რატომ ვერ მოხერხდა თენგიზ სიგუას შვილიშვილის გადარჩენა - "ირინა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდიო"

რატომ ვერ მოხერხდა თენგიზ სიგუას შვილიშვილის გადარჩენა - "ირინა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდიო"

ცოტა ხნის წინ, ყველამ საოცრად განიცადა სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე გოგონას მოულოდნელი გარდაცვალება. ქეთის ღვიძლზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბოლოს მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ აუცილებელი გახდა გადანერგვა. დონორობა დედამ, ირინა სიგუამ გაუწია, თუმცა, საუბედუროდ, გოგონას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, არავის ეგონა, თუ ასე რთულად იყო საქმე. დედა-შვილი თბილისიდან თურქეთში დიდი იმედებით წავიდა. აქ უამრავი გულშემატკივარი დატოვეს. ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა, მსგავსი ტრაგედია მომხდარიყო.

ნინო ლჟავა (ირინა სიგუას მეგობარი): ქეთი განსაკუთრებული ადამიანი იყო. ამ ერთ გოგონაში თავმოყრილი იყო ყველა ის დადებითი თვისება, რაც, ზოგადად შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს: სიკეთე, სითბო, სიყვარული... სულ რამდენიმე წუთი იყო საჭირო მის შესაყვარებლად. ყველგან სითბო, სიყვარული და უდიდესი პოზიტივი შეჰქონდა... მასთან ასაკობრივ სხვაობას ვერ იგრძნობი. მარტო მეგობრის შვილი კი არა, ჩემი შვილიც იყო და – დაქალიც, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაცილებით დიდი ვარ. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ჩემს შვილთან, რომელიც მასზე ხუთი წლით პატარაა. და-ძმასავით იყვნენ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. საოცრად გულწრფელი და ბავშვური ემოციები ჰქონდა. სულ მოღიმარი, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ორ სიტყვას რომ იტყოდა, უცებ შეგაყვარებდა თავს.

- ახლა როგორია ქეთის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა? რამდენადაც ცნობილია, როცა გოგონა დაკრძალეს, მაშინ ჯერ კიდევ უგონოდ იყო და არ იცოდა, შვილის გარდაცვალების შესახებ.

- ამ მომენტში, სამწუხაროდ, მე მასთან ერთად არ ვყოფილვარ თურქეთში. სხვა მეგობრები იყვნენ მის გვერდით. მათგან ვიცოდი, რომ ექიმის თხოვნით, არ ეუბნებოდნენ ქეთის გარდაცვალების შესახებ. ამხელა ოპერაცია გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში იყო. უსიტყვოდ იწვა, თვალდახუჭული, ხმას არ იღებდა. არც ქეთიზე გვეკითხება რამესო, მეუბნებოდნენ. კარგად ვიცნობ ირინკას, რადგან ქეთიზე არაფერს კითხულობდა, ესე იგი, უკვე გრძნობდა, რა უბედურებაც მოხდა. ეს ორმაგად მძიმეა. როცა არ ლაპარაკობ და ამხელა ტკივილს გულში იკლავ. ახლა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდი, რადგან არ მინდოდა ისინიც დამეძაბა და მძიმე მდგომარეობაში ჩამეყენებინაო. ყველა დედა დამეთანხმება, რომ ის სხვანაირად გრძნობს შვილის ამბავს, მაგრამ ირინკა განსხვავებულია, საკუთარ ტკივილსა და პრობლემებს სხვას არ მოახვევს თავს.

- ფაქტია, რომ უძლიერესი ადამიანია, რომელსაც ამ მდგომარეობაშიც კი, შეუძლია სხვაზე ფიქრი. მაგრამ, უდიდესი ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში, ერთადერთი შვილი დაკარგა. როგორია მისი მდგომარეობა?

- ძალიან მეშინოდა მის გამო, დაკარგა ერთადერთი შვილი, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მეორე ოჯახის შექმნას ვერც უხსენებდი, შვილი მყავს და ჩემი ცხოვრების მიზანი ის არისო, ყოველთვის ამას ამბობდა. ძალიან ვნერვიულობდი, როგორ იქნებოდა. მით უმეტეს, რომ თავიდან კონტაქტზე არ გამოდიოდა. ამ ამბების შემდეგ რომ დაველაპარაკე, მითხრა: ვიცი, რომ მშობლებს ვჭირდები (ისიც ერთადერთი შვილია თავის მშობლებისთვის), მაგრამ კიდევ მინდა რაღაც ვაკეთოო. ამიტომ გადაწყვიტა, გააკეთოს ასოციაცია, რომლის მეშვეობითაც, ქეთის სახელით სხვის შვილებს დაეხმარება. მშობლებიც ცუდად არიან. ირინა ჯერ ძალიან სუსტადაა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს. ისედაც რაღაც განსაკუთრებული ადამიანია. ყვოელთვის ცდილობდა, მისი პრობლემებით სხვები არ დაემძიმებინა, სხვებისთვის ბოლომდე იხარჯებოდა. სასწაული გვერდში დგომა იცის. მიხარია, რომ მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, ამ მდგომარეობაშიც ისევ ახერხებს სხვებზე ფიქრსა და ზრუნვას.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა

ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი