"არ მჯეროდა რომ ამ სიტყვებს ვისმენდი, ვყვიროდი, სიზმარია-მეთქი" - როგორ აღწერს პირველ ემოციებს თეა სირაძე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

"არ მჯეროდა რომ ამ სიტყვებს ვისმენდი, ვყვიროდი, სიზმარია-მეთქი" - როგორ აღწერს პირველ ემოციებს თეა სირაძე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 6 ივლისს, 170 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 8 ქალია. შეწყალებულთა შორის 4 შვილის დედა თეა სირაძეც აღმოჩნდა, რომელიც 2010 წელს დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალდებები საკმაოდ მძიმე იყო. მას ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში დასდეს ბრალი.

სასამართლომ ყველა ბრალდებაში ის დამნაშავედ სცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, ახალგაზრდა ქალს 28 წელი მიესაჯა. პირველი ინტერვიუ მასთან ჟურნალ "გზისთვის" წლების წინ, ქალთა მე-5 დაწესებულებაში ჩავწერე, მაშინ ამბობდა, რომ ბრალი შეუთითხნეს და გამოტანილ სასჯელს აპროტესტებდა.

თეა სირაძე:

- ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო შეწყალება, ვერ დავთვლი ამ წლების განმავლობაში რამდენჯერ მივმართე კომისიას შეწყალების თხოვნით, მაგრამ სულ უარს ვიღებდი. ახლაც გავაგზავნე, არ ვუშვებდი შანსს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა. არასოდეს მიხსნიდნენ იმ მიზეზს, რატომ მეუბნებოდნენ უარს, ერთადერთი პასუხი იყო - კრიტერიუმს არ აკმაყოფილებო, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის დროსაც გადიოდნენ ციხიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმს.

- როდის შეიტყვეთ, რომ პრეზიდენტმა შეგიწყალათ?

- 6 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევარზე ქალთა დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა მე და ჩემთან ერთად შეწყალებულ ქალებს გვითხრა ეს შოკისმომგვრელი ამბავი. ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც მქონდა, სიხარულისგან ძალიან ცუდად გავხდი, არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ვისმენდი და ვყვიროდი, ეს სიზმარია, არ მჯერა, სიზმარში თუ არ ვარ, მოდით, მიჩქმიტეთ-მეთქი. მერე სახლში დავრეკე და გავაგებინე.

ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა, მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ, მათთან შეხვედრის ემოციის გადმოცემა რთულია. ძალიან ძნელია, როცა შვილებს ამდენი წელი ვერ ნახულობ, ვერ უყურებ მათ გაზრდას, ერთ დღეს მოდიხარ და ხედავ როგორ გაზრდილან შენი პატარები.

- დედა ზრდიდა თქვენს შვილებს, არა?

- დიახ, დედამ გამიზარდა. სახლის კარიც დედამ გამიღო და რომ დამინახა, იქვე ჩემს მუხლებთან ჩაიკეცა და სიხარულისგან იტირა. ციხეში გატარებული ეს შვიდი წელი ძალიან დიდი ტკივილია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ბავშვებისთვის, ჩემი ოჯახისთვის. ბავშვები დედის გარეშე გაიზარდნენ. ყველაზე პატარა წლის დავტოვე და ახლა უკვე დიდი გოგოა, უფროსი ბიჭი 20 წლის გახდა…

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ახალი ფურცლიდან დავიწყებ ცხოვრებას ჩემს ოჯახთან ერთად, რაც შეეხება კარიერას, ამაზე მერე ვიფიქრებ, ეს უკვე მეორე ეტაპია, მთავარია ყველაფერი დამთავრდა და ის დაკარგული შვიდი წელი უნდა ავინაზღაუროთ მე და ჩემმა შვილებმა… მინდა მხოლოდ და მხოლოდ მათთან ვიყო. ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებულ თქვენს სტატიას მაშინ დიდი რეზონანსი მოყვა და უამრავი მხარდამჭერი გამომიჩნდა, ეს სტიმულს მაძლევდა. იქ შემოდიოდა ინფორმაცია ან დედაჩემისგან ვიგებდი, რომ ხალხი ჩემს გათავისუფლებას ითხოვდა, ყველას მადლიერი ვარ, თითოეული მათგანის მხარდაჭერა მამხნევებდა, მაძლიერებდა…

- წაყენებული ბრალდებები მძიმე იყო, ამბობდით, რომ არ ჩაგიდენიათ ადამიანის გატაცება, დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ მომხდარს, რაში ადანაშაულებთ თქვენს თავს?

- 28 წელი მქონდა მისჯილი, წარმოიდგინეთ ამხელა სასჯელი, მაშინ არაადეკვატურ სასჯელებს უსჯიდნენ. არ ვამბობ, რომ არ ვიყავი დამნაშავე, რაც ჩავიდინე იმას ვაღიარებდი დაჭერის დღიდან, მაგრამ, რაც ბრალად მქონდა წაყენებული, ეს არ ჩამიდენია.... პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ვარკეთილიდან მოვიტაცე 5 ადამიანი და სოფელ დიღომში წავიყვანე "ოპელ ვექტრათი", თუ ამდენი ადამიანი ჩავსვი მანქანაში, მაშინ მე სად ვიჯექი? სად იყო ამდენი კაცის ადგილი "ვექტრაში?" არ მქონდა იარაღი, არ მქონდა დანა და მითხარით რითი ვემუქრებოდი ერთი ქალი ამდენ ხალხს, თითით?!  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი