თარხნიშვილის 13 ნომერი

თარხნიშვილის 13 ნომერი

თავი I

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დედაჩემმა ორმოცდამეათედ შეაგდო ჩემი ღია იისფერი ბლუზა სარეცხის მანქანაში თავის გამორჩეულად ჭრელ და ბოშურ მოტივებზე აწყობილ, მსოფლიოში ყველაზე გაუგებარი სტუქტურის მქონე ქურთუკთან ერთად.

-ღმერთო, რატომ?! - აღმომხდა ტრაგიკულად, როდესაც დილის 9 საათზე, ნახევრადშიშველმა და ახლადგაღვიძებულმა, ჩემი საძინებლის ფარდა გადავწიე და მალაიზიას პლუს ინდოეთს, პლუს ვივიენ ვესტვუდის მიქსად ჩამოსხმული ფერთა ბოტკინისფერი პალიტრა დავინაზე ჩემს ბლუზაზე, რომელიც სარეცხის თოკზე მულენ რუჟის გოგონებზე ბევრად ვნებიანად ცეკვავდა - აი, მაშინ მივხვდი, რომ მორჩა, გავიზარდე, ან პირიქით- დავბერდი, გავაფრინე... ან, მართლა კაცთმოძულე გავხდი - ნუ, ყოველ შემთხვევაში, მივხვდი - სიმშვიდე, სიჩუმე და „ჩემთვის ყოფნა“ მინდოდა.

როცა არავისთვის ანგარიშის გაწევა არ გიწევს. არავის ხათრით მოსმენა, არავის დასანახად გაცინება და ზედმეტი საუბარი ჩემს „ცხრა თაობა ვერელ“ მეზობლებთან, თითოეულ დაცემინებასა და დამთქნარებაზე.

იქნებ, მართლა ყველაფრისგან დაღლილი ვარ?

ან, ყველაფრისგან გაგიჟებული? :)

ფაქტია, რომ აღარ მინდა ჩემს იისფერ ბლუზაზე ინდოეთისა და ჩეჩნეთის კრახმალნარევი დროშების ფერი, საინფორმაციო გამოშვება - დეიდაჩემის სტილით, ბოლო ხმაზე - მეხის დაცემის მსგავსად რომ მიჭერს პერიოდულად გულის დიაფრაგმას და კიდევ ერთი, ჩემთვის ძალიან მტკივნებული ფაქტი - დილით, შვრიის ფაფის ადუღებულ პოზიციაშივე ინდაურივით გადაყლაპვა თუ ვერ მოვასწარი და აბაზანაში შესვლის ცდუნებას ვერ გავუძელი, აბაზანიდან გამოსულს, ლავანდისა და პაპაიას არომატით გაჯერებული სხეული მთელი სამზარეულოს პერიმეტრზე არსებულ ცხიმიან რძის არომატში რომ მეჟღინთება და რუდუნებით მომზადებული შვრიის საუზმეც, აუცილებლად რძემოსხმული რომ მხვდება - ეს მხოლოდ დეიდაჩემის სიმარდის დამსახურებაა. რავიცი, რომ ჰკითხო, რევმატული ფაქტორის გამო ფეხების ტკივილი აწუხებს. არადა, მზე ამოსული არაა, რომ წამოხტება და წინა ღამით დალაგებული სახლის ლაგებას ისევ თავიდან იწყებს. შემდეგ კი ყვავილების მორწყვითა და ჩემს შვრიის საკვებში რძის დაუზოგავი ჩასხმით აგრძელებს. დეიდაჩემი არის პიროვნება, რომელსაც დღემდე 3 წლინახევრის ვგონივარ და ჩემს ჯანსაღ კვებაზე ისევ მთელი გულით ზრუნავს.

იმ საბედისწერო დილას, ამ საოცარ გარემოებებს დაემატა დეიდასა და დედას გარე ბიძაშვილის, შოთა ქებურიას დროებითი, ვითომ, სამდღიანი ვიზიტი ჩვენს უზარმაზარ, მთელ 68 კვადრატიან ბინაში, ვერაზე, თარხნიშვილის 13 ნომერში. ეს მოხდა ზუსტად 5 კვირის წინ, ერთ წვიმიან მაისის დილას, როდესაც მე, აბაზანიდან პირდაპირ „ლა სენსას“ თეთრეულით გამოტანტალებულმა ზარის ხმაზე, არნახული სიმშვიდით გავაღე შემოსასვლელი კარი იმ იმედით, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი - ლიკა, ისევ ჩემთან ერთად ყავის დასალევად მოვიდა, როგორც ამას ბოლო 2 წელია ვაკეთებთ, მაშინ, როცა ზუსტად 38 წუთი აკლია 10 საათს.

