"მახსოვს, მხოლოდ ერთი წამი, როცა ავტომობილი დავინახე ჰაერში..." - გაიცანით ქალი, რომლის ისტორიაც მალე წიგნად იქცევა

"მახსოვს, მხოლოდ ერთი წამი, როცა ავტომობილი დავინახე ჰაერში..." - გაიცანით ქალი, რომლის ისტორიაც მალე წიგნად იქცევა

"შემოვალ ეტლით" - წიგნი, ამ სახელწოდებით მალე ბესტსელერად იქცევა. შორენა ხუხუას ნაწარმოები "პალიტრა L"-ის კონკურსში მკითხველის ფავორიტი გახდა. გამომცემლობამ კონკურსი - "გახდი ბესტსელერის ავტორი" 20 მარტის დაიწყო. მასშტაბურმა კონკურსმა მომავალ მწერლებს მისცა საშუალება, საკუთარი ნაწარმოებები ფართო მასებისთის გაეცნოთ. კონკურსში მონაწილეობას 300-მდე დამწყები მწერალი იღებდა, საბოლოოდ კი კომპეტენტური ჟიურისა და მკითხველის საშუალებით 5 გამარჯვებული გამოვლინდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გაგაცნოთ მომავალი ბესტსელერების ავტორები. შორენა ხუხუა მარნეულის სკოლის დირექტორია. მისი წიგნი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიულია - ის ტრაგიკულმა შემთხვევამ რამდენიმე წლით ეტლს მიაჯაჭვა და წიგნში სრული სიმძაფრით აღწერა ის განცდები და პრობლემები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აქვთ...

იხილეთ ვიდეო

"2009 წლის 9 თებერვალს, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა... სამსახურიდან ვბრუნდებოდი თბილისში, გზაში შვილმა დამირეკა, მასწავლებელთან უნდა წამეყვანა, შევპირდი რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ძალიან მალე, ეს სიტყვა კი მივეცი ჩემს შვილს, მაგრამ ვერ დავბრუნდი... ჩვენი ავტომობილი ჯერ სამარშრუტო ტაქსის დაეჯახა, შემდეგ კი ჰაერში ამოტრიალებული დაეცა ჩემს მანქანას. მე ამ ყველაფერზე რომანშიც ვისაუბრებ... მახსოვს, მხოლოდ ერთი წამი, როდესაც ავტომობილი დავინახე ჰაერში და გავიფიქრე, რომ აქ ყველაფერი სრულდებოდა. გონს მალევე მოვეგე, ირგვლივ ხალხი ირეოდა, მინდოდა მეყვირა და მეთქვა მათთვის რომ ცოცხალი ვიყავი, მაგრამ არ შემეძლო... საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს გონზე ვიყავი, სამწუხაროდ მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა და რამდენჯერაც გონს მოვიდოდი, მუდმივად ამ ბიჭის დედის კივილი ჩამესმოდა...

- როგორ გაგრძელდა ცხოვრება შემდეგ?

- 7 ოპერაცია გავიკეთე, წარუმატებელი გამოდგა, ფეხი სწორად არ შეხორცდა და სიარულს ვეღარ ვახერხებდი, 6 თვე გაუნძრევლად ვიწექი. აქტიურ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული და ვხვდებოდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ამ დროს ჩემს ყოფილ სამსახურში ვაკანსია გამოცხადდა და გადავწყვიტე, რომ კონკურსში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ვერ დავდიოდი, ერთადერთი გამოსავალი იყო ეტლი. ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ძმები, მამა, თუმცა მე მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეტლით მოსარგებლე გავმხდარიყავი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. სწორედ ასე ეტლით ჩავაბარე, დირექტორების გამოცდაც და პედაგოგებისაც.

- რა გასწავლათ ამ პერიოდმა?

- სამყაროს ქვემოდან ზემოთ ყურება, მთელი სამყარო დაგცქერის ზემოდან, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ყველაზე საღად მოაზროვნე და თანამედროვე ადამიანიც კი სიბრალულით გიყურებს, რაც ყველაზე მტკივნეულია ეტლში ყოფნის დროს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ყოველდღე გიწევს ბრძოლა საკუთარ თავთან, სწორედ საკუთრ თავს უნდა დაუმტკიცო პირველ რიგში, რომ ამით არაფერი არ მთავრდება, რომ ეტლი განაჩენი არ არის, რომ შენ ისევ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და არ გაქვს უფლება დეპრესიაში ჩავარდე და ტირილში დაკარგო დრო, ცრემლებით არ უნდა დაამძიმო ისეთი საჩუქარი როგორიც სიცოცხელეა, ამიტომ ღიმილისთვის და ოპტიმიზმისთვის ყოველთვის ვეძებდი მიზეზს და ვპოულობდი კიდეც. როდესაც ეტლიდან წამოვდექი, მაშინ ალბათ ყველაფერი თავიდან დაიწყო, სიარული თავიდან დავიწყე და ვისწავლე, ჯერ ორ ნაბიჯს ვდგამდი, ვიღლებოდი, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა.

- პალიტრა L-ის ლიტერატურულ კონკურსში რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა?

- ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ასეთი კონკურსი ტარდებოდა, ვიფიქრე და გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა, ჩემი რომანის მთავარი გმირის მიღმა მე ვარ, ის ჩემით სუნთქავს და ჩემი ემოციებითა და განცდებით ცხოვრობს. ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ალბათ სწორედ ეს გულწრფელობა მოეწონა მკითხველსაც, ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, როდის დაიბეჭდება წიგნი, ჯერ დასრულებული არ მაქვს, ახლა მესამე ნაწილზე ვმუშაობ, ეს წიგნი იქნება პოზიტივი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ძლიერისთვის, სუსტისთვის, ეტლით მოსარგებლისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ის მარტო არ არის. მე ვფიქრობ, რომ ჩემს წიგნს ყველა ასაკის მკითხველი ეყოლება და სწორედ ეს ადამიანები იქნებიან გადამწყვეტი, ვიქნები თუ არა მე ბესტსელერის ავტორი, მე რაც შემეძლო ყევლაფერი გავაკეთე.

ესაუბრა თამთა ასათიანი

წაიკითხეთ ვრცლად ჟურნალ "გზის" 20 ივლისის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი