"ტრაგიკული კაცი იყო, 21 წლის შვილი ჰყავს დაღუპული" - რას ჰყვება მეგობარი თურქეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ოპერატორზე

"ტრაგიკული კაცი იყო, 21 წლის შვილი ჰყავს დაღუპული" - რას ჰყვება მეგობარი თურქეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ოპერატორზე

16 ივლისს თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც ქართული ანსამბლის "ლამპრების" მოცეკვავეები, ქორეოგრაფი და ოპერატორი იჯდა. ავტოავარიის დროს ავტობუსში სულ 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 28  დაშავდა. ერთ დაშავებულ ქალს, რომელიც ერთ-ერთი ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ოპერატორი მერაბ ხუჭუა, რომელიც რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.

Ambebi.ge ოპერატორ მერაბ ხუჭუას მეგობარსა და კოლეგას გია კაიშაურს ესაუბრა:

- მე და მერაბს წლების ნაცნობობა და ძმაკაცობა გვაკავშირებს. ისიც პლეხანოველი ბიჭია, იქვე ჰქონდა პირველი სტუდია. ერთად იუმორისტ მერაბ სიჭინავას ფილმებს ვაკეთებდით. "ერისიონთან" წლების თანამშრომლობა აკავშირებს, თუ სწორად მახსოვს, ნათელ-მირონობაც აქვს ხელმძღვანელთან. ბოლო დროს დრონით გადაღება შეისწავლა, დიდი გეგმები ჰქონდა. სანამ თურქეთში წავიდოდა, დამირეკა და მითხრა, ბიჭებმა ერთად დავლიოთო. გადაღებები მქონდა და უარი ვუთხარი... სხვა ძმაკაცებთანაც დაურეკია, ეტყობა გული უგრძნობდა საწყალს და ითხოვდა, ჩვენთან ერთად დიდი დრო გაეტარებინა. მითხრა 25-ში ჩამოვალ და მაშინ ვიქეიფოთო... ახლა მისი ვაჟი გაემგზავრა თურქეთში და ხვალ ჩამოასვენებენ საქართველოში.

- ოჯახი ჰყავდა?

- ტრაგიკული კაცი იყო. პირველი შვილი 21 წლის ასაკში გლანდების ოპერაციის დროს დაეღუპა.  ეტყობა გული უგრძნობდა ბავშვს, წინა დღით უთქვამს, ხვალ ნარკოზს რომ გამიკეთებთ ვეღარ გავიღვიძებო. ეშინოდა ოპერაციის და ასეც მოხდა. გლანდების ოპერაციის გაკეთების შემდეგ ნარკოზიდან ვეღარ გამოიყვანეს. მას შემდეგ მერაბი ძალიან სევდიანი და გულჩათხრობილი კაცი გახდა. შვილის სიკვდილმა მასზე ძალიან იმოქმედა. საწყალს ორი შვილი დარჩა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ: "ავტობუსს საბურავი გაუსკდა, შემდეგ ტროტუარს დაეჯახა..." - რას ყვება თურქეთში მომხდარ ავარიაზე "ლამპრების" ქორეოგრაფი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი