ავტორი:

უცნობი ფაქტები საქართველოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრებზე - როგორ ვითარდება დამანგრეველი სტიქია

უცნობი ფაქტები საქართველოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრებზე - როგორ ვითარდება დამანგრეველი სტიქია

მიწისძვრასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ირაკლი მიქაძე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრი.

- ბოლო დროს მსოფლიოს მასშტაბით მიწისძვრები გახშირდა...

- ამ მხრივ წყნარი ოკეანის რეგიონი გამოირჩევა, რომელიც ე.წ. "ცეცხლოვან რკალში" მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ფილების გადაადგილების შედეგად, რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, საიდანაც აღსანიშნავია 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი 9.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსხვერპლი 280 ათასი ადამიანი), 2010 წლის ჰაიტის 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსხვერპლი 316 ათასი) და 2011 წლის იაპონიის 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსხვერპლი 15 878 ადამიანი).

- შეიძლება თუ არა მოსალოდნელი მიწისძვრის წინასწარ გამოთვლა, მით უფრო, ბალის ზუსტი დადგენა?

- მიწისძვრის ეპიცენტრისა და დროის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან არავინ იცის, სად რომელი ბლოკი გადადგილდება და შემდგომ პროცესები როგორი მიმართულებით განვითარდება. რაც უფრო დიდი დრო გადის და მიწისძვრა არ ფიქსირდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლოა მოხდეს, ანუ სეისმურად აქტიურ ზონაში, უფრო საშიშია. რაც უფრო იზრდება დედამიწის მიწისქვეშეთში ენერგია და გროვდება, ეს შეიძლება იყოს საბაბი იმის, რომ შემდგომში ძლიერ მიწისძვრასთან გვქონდეს საქმე. ამიტომ მცირე მიწისძვრებმა არ უნდა შეგვაშინოს.

- სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ საქართველოში წინასწარ რისი დადგენაა შესაძლებელი და საერთოდ რამდენად ხშირად ხდება საქართველოში ძლიერი მიწისძვრა?

- სეისმურ დაკვირვებებს საქართველოში 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ პერიოდის მანძილზე დაფიქსირებულია ძლიერი, საშუალო და მცირე სიმძლავრის მიწისძვრები. ისტორიულად ცნობილია, ჯერ კიდევ 1088 წელს, დავით აღმაშენებლის გამეფების პერიოდში, ჯავახეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, რომელიც "თმოგვის მიწისძვრის" სახელითაა ცნობილი. ასევე, ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია ვარძია. 1920 წელს - გორის მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა ეპიცენტრში 8-9 ბალი იყო, 1963 წელს - გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხალთასთან - 9 ბალი, 1991 წელს - საჩხერისა და რაჭის მიწისძვრა, ეპიცენტრში - 9 ბალი. 13:13 წუთზე საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე სოფელი ხახიეთი მთლიანად განადგურდა. ეს იყო ნაკლებად დასახლებული ტერიტორია და 100 ადამიანზე მეტი მსხვერპლი არ იყო. ასეთი მიწისძვრის ეპიცენტრი დიდ დასახლებულ პუნქტში რომ ყოფილიყო, იქ, ალბათ, ვერაფერი გადარჩებოდა.

ტყიბული მიწისძვრის შემდეგ 1991

საშუალო ძალის (5 და 4 ბალის მაგნიტუდის) მიწისძვრები დაფიქსირდა - 1935, 1949 და 1953 წლებში, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, 2012 წელს - აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში - 5,5 მაგნიტუდის, 2013 წელს - ყვარელთან და ნინოწმინდასთან - 5 მაგნიტუდის.

ნებისმიერი პროგნოზის ფასეულობა დროით იზომება. თუ იტყვი, რომ 20 წლის განმავლობაში რაღაც საშინელება მოხდება, ეს არ არის პროგნოზი, ვინაიდან 20 წელი საკმაოდ დიდი დროა. მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ დედამიწამ გაიარა შედარებითი კეთილდღეობის ფაზა და ახლა ახალ ფაზაში გადავიდა. ზოგს მიაჩნია, რომ ახალი ფაზა 2000 წლიდან დაიწყო, ზოგი კეთილდღეობის დასასრულად 2050-ს ასახელებს! დანამდვილებით კი არავინ არაფერი იცის.

ტყიბული მიწისძვრის შემდეგ 1991

- საერთოდ, რა იწვევს მიწისძვრას და რამდენ ხანში ერთხელ ხდება დიდი მასშტაბის მიწისძვრა?

- იმისათვის, რომ ამ შეკითხვას პასუხი გაეცეს, საჭიროა გავიხსენოთ, რას წარმოადგენს ლითოსფერო, სადაც ტექტონიკური პროცესები მიმდინარეობს. ლითოსფერო არის დედამიწის ქერქი და მანტიის ზედა ნაწილი. მანტია გავარვარებული, წნევის ქვეშ არსებული, თხევად-გაზისებრი არეა, რომელიც ქერქზე აქტიურად ზემოქმედებს. ზემოქმედების შედეგად ქერქი დაყოფილია ლითოსფეროს ფილებად, რომლებიც გადაადგილდებიან ერთმანეთის მიმართ. ესენია: ჩრდილოეთ ამერიკის (ჩრდილოეთ ამერიკა, ჩრდილოეთ-დასავლეთი ატლანტიკა და გრენლანდია. სამხრეთ ამერიკის (სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ატლანტიკა), ანტარქტიკის, ევრაზიის (ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია ინდოეთის გარდა), აფრიკის (აფრიკა, ატლანტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ინდოეთის ოკეანის დასავლეთი), ინდო-ავსტრალიის (ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი), ნასკას (წყნარი ოკეანის სამხრეთი, რომელიც სამხრეთ ამერიკას ეკვრის) და წყნარი ოკეანის (წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი).

ჩამოთვლილის გარდა, არსებობს 20-მდე პატარა ფილა, რომელთა სიმძლავრე 60-დან 100 კილომეტრამდეა, მაგალითად, არაბეთისა და ფილიპინების. ფილაქნების შედარებით მდგრად უბნებს კონტინენტები წარმოადგენს. დედამიწის წიაღში, ხდება ბლოკების გადაადგილება. ბლოკების შეჯახებისას, წარმოიქმნება მთათა სისტემები, დაცილებისას - შემოიჭრება ლავა და ხდება ვულკანის გააქტიურება. ორივე შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს მიწისძვრა. სეისმური ტალღები ვრცელდება დედამიწაში მიწისძვრის, აფეთქებებისა და რხევის სხვა წყაროების კერებიდან. ძლიერი მიწისძვრების კერების მახლობლად სეისმური ტალღები დამანგრეველი ძალისაა, მათი პერიოდი იქ ძირითადად წამის მეათედი ნაწილების ტოლია.

ეპიცენტრიდან მოშორებით, სეისმური ტალღები დრეკადი ტალღებია. განარჩევენ გრძივ და განივ სეისმურ ტალღებს, რომლებიც წყაროდან ყველა მიმართულებით ვრცელდება. სეისმური ტალღები სხვადასხვა დრეკადი თვისებების მქონე გარემოთა გამყოფ ზედაპირებზე გარდატყდება და აირეკლება - წარმოიქმნება გარდატეხილი და არეკვლილი სეისმური ტალღები დედამიწის ზედაპირთან. ასევე, წარმოიქმნება ზედაპირული სეისმური ტალღები. მათი ამპლიტუდა მეტია, ვიდრე გრძივი და განივი სეისმური ტალღებისა, გავრცელების სიჩქარე კი განივ ტალღებზე ნაკლებია. სიღრმის ზრდასთან ერთად დედამიწის შემადგენელი ნივთიერების თვისებების ცვლილების გამო, იცვლება სეისმური ტალღების გავრცელების სიჩქარეც. სწორედ ფილების ტექტონიკის, ანუ გადაადგილების გამო ხდება მიწისძვრები.

- როგორც უნდა იყოს საქმე, მიწისძვრა ადამიანში საოცარ შიშს იწვევს...

- მიწისძვრისადმი ადამიანების შიში მუდმივად არსებობს, რადგან იგი ნგრევას და მსხვერპლს იწვევს. მიწისძვრის დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს. ამ დროს უფრო მეტი მსხვერპლია მოსალოდნელი.

როგორც წესი, მიწისძვრა, რამდენიმე წამი გრძელდება და ვიდრე არ დასრულდება, ადამიანი შენობიდან არ უნდა გავიდეს. როცა შენობიდან გარბის, შეიძლება ლიფტი გამოირთოს, ან კიბეზე რაღაც საგანი დაეცეს, ხშირია შენობიდან კარნიზების ჩამოვარდნისა და მინების მსხვრევის შემთხვევები და სწორედ მაშინ ხდება ყველაზე მეტი მსხვერპლი.

მიწისძვრის მიმართ ადამიანების შიშს კარგად იყენებენ პოლიტიკაში და ბიზნესში. როდესაც სურთ ადამიანების ყურადღება გადაიტანონ მწვავე სოციალური პრობლემებიდან და ფასების ზრდის პრობლემებიდან, მაშინ გაახსენდებათ მიწისძვრა, უცხოპლანეტელები და პლანეტშორისი თეფშები... ერთი პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების ბიზნესის მიერ, რომ მიწისძვრის პროგნოზი შესაძლებელი გახდება მობილური ტელეფონის საშუალებით... თუ რამხელა აფიორაა ჩადებული ამ ფრაზაში, დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფოტოები დავით ღვინეფაძის ფოტოარქივიდან

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა - რა გართულებებზე საუბრობენ ექიმები

პოლიციელების მიერ სასულიერო პირებისათვის სასაფლაოზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მესტიაში სამაშველო ოპერაციის დროს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - "უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი და დახმარებას ითხოვდა"