უცხო ქართველთა მარში (ბლოგი)

უცხო ქართველთა მარში (ბლოგი)

ლადო გოგოლაძის ბლოგი

...სოსო ჩემი მამიდაშვილია. სოსო დვანიდანაა, იმ დვანიდან სადაც მავთულხლართებია გავლებული. სოსო ქართველია, შეუპოვარი და პატრიოტი. ის ყოველდღე ატარებს ქართულ მარშს და ზედ მავთულხლართების ძირში თავის მიწას ამუშავებს. დარგულ პომიდორს ელოდება, რომ წლის სარჩო ჰქონდეს. სოსოს მხარდამჭერები მხოლოდ პომიდვრის ჩითილები არიან, რადგან სხვები ვისაც მარშებისკენ აქვთ მიდრეკილება, პრობლემას მხოლოდ სხვა ეროვნების ხალხში ხედავენ.

ალბათ იტყვით, ვის რაში აინტერესებს შენი მამიდაშვილი და მისი ჩითილებიო, გეტყვით რატომაც დავიწყე სოსოთი ეს ბლოგი, ისინი ვინც ამბობენ რომ საოკუპაციო ზონაში ჩასვლა და მავთულხლართების გაპროტესტება პროვოკაცია იქნებაო, ჩავიდნენ და "სოსოებს" მიეხმარონ, დამერწმუნეთ, ბევრი "სოსო" ცხოვრობს მავთულხლართების გვერდით, ვისაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მათ გვერდით დგომა ხომ აღარ იქნება პროვოკაცია თუ ამაზეც გაგვიბრაზდება "კეთილი მეზობელი"?!

"ქართველთა მარში", აღმაშენებლის გამზირზე ბორდელების არსებობას აპორტესტებს, ამბობენ თითქოს იქ არასრულწლოვანთა პროსტიტუციას ეწევიანო და თან იქ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დადიანო. დავიწყოთ იმით, რომ თუ ასეთი დაწესებულებები მართლაც არის ქვეყანაში, არსებობს კანონი და ამას უნდა მიხედოს პოლიციამ და გარდა ამისა, დავიჯერო "მარშელები" ვაგზლის მოედანზე ღამის საათებში არ ყოფილან? არც გლდანში გასულან და არც ვარკეთილში? თუ იქ არსებული ბორდელები არ არის სახიფათო, რადგან მხოლოდ ქართველ მამაკაცებს ემსახურებიან? თან იქ მომსახურე ადამიანების პირადობის მონაცემები იციან და ყველა სრულწლოვანია?! თუ არცერთი, მაშინ მაგას რატომ არ აპროტესტებენ?!

მარშის ორგანიზატორები აქციას, დავით აღმაშენებლის გამზირზე ატარებენ, მეტიც - წმინდა მეფის ფრესკაც წაუმძღვარეს წინ აქციას. გულწრფელად მაინტერესებს, ის ფაქტი, დავითმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რომ ყველანაირი პირობა შეუქმნა კარგი ცხოვრებისთვის, მეტიც იქ სადაც მუსლიმი ცხოვრობდა ღორის დაკვლაც აკრძალა, მემატიანეს ფანტაზია ჰგონიათ და დიდგორში რომ 300 000-იან მტერს 55 600 მებრძოლი მოერია ეგ უტყუარი ჭეშმარიტება?!

სერვანტესი ქართველებს არ იცნობდა, თორემ დონ კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლის თავი, უსათუოდ ჩვენი სახელობის იქნებოდა. აბა სხვა რა შეიძლება დავარქვათ იმას, როცა რეალური მტერი ყოველდღე მოიწევს, ხვალ შეიძლება ჩვენ ეზოში შემოვიდეს და რას ვაკეთებთ ამ დროს?! ამ ვაი პატრიოტობის შედეგად ვიღებთ იმას, რომ დღეს თუ 400 მეტრი გადმოწიეს ხვალ კიდევ 400-ს მიამატებენ და საბოლოოდ სახლის კარზე რომ მოგვიკაკუნებენ, მივხვდებით - ქარის წისქვილებთან ბრძოლაში ისე შემოგვეპარა ნამდვილი მტერი, რომ ვერც ვერაფერი გავიგეთ.

ბრძოლას არავინ ითხოვს, მაგრამ თუ მცოცავი ოკუპაციის დროს, სხვა რამეს გავაპროტესტებთ, ხვალ ეს "ცოცვა" ტენდენცია გახდება და მერე მარში ძალიან გვიანი ხომ არ იქნება?! თან თუ ყოველ "გადმოცოცებაზე" გავჩუმდით ხვალ "ერთმორწმუნეს" ეგონება, ამათ ალბათ მოსწონთ რაც ხდება, თორემ როგორ არავინ გამოჩნდა, ვინც იმას მაინც გვეტყოდა - გაჩერდით, ამას ნუ აკეთებთო!

შეიძლება ვინმემ ისიც კი თქვას, მავთულხართებთან წასასვლელად ტრანსპორტია საჭირო - მოიყვანეთ და წავალო. საინტერესოა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს რომ მავთულხართებთან ჰქონდეთ ბორდელები და კაფეები არ წავიდოდნენ? თუ არა, მაშინ რა გამოდის - მხოლოდ თბილისს ვიცავთ?!

საზოგადოების ნაწილი, "ქართველთა მარშის" უკან რუსეთის ინტერესებს ხედავს, რაზეც მარშის ზოგიერთი ლიდერი ამბობს, როგორ შეიძლება მე რუსეთის ინტერესებს ვატარებდე, მაშინ როცა აფხაზეთის ომში ვიბრძოდიო. ამ ლიდერთან ერთი კითხვა მაქვს - მაგ ომში იბრძოდნენ თენგიზ კიტოვანი და იგორ გიორგაძე, რომლებსაც თავად ეს ლიდერი მოიხსენიებს რუსეთის აგენტებად. გამოდის, აფხაზეთის ომში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ინტერესს ემიჯნები. ვფიქრობ ეგრეა, შეიძლება ვცდები...

P.S. სოსოთი დავიწყე და ისევ სოსოთი დავამთავრებ. სოსომ შეიძლება არც წაიკითხოს ეს ბლოგი, დრო არ აქვს. დილით უნდა ადგეს და თავის პომიდვრებს, ხეხილის ბაღებს მიხედოს, ბაღებს რომელიც ვიდრე ჩვენ "მარშებით" ვართ დაკავებული, შეიძლება მავთულხლართებს მიღმა დარჩეს, მაგრამ მთავარია ხომ ისაა, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრიოტული ლოზუნგებით ჩავიარეთ, ამ ლოზუნგების იქით სოსოს პომიდვრების და ხეხილის დედაც ჯეკ...!!!

p.p.s ალბათ იტყვით, თუ ეგაა პატრიოტიზმი ჩადი და მიეხმარეო, ამიტომ აქვე გიპასუხებთ, ჩავდივარ და შეძლებისდაგავრად ვეხმარები კიდეც, მარშების გარეშე.

ლადო გოგოლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი