"ახლა ყველაზე მეტს და უფრო საინტერესოს სიჩუმით ვსაუბრობ..." - ვისმა "მისტიციზმმა" გაიტაცა და რატომ აღარ ჩანს პეტრე კოლხი

"ახლა ყველაზე მეტს და უფრო საინტერესოს სიჩუმით ვსაუბრობ..." - ვისმა "მისტიციზმმა" გაიტაცა და რატომ აღარ ჩანს პეტრე კოლხი

ბოლო დროს მისი ხმამაღალი (ცოტა სკანდალურიც) განცხადებები, სტატუსები'"ფეისბუქზე" აღარ შემხვედრია... არც პრესის ფურცლებზე გამოჩენილა... დავინტერესდი, სად არის და რას საქმიანობს პეტრე კოლხი, სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია...

"რა უნდა ვთქვა, ისედაც ყველაფერი ნათელია. თქმას მაშინ აქვს აზრი, სანამ რამე მოხდება. სიტყვა ყველაზე ცოცხალი იარაღია, რომელიც ელვის სისწრაფით მოქმედებს. თუმცა, ამ ბოლო დროს მოვლენები ისე ვითარდება, უსიტყვოდაც ვხედავთ, რომ შეუქცევადი პროცესი დაიწყო და თქმით თუ უთქმელობით ვერაფერს შევცვლით. არასდროს ვფიქრობდი, რომ სკანდალური ვიყავი, ახლა კი უფრო დავრწმუნდი, რადგან წყალქვეშა დინებებით დაწყებული მოქმედება ზედაპირზეც გამოჩნდა", - მეუბნება პეტრე კოლხი, რომელსაც ამ ყველაფრის ფონზე საკუთარ თავზე მუშაობა ურჩევნია - წერა, კითხვა, ლოცვა...

"ჯობს უფალს მთელი გულით მივენდო... ის, რაც მოსახდენია, ჩემ გარეშეც მოხდება. არასდროს ვყოფილვარ მხარე. მით უფრო ამ ბოლო დროს... "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ: "ნილოსი ხშირად ტოვებდა კალაპოტს, მაგრამ ეგვიპტის დაბლომის შექმნა სწორედ მისი დამსახურებაა... წყლების ადიდება აუცილებელიცაა, ნაგავი რომ გაიყოლოს... საბოლოოდ კი ფორმირებული, ნამდვილი დარჩება... ახლა ყველაზე მეტს და უფრო საინტერესოს ვსაუბრობ სიჩუმით... უბრალოდ, სიჩუმის ენა ბევრს არ ესმის".

- დისერტაცია დაგიცავთ, გილოცავთ. რას ეხება თქვენი ნაშრომი?

- ტერენტი გრანელი ჩემი პოეტური მასწავლებელია. 12 წლიდან ვსწავლობ მის შემოქმედებას, მაგრამ ყველა ლექსის ზეპირად ცოდნით შეუძლებელია თქვა, რომ იცნობ პოეტის ბუნებას, ხასიათს... უამრავი წელი დამჭირდა შემესწავლა მისი იდუმალი, დაფარული, ამოუცნობი სამყარო. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მეტად ვხვდებოდი, რომ მასთან მისასვლელი გზა შორი, ხანგრძლივი, რთული და საბოლოოდ, მიუღწეველი იყო... ჭეშმარიტებასავით არის. ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ...

"მისტიციზმი ტერენტი გრანელის პოეზიაში" სადისერტაციო თემის სახელწოდებაა... ვფიქრობ, ითქვა ის, რისი თქმაც მსურდა... ვერაფერს შევძლებდი ჩემი ხელმძღვანელის გარეშე... ქედს ვიხრი უნიჭიერესი ფილოლოგის, ქალბატონ მანანა კვაჭანტირაძის წინაშე... "დაუნდობელი", შეუპოვარი იყო... ამ ყველაფრის გარეშე ვერაფერს შევძლებდი... დროა ახდეს ტერენტი გრანელის სიტყვები - "ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების"...

- დისერტაციის თემად - "მისტიციზმი ტერენტი გრანელის პოეზიაში" რატომ აირჩიეთ?

- გრანელზე არაერთი დისერტაცია არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობდი, რომ სათქმელი მქონდა... დავიწყოთ იქიდან, რომ ელიზბარ უბილავამ გააცოცხლა გრანელი, შემდგომი პერიოდი ლერი ალიმონაკთან არის დაკავშირებული, რომელმაც გრანელის შენარჩუნებას, ჩვენამდე მოტანას და შესწავლას მთელი მისი სიცოცხლე შეალია. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი წიგნს - "კვირის წირვები"... პოეტის შემოქმედებაზე დისერტაცია დაიცვა გივი ცქიტიშვილმა, გელა მამფორიამ, დარიკო ფიფიამ, ივეტა წითაშვილმა. ცალკე გამოკვლევა მიუძღვნა რეზო ადამიამ, პოეტის დის შვილიშვილმა მამანტი როგავამ, ძალიან ბევრი იშრომა ლუარა სორდიამ, მაგრამ ვფიქრობდი, სათქმელი მაინც რჩებოდა... როგორც ქალბატონმა მანანამ დაცვის დღეს აღნიშნა, მამა პეტრეს ისე უყვარს ტერენტი, კალაპოტი გაარღვია და ბოლოს ამოხეთქაო... ალბათ ეს მოხდა... თუ სათქმელი გაქვს, ვერ მოისვენებ... ამოვთქვი და მომავალშიც ბევრს ვიტყვი...

- მისი ასეთი სიყვარული ხომ არ გამოიწვია იმან, რომ თქვენც პოეტი ხართ და ორივე ერთი კუთხის შვილი?

- ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ გეოგრაფიული სიახლოვე კი არა, სულიერი სიახლოვე მქონდა გრანელთან... ჩემი კუთხიდან არის მისი დროის გამორჩეული მწერალი, ლეო ქიაჩელიც, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მის შემოქმედებაზე დისერტაცია დამეწერა... გრანელმა ბავშვობიდან მოსვენება დამიკარგა. "მე მინდა, გაფრენა, მე მინდა, ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი"... ამ სიტყვებმა მომცა ღმერთის ძიების წყურვილი. გრანელი ჩემთვის მარტო პოეტი არა, ღმერთთან მისასვლელი ბილიკი იყო... ჩემი პოეზიის მოძღვარი... ის ალბათ თავდადებული ღვთისმსახური იქნებოდა...

- თემაზე მუშაობისას რა სიახლე აღმოაჩინეთ?

- უამრავი... დისერტაცია ხუთი თავისაგან შედგება. ძირითადი აქცენტი მის დაფარულ, მისტიკურ მხარეებზე კეთდება. კვლევისას გამოიკვეთა სალოსობის, ასკეტიზმის ელემენტები პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ტერენტი გრანელი იყო წმინდა წყლის მართლმადიდებელი ავტორი, რომელსაც "ქრისტე იხმობდა სხვა ვარსკვლავიდან"... მისი პოეზია ღვთისმეტყველებაა...

პეტრე კოლხი გრანელთან მსგავსებას განსაკუთრებით იმაში პოულობს, რომ "გრანელი ცხოვრების წესით იყო ღვთის მადიდებელი. უპოვარი, მიუსაფარი, მარტოსული მთელი ცხოვრება ჭეშმარიტებას ეძებდა. "და ჩემი სული ლანდია ღმერთის"... ამის თქმის უფლება მას ჰქონდა. მუდამ ცოცხლობს ჩემში, როგორც ცით მონაბერი სული"...

- მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობას უჭირს ამ შემოქმედის გაგება... რას ურჩევდით მათ, - სად არის მისი შემოქმედების "გასაღები"?

- თუ ნამდვილი არ ხარ, შეუძლებელია გრანელის პოეზია გაიგო... მასთან მიახლოება ჩემთვის ლოცვასთან, აღსარებასთან, სინანულთან მიახლოებას ნიშნავს. შეიძლება ყოველდღე დავით მეფსალმუნის ოცივე კანონი იკითხო, მაგრამ ღმერთთან საუბარი მაინც ვერ შედგეს, რადგან უბრალო, მართალი გულის გარეშე ლოცვა შეუძლებელია... ასეა გრანელთანაც...

მიწას უნდა ავცდეთ და მერე ადვილად ვიპოვით საერთოს. "ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი, როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა"... ეს გრანელმა ნამდვლად იცოდა... თვითონ თავი დააღწია ტალახს, მაგრამ ჯვარცმის ფასად...

- რომ არა ის, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი სადისერტაციო თემა?

- დაინტერესებული ვარ და ალბათ უფრო სიღრმისეულად ვიმუშავებ შოთა ჩანტლაძეზე და ნიკო სამადაშვილზე... ეს ორი გენიოსი პოეტი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ... დასნეულებული ვარ მათი შემოქმედებით. სამადაშვილად ყოფნა მხოლოდ ერთი ფრაზითაც იქნებოდა შესაძლებელი - "ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი"...

- სამომავლო გეგმები რა გაქვთ?

- მე გეგმები თითქმის არ მაქვს. უმეტესად, დაუგეგმავად ვმოქმედებ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი