ბეშუმი - აჭარაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ულამაზესი კურორტი

ბეშუმი - აჭარაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ულამაზესი კურორტი

აჭარა, რომ საზღვაო კურორტებით გამორჩეული რეგიონია სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე უნიკალური საზაფხულო კურორტი ბეშუმი ბევრისთვის აღმოჩენა შეიძლება იყოს. კურორტი თავისი სილამაზითა და ბუნებრივი სიმდიდრეებით გამორჩეული ადგილია რეგიონში არსებულ ტურისტულ ადგილებს შორის.

კურორტი ბეშუმი ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე, ბათუმიდან 120 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს მათთვის, ვინც გარდა ქალაქის ხმაურისა და სიცხისგან თავის დაღწევისა, ჯანმრთელობასა და დროის საინტერესოდ გატარებაზე ზრუნავს. კურორტზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ის ტურისტებისთვის საუკეთესო საპიკინიკე და საკარვე ადგილია, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი.

კურორტი მდიდარია სასმელი და მინერალური წყაროებით, სამკურნალო ტალახითა და სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერით, რაც საუკეთესო საშუალებაა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. კურორტის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყაროები ასევე კარგი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდაც.

ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე ბეშუმი ათასობით დამსვენებელს მასპინძლობს, რომლებიც, ძირითადად, ბათუმიდან ან ახალციხიდან ჩადიან. კურორტი განსაკუთრებით საინტერესო აგვისტოს პირველ შაბათ-კვირასაა, როცა ბეშუმში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება. დღესასწაულზე დოღის, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენისა და ჭიდაობის სანახავად უამრავი ადამიანი იყრის თავს.

ბეშუმში ყოფნისას ვიზიტორებისთვის განსაკუთრებით პოპულარული მწვანე ტბისა და ხიხანის ციხის ტურისტული მარშრუტებია. მწვანე ტბა კურორტ ბეშუმიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. წიწვოვან მცენარეებში ჩაფლული ულამაზესი მწვანე ტბა საუკეთესო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და წყლის ველოსიპედებით ტბაზე გასეირნებისთვის.

რაც შეეხება, XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხეს, ის ულამაზეს ხიხაძირის ხეობაში, ბეშუმიდან 16 კილომეტრში მდებარეობს. ხეობა თავგადასავლების, ლაშქრობის, გასტრონომიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ხიხანის ციხე, რომელსაც “აჭარის ოლიმპო”-ს უწოდებენ ულამაზესი ხეობის სავიზიტო ბარათად ითვლება. ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ციხე მისი დალაშქვრის მსურველთათვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. ციხიდან გადაშლილი ხეობის ულამაზესი პეიზაჟებისა და მისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის გაცნობის შემდეგ კი აჭარის ეს ულამაზესი კუთხე ტურისტებისთვის წარუშლელი შთაბეჭდილებების წყარო ხდება.

ისევ კურორტს რომ დავუბრუნდეთ, ზაფხულის ტურისტული სეზონი ბეშუმში აქტიურ ფაზაში შედის. დასვენების, გართობისა და მოგზაურობის მოყვარულებს კურორტზე ასვლა ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე შეუძლიათ, სანამ სეზონი დაიხურება და ულამაზეს კურორტზე მდებარე კოტეჯებსა და აგარაკებს რამდენიმე თვით თოვლი დაფარავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი