პირადი სივრცე

პირადი სივრცე

ცისფერი სისხლის 50 პროცენტი

დილიდან ღრუბლიანი ამინდია.

არ ვიცი, ყველაფერი ასე იდეალურად ემთხვეოდეს, ჩემს ხასიათს, ცოტა მეუცნაურება.

იმ დღეს წვიმა ვინატრე და - გაწვიმდა.

გუშინ, გვიან ვამბობდი, ხვალ ნეტა მზემ არ გამაღვიძოს და გამოვიძინოთქო, თვალს ვახელ შუადღის 12 საათზე და ღრუბლებია.

„ღმერთო, როგორ მიყვარხარ!“ - თვალს ვუკრავ ჭერის ერთ ამოჩემებულ წერტილს და სულელივით მეცინება.

ან, რატომ მეცინება?

არ არსებობს ღმერთი,

ცაში არ არის,

არ მიყურებს,

თუ, რა?

არ მესმის, რა არის ამ სიტუაციაში სასაცილო.

ჩემს თავს ვსაყვედურობ მე თვითონ.

დიახ, მადლობელი ვარ!

მადლობელი ვარ, რომ იმ „გველეშაპებს“ გამოვეხსენი და ჩემს ჭკუაზე ვიძინებ და ვიღვიძებ.

აივანზე მეორე დღეა, სარეცხს ვფენ მაისურით, რომელიც სიმოკლით, ფაქტიურად, ბიუსტჰალტერია, მაგრამ საერთოდ არ მედარდება.

თარხნიშვილზე, ცხვირსახოცის გაფენა რომ მდომებოდა, მხოლოდ 1 წამიანი მოქმედების გამო, უნდა ჩამეცვა ჩოხა-ახალუხი, თავზე დამემხო ჩიხტიკოპი ან „ნა პადობიე“ შლაპა, აუცილებლად უნდა დამესხა სუნამო (სასურველია, ფრანგული) და აი, ასე გრაციოზულად, არომატის ფრქვევით უნდა გავსულიყავი აივანზე, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეზოში სადაც სრულიად საქართველოს ნაღები საზოგადოება - ანდა, რა ნაღები, უბრალოდ 9 თაობა ვერელი - იყრიდა თავს და აივნის კარი გაღებული არ მქონდა, მთელი ბრბო, ზემოთ იხედებოდა.

- ღმერთო, რა გამაჩინეს ასეთი ლამაზი, რომ ყველას ჩემი დანახვა უნდა?! - ხუმრობით ვამბობდი ხალხის რეაქციით გათამამებული და ჩოხას ვიხდიდი ოთახში შემოსვლისას.

ამ ხუმრობაზე, სრულიად სერიოზულად ემატებოდა 5 სანტიმეტრი სიმაღლეში, სიხარულისგან, დეიდაჩემს, რომელსაც „მის უნივერსი“ ვგონივარ და დედაჩემს, რომელსაც სწამდა, რომ შვილი მხოლოდ მან გააჩინა და ეს ბედნიერება, მას, პლანეტაზე ერთადერთს ეკუთვნის.

თუმცა, მაინც მონახავდა საყვედურის სათქმელს და რაიმე, არარსებულ მიზეზს მოიგონებდა, ოღონდ ხაზი გაესვა, რომ მთლად ბოლომდე კმაყოფილი ჩემით არ არის, იმიტომ რომ, აწ არსებული ნივთი, რომელიც მე, 2 წუთის წინ აივანზე გავიტანე, არამართებულად დავკიდე პოზიციით „მარჯვნიდან -მარცხნივ“ და ეს მის ზნეობრივ, კულტურულ, „ნამი ველს - ჟამი სულს - მადლი ჭერს - ხვავი ჭურს“ და თავადური ცისფერი სისხლის 50 პროცენტის მატარებელს, მის შვილს, არ მეკადრებოდა.

ამ იმპერატორული ტონის საპასუხოდ, მე, მისი თავადური სისხლის 50 პროცენტის მქონე პირმშო, ხმამაღლა ვიცინოდი და დანანებით ვამბობდი - ნუ, რას ვიზამ, სად შეგწვდებით ცაზე მაღლებსთქო.

თქვენ წარმოიდგინეთ, თავადი დები, ამ სიტყვებს ძალიან მშვიდად იფერებდნენ და მერე ზუსტად ნახევარი საათი, მე მათ ქცევაზე მეცინებოდა.

აკაკი წერეთლის ფინჯანი ჩაის ისტორია

სამი დღეა, რაც ამ სახლში გადმოვედი და ყოველწუთიერად ამდენს თუ ვიფიქრებდი დედაჩემსა და დეიდაჩემზე, ნამდვილად არ მეგონა...

უკვე მენატრებიან და ჩემს თავს არ ვუტყდები, ალბათ, ბოლომდე.

მწყინს, რომ არ მირეკავენ.

ნეტა, როდემდე ექნებათ აწეული წარბი და ბოტოქსის ეფექტზე უფრო მაგრა გადაჭიმული მაღალი შუბლი, რამდენჯერაც ჩემს მეტიჩრულ გადაწყვეტილებაზე - გადავსულიყავი ცალკე - ისაუბრებენ?

ხოდა, ისხდნენ თარხნიშვილის 13 ნომერში და შეურაცხყოფილებმა, არისტოკრატულად აბოლონ თამბაქო.

ძალიანაც კარგი, ჩემი ისტერიული პრეტენზიებისგან დავასვენებ ცოტახანს.

„არა, თუ ხედავ, რომ სტუმრებს ეპატიჟება მისაღებ ოთახში, სადაც სუფრა არც კი გადაუფარებია მაგიდისთვის და ხელსახოცებიც უგემოვნოდ აქვს ნაყიდი დღევანდელი დღისთვის“ - აღშფოთებას ვერ მალავდა დედაჩემი და გაოცებით უთითებდა თავის დას, მისაღები ოთახის ანტიკვარულ მაგიდაზე, სადაც აკაკი წერეთელმა ოდესღაც დალია ჩაი და იმ სითხის ლაქა დღემდე მთავარი სალაპარაკო თემაა, რამდენჯერაც მათი „ტარტალეტკა“ მეგობრები მოდიან ჩვენთან, ფინჯანი ყავის დასალევად.

„ზუსტად იცით, რომ აკაკი წერეთელმა დალია ეგ ჩაი, მაგ მაგიდაზე ლამის წითელი ლენტით რომ მოხაზეთ და მტვერს წმენდთ დილა - საღამოს და არა ვინმე რიგითმა დურგალმა, დაღლილობის ჟამს, კარაქიან პურთან ერთადთქო?“ - ვიკითხე ერთ მშვიდ საღამოს, როდესაც ბანტიანი გიტარით ხელში მღეროდნენ რუსულ რომანსებს ჩვენს სახლში სტუმრად მოსული წერეთლები და ერისთავები.

უზრდელობი გამო, იმ დღეს ძალით დამაძინეს 8 საათზე და არც მამბის ნაყიდი უყიდიათ ვაკის პარკში, მეორე შაბათს.

ნეტა, ასე რატომ გაგიჟდნენ?

სერიოზულად დავინტერესდი და ჩემი აზრი გამოვთქვი, დიდი ამბავი,

როგორ შევკადრე მეფის კარს?

ხოდა, ძალიანაც კარგი, რომ ვთქვი. აი, ზუსტად ეგრე მინდოდა!

იმ შაბათს სულ არ მომითხოვია ეგ მტვრით სავსე ნაყინი, საერთოდაც არ მაინტერესებდა მისი გასინჯვა.

მის გარეშეც გადასარევად ვითამაშე, ვარდისფერ ქვიშაში და ყველას ჯინაზე, ახალ ნაყიდ კეტებშიც დაუნანებლად ჩავიყარე აღნიშული ფერადი ხრეში, სახლში წამოსვლამდე.

სახლში მისული კი, გვარიანად გამჩეჩეს და ისე დამაძინეს.

მაგრამ დიდად, არც ეგ მედარდებოდა.

მხიარული ბავშვობა მქონდა, ერთი სიტყვით, ცისფერ სისხლიანთა ბუმბულები და საგვარეული გერბი რომ არ ჩავთვალოთ.

ირეალური ბინა

„იწვიმოს, რა! ღმერთო, ბარემ იწვიმოს და დღეს, ცოტახნით, თავს მართლა დაგანებებ„-- ისევ თვალს ვუკრავ ჭერში ერთ წერტილს და კიდევ მეცინება.

ვწევარ აი, აქ, ჩემს საკუთარ ულამაზეს საძინებელში,

ღია იისფერ თეთრეულში, ყველაზე მოკლე მაისურით რაც კი ოდესმე შეუკერავთ.

გვერდით, სულ ცოტა, ბრედ პიტი, ანდა, ჯანდაბას, ჯუდ ლო მაინც რომ უნდა მეწვეს და საშინლად მესიკვდილება გამოფხიზლება.

თავიდან ვიწყებ ჩემი სახლის თვალიერებას.

ძალიან ვერთობი.

მეშინია, სიხარულისგან არ გავაფრინო, ისე მომწონს იდეა, რომ

მარტო ვცხოვრობ და მარტო მძინავს უ-ბრედ პიტო საძინებელში,

რომელიც ყველა ნანახ სასტუმროსა და სახლზე ლამაზი და მყუდროა.

ეს სახლი რომ ავეჯით ვიყიდე, ალბათ არ იცით, ხომ?

უფრო სწორად, ბინის ასარჩევად რომ მივედი, მეგონა, ვნახავდი, ფურცელზე, ან ონლაინ პრეზენტაციის ფორმატის მაკეტს,

დავათვალიერებდი დიზაინს და წამოვიდოდი სახლში.

ადგილზე მისულს კი, მაკეტის ნაცვლად დამხვდა ჩვეულებრივი მოწყობილი ბინა, გესმით?

შედიხარ, სახლში, კეტავ კარს და... ბინაა, რა!

ტელევიზორით, აბაზანით, საშხაპე კაბინით.

წამოწვები, წყალს დალევ, სამზარეულოში დაჯდები, საჭმელს ნამდვილად ვერ გააკეთებ, მაგრამ ალბათ, მოწევ კიდეც, თუ ძალიან თხოვ ადმინისტრაციას :)

ეს სივრცე ბინის ცოცხალი მაკეტია,

და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს - ნამდვილი არ არის.

ცოტახანში აღმოვაჩინე, რომ შემიძლია ამ არსებული ტექნიკის, ჭაღის, ავეჯის იდეა ვიჩუქო, წავიდე

და ზუსტად იდენტური დიზაინით მოვაწყო ჩემი ბინა.

აი, ამ მაგიდაზე აკაკი წერეთელს ნამდვილად არ დაულევია ჩაი, თუმცა, იმდენად ლამაზი და ხარისხიანია, როგორმე ავიტან!

ხოდა, მითხარით, როგორ მეთქვა ასეთი მომსახურებისთვის, უარი?

ვერ ვთქვი!

მოკლედ, გამარჯობა!

მე ანო ვარ,

28 წლის და

ეს ირეალური სახლი,

რეალურად ჩემია!

გაგრძელება იქნება

იხილეთ პირველი თავი

sponsored by ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი