საუკუნის პროექტი - 2017 წლის 15 ივლისს ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება

საუკუნის პროექტი - 2017 წლის 15 ივლისს ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება

საუკუნის პროექტი - 2017 წლის 15 ივლისს ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.  ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში, აღმოსავლეთ-დასავლეთ-სამხრეთ საქართველოს გზაგასაყარზე, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში საფუძველი ჩაეყრება საუკუნის პროექტის, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას.

პროექტი, რომლის ავტორიც სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე სვიმეონია, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. გრანდიოზული პროექტის გახსნა 15 ივლისს ტაძრის საძირკველის კურთხევით დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სასულიერო მაღალი იერარქიის სამღვდელოება, მთავრობის წარმომადგენლები და ემიგრანტებიც დაესწრებიან, მრევლს მისვლა საქართველოს ყველა კუთხიდან შეეძლება. ახალი ბანას აღდგომის სახელობის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, ზემო სერის მთაზე შედგება, საზოგადოებას მისვლა 15 ივლისს 11 საათიდან შეეძლებათ.

13:00 საათზე შედგება ტაძრის მშენებლობის კურთხევა, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჩაატარებს და მეუფე სვიმეონთან ერთად, ისტორიული პროექტის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში კაფსულას მოათავსებს.

15 ივლისს, ახალი ბანას პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა პატრიარქისა და მეუფე სვიმეონის კურთხევით, შეიტანონ წვლილი ტაძრის მშენებლობაში და საძირკველში ჩასაყოლებლად ზემო სერის მთაზე მიიტანონ ქვა, რომელზეც საკუთარი და ახლობლების სახელები იქნება დაწერილი.

ხაშური-სურამის ეპარქიის ხელმძღვანელის თქმით, ტაძრის მშენებლობის მიზანი მომავალი თაობებისთვის ბანას ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.

"ბანას" ისტორია და რას მოიცავს ახალი ბანას სამონასტრო საგანმანათლებლო კომპლექსი: ახალი ბანას აღდგომის სახელობის სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება აწ განადგურებული ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უდიდესი საგანძურის - ბანას ტაძრის ორეული და 21-ე საუკუნის საქართველოში ქართული განათლების ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი - საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოდითგანვე არსებული ყოველი მონასტერი იყო არამარტო სასულიერო მოღვაწეობის ადგილი, არამედ - საგანმანათლებლო ცენტრიც.

ახალი ბანას საგანმანათლებლო ცენტრში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სასწავლო და სამეცნიერო შეხვედრებს გამართავენ და შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. სასწავლო პროცესის და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ ახალი ბანას ტაძარი და დაესწრონ ღვთისმსახურებას, გაეცნონ მონასტრულ ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღონ მონასტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, დააგემოვნონ მონასტერში მომზადებული ტრადიციული ქართული კერძები და განიტვირთონ უმშვენიერეს ბუნებაში.

ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი თავისი არსებობით ხელს შეუწყობს თეოლოგიურ და სხვა სამეცნიერო დარგებში საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებას. მეცნიერებისა და განათლების უდიდეს მნიშვნელობაზე არაერთხელ უსაუბრია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. როგორც ილია II ბრძანებს: "მეცნიერებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. თუ ჩვენ მეცნიერება დავკარგეთ და დავივიწყეთ, ქართველი ხალხი დაიღუპება. მეცნიერება ცვლის ადამიანის ბუნებას და ხასიათს. თუ განათლებულია ადამიანი, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე.

#მოდიბანასპროექტისპრეზენტაციაზე #დადეშენისახელობისქვაბანასასაშენებლად #შექმენისაქართველოსისტორია #ბანაგვაერთიანებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი