ მის ჩაცმულობას, სტილს, საუბრის მანერას... ამბობდნენ, რომ მისი თამამი ქცევა ზედმეტად დასავლური იყო.

ყვებიან, რომ მუზეუმებისა და სხვა მრავალი კულტურული დაწესებულებების აღდგენასა და აშენებაში მონაწილეობდა, სწორედ მან ითავა სპეციალისტთა ჯგუფის შედგენა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში დანგრეული ტაძრების აღდგენაზე უნდა ემუშავა.

ქალბატონი, რომელსაც განათლების მაღალი დონისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო საბჭოთა კავშირის გარეთაც კი დიდ პატივს სცემდნენ, 1932 წლის 5 იანვარს დაიბადა. მამა მაკსიმ ანდრეევიჩ ტიტარენკო განსაკუთრებულად გაახარა თურმე ქალიშვილის დაბადებამ, სახელიც მან დაარქვა.

სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, რაისამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე გამოცდების გარეშე ჩააბარა. სწორედ აქ გაიცნო რაისამ მომავალი მეუღლე მიხეილ გორბაჩოვი. მეუღლის პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნამდე მომავალი პირველი ლედი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

რაისასა და მიხეილს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ამბობენ, რომ რაისა ეჭვიანი იყო და ხშირად უწყობდა ქმარს ეჭვიანობის სცენებს, თურმე საჯაროდაც კი. როცა გორბაჩოვის მშობლების სახლში, მისი სკოლისდროინდელი შეყვარებულის ფოტო აღმოაჩინა, ამის შესახებ მთელმა კრასნოდარმა გაიგო. გორბაჩოვების ფეშენებელური ვილის მომსახურე პერსონალი იგონებდა, როგორ მკაცრად აკონტროლებდა რაისა მოსამსახურე ქალებს, სიმპათიურ მასაჟისტებს დაუყონებლივ თავიდან იშორებდა, ქმარს კი სახალხოდ შენიშვნებსაც კი აძლევდა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში რაისამდე პირველი პირების ცოლებს არც კი იცნობდნენ, მაგრამ რაისამ დაარღვია სტერეოტიპები. მას სხვადასხვა კომპლიმენტებით ამკობდნენ. "საბჭოთა კავშირის პირველ ლედის პარიზული შარმით" საზოგადოებაში ლამის ქმარზე ნაკლები წონა არ ჰქონდა.

საბჭოთა კავშირის ყოფილი პირველი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, ცოლის გარდაცვალების შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:

"სექტემბერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაისამ ამ თვეს დამტოვა, 1953 წლის 25 სექტემბერს ჩვენ ხელი მოვაწერეთ... ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, თან სტუდენტები ვიყავით. ფული ძალიან ცოტა გვქონდა, ამიტომ ორივე ვმუშაობდით, რათა ქორწილისთვის ფული მოგვეგროვებინა. კომბაინით კარტოფილს ვიღებდი, რაისას საქორწინო კაბისთვის ფული გამოვიმუშავე, თეთრი შიფონის კაბა შეიკერა, ფეხსაცმელი კი მეგობრისგან ითხოვა. რეესტრში ბეჭდებიც კი ვერ გავცვალეთ, საქორწინო ბეჭედი რაისას წლების შემდეგ ვაჩუქე. პირველ ხანებში რაისამ საერთოდ არ იცოდა საჭმლის კეთება, ის სწავლით იყო დაკავებული, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

განაგრძეთ კითხვა