ყავა არა, მაგრამ ზღურბლთან მდგარ შოთას, შემოსვლისთანავე რაუნატინის 3 აბი დავალევინე, მას მერე, რაც ჩემს დანახვაზე სახეზე გადახლეჩილი ბროწეულის ფერი დაედო.

სანამ ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლიდან გამოვაღწიე, ზრდილობის გამო მოვუსმინე ჩვენს სახლში უსასრულობამდე დარჩენილი სტუმრის ჯანმრთელობის შერყეული ისტორიის მორიგ ბლოკ - ბასტერს, რომელიც ფრედი კრუგერის ფანტაზიისთვისაც წარმოუდგენელ კოშმარად მეჩვენა. ამჯერად, ბატონი შოთა, აბაშიდან, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გამო იყო ჩამობრძანებული და მეორე დღიდან ექიმების სტუმრობას აპირებდა. თვალები დავხუჭე და უცებ წარმოვიდინე, ნაოპერაციები ქებურია ჩემს საძინებელ ოთახში (ასე ვისჯებოდი ყოველ ჯერზე, თუ ვინმე ნათესავს ფეხი აუცდებოდა და ჩვენთან სტუმრად რჩებოდა) მამწესებდნენ მისაღებ ოთახში, ბებიის დატოვებულ (მაგრამ მე რა დავაშავე) არაბულ ტახტზე, რომელზე წოლის შემდეგ მთელი დილა მეგონა, რომ ქვედა მარჯვენა 2 ნეკნი, ფილტვში გამეყარა და ხველის დროს აუცილებად მიჩხვლეტდა.

იმ დილითვე წარმოვიდგინე 68 კვადრატის ყველა კუნჭულში სრულიად აბაშა - შოთას მეუღლე და 3 ბიჭი, (ნუ ჩამომათვლევინებთ, მაინც მერევა, რომელი - რომელია) შოთას და, ცირა, სიძე და დისშვილები (მეეჭვება, ამათი ჩამოთვლითაც დაინტერესდეთ), შოთას მამიდა - ათას ასი წლის, ან ცოტა უფრო მეტი ხნის, ლამარა - სპილოს ძვლის ყურიანი ჯოხით და საოცარი სათვალით - რომელიც დურბინდს უფრო ჰგავს, ხშირად ბავშვობაში, ოპერაში შესვლისას რომ ვქირაობდი, ვიდრე სტანდარტულ „აბაშურ“ 6 ლარნახევრიან სათვალეს. ჩემს ფიქრებს აგვირგვინებდა - მათი მეზობელი, მაგული.

ამ უკანასკნელის არსებობა ქებურიების ოჯახს რეფრენად მიყვებოდა წლების მანძილზე, თუმცაღა, მისი როლი ჩემთვის, ცხოვრების ყოველ ეტაპზე, წარმოუდგენლად ბუნდოვანი იყო.

აი, სწორედ ამ საბედისწერო დღეს, როდესაც ჩემი იისფერი ბლუზა, ქაჯეთიც ციხის მეპატრონის საცოლის გემოვნებისფრად შეიღება და დეიდაჩემმა ცხიმიანი რძის არომატით კიდევ ერთხელ გააჯერა სრულიად სამზარეულო, შოთა ქებურია კი მორიგი 3 თვით გვესტუმრა - მივხვდი - სულ რომ ცხონებული ბებიაჩემი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, ასკინკილით ჩამოსულიყო ზეციდან და ეთხოვა „შემოგევლოს ბებო, ცალკე არ გადახვიდე, მარტომ როგორ უნდა იცხოვრო, მიუჩვეველი ხარო“ - ჩემი საკუთარი ბინა მაინც უნდა მეყიდა მემკვიდრეობით დატოვებული ფულით და ცალკე გადავსულიყავი.

80 კვადრატიანი კომფორტი

ყველა ადამიანი, ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევს, ცალკე უნდა ცხოვრობდეს - ეს რომ პირველად დეიდაჩემს ვუთხარი, მურაბიანი ჩაი გადაისხა ნერვიულობისგან და თურმანიძის მალამო ისვა გულ-მკერდზე შემდეგი თვენახევარი.

იქვე მჯდომმა დედაჩემმა კი ნერვიულობისგან ქვედა ტუჩი ისე მოიკვნიტა, აღნიშნული იარა მალე რომ არ მოშუშებოდა, უკვე სერიოზულად ვფიქრობდი პლასტიკურ ქირურგიაზე.

ზუსტად ვიცოდი, წინ ეკლიანი გზა, ბევრი ნიშადურის თავმოხდილი ქილა და ორი „ისტერიჩკა“ დის - ტუჩმოგლეჯილისა და გულ-მკერდდაბუგულის ასევე ორხმაში დატირება არ ამცდებოდა ლანძღვის თანხმებით, მაგრამ გავრისკე და უპარაშუტოდ გადმოვხტი - დიახ, მეგობრებო, ოცნება ავიხდინე!

აქაო და საკუთარი სახლი მაქვსო, ჩამოვიტანე აგარაკზე შენახული ტანსაცმელიც და საბოლოოდ, შეგროვებულ ბარგს რომ დავხედე, გადაჭარბების გარეშე, შემეშინდა!

სამშობლოს ღალატისათვის სათანადოდ დავისაჯე და არც ერთი ქოფაკთაგანი (დედა - დეიდა) გადაბარგებაში არ დამხმარებია.

მეგობრებმა მომათრევინეს ლოგინიც, ბებიაჩემის დატოვებული კაკლის უზარმაზარი კარადაც და ტანსაცმლის ორი ათასი ცალი ყუთი. ეს ყველაფერი იატაკზე გაშლილი რომ დავინახე, მაშინ მივხვდი, სრულიად საქართველოს კაკლის ტყე რომ გაგეკაფა და ყველა ერთიანად აღებულისგან კაკლის გარდერობი შეგექმნა, მაინც ვერ დაიტევდა ამ რაოდენობის ჩასაცმელს.

სახლი შიგნიდან ისეთივე მყუდროა, როგორიც გარედან ჩანს.

ვერის ანტიკვარიატის მერე, თავი იაპონიაში მგონია - „ნანო ტექნოლოგიების“ მქონე 3 ოთახიან სივრცეში.

დავინახე, თუ არა, ვიგრძენი - აქ უნდა მეცხოვრა.

დავინახე, თუ არა - ჩემი თავი მხოლოდ ამ გარემოში აღვიქვი.

დავინახე, თუ არა - ჩემია-ნი გახდა.

მეხუთე სართულია.

ისეთია რა, ფსიქოლოგიურად ახლოს რომ ხარ მიწასთან - „ლიფტი არ გჭირდებას“ იდეით და თან, ხედსაც რომ გვარიანად ეპოტინები. ამ კომპლექსში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყველგან ბევრი ჟანგბადია, კორპუსები ისტერიული სიახლოვით არ გაწუხებს და იმის აღქმა არ გაქვს რომ შენ და შენი მეზობელი გელა, ერთსა და იმავე ჰაერის ოდენობას ცვლით პერიოდული სიხშირით - მის ამონასუნთქს შენ არ სუნთქავ და შენსას - ის!

მგონია, რომ ამ ბინაში თითოეული კვადრატული მეტრი მაქსიმალურად გამოყენებული და სწორად დაგეგმარებულია.

ხოდა, მეღიმება იმიტომ, რომ ამ სივრცეში ფეხშველი სიარული მომწონს!

იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რასაც ვხედავ, ჩემი საკუთრებაა, სადაც ფეხს ვაბიჯებ, ყველგან - აქაც და აი, აქაც!

სიახლეს თავისი არომატი აქვს, შეგიმჩნევიათ?

ოთახებში მძაფრად იგრძნობა ხის, ახალი ნივთებისა და სიახლის სუნი!

ვერაზე მიჭირდა დილით ადრე გაღვიძება.

მესამე დღეა ამ სახლში ვრჩები და დილის 7 საათზე მეღვიძება.

რა უცნაურია, არა?!

არც ხმაური, არც საინფორმაციო გამოშვება,

არც რძის არომატი არ მაწუხებს დილით და მაინც ადრე რომ მეღვიძება, რისი ბრალია?! ალბათ თვითკმაყოფილების.

თვალებს მაგრად ვხუჭავ და მერე ერთბაშად ვახელ - არ მეჩვენება! ეს ყველაფერი, ნამდვილად, უკვე ჩემია!

ყველამ საკუთარი კომფორტი, თავად უნდა იყიდოს.

მე მგონია, რომ ბინით ყველა თავის პირად სივრცეს იძენს,

ყველას აქვს საკუთარი სიმშვიდის შეძენის უფლება.

ეს კი, სწორედ რომ სიმშვიდეა, რომელიც 80 კვადტარშია მოქცეული,

80 კვადრატული მეტრი ჰაერი, შევფუთე, სიახლით შევღებე, სწორად დავაგეგმარე და ვიყიდე.

დღეიდან მას მხოლოდ ჩემი სახელი ჰქვია!

იხილეთ გაგრძელება: თავი II

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი