არქეოლოგებმა ციხისძირში VI საუკუნის ვერცხლის მონეტები იპოვეს

არქეოლოგებმა ციხისძირში VI საუკუნის ვერცხლის მონეტები იპოვეს

ციხისძირში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე VI საუკუნით დათარიღებული მონეტები აღმოაჩინეს.

დასავლეთ საქართველოში, სოფელ ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე საექსპედიციო სამუშაოები უკვე ორი წელია მიმდინარეობს. მონეტებთან ერთად აღმოჩენილია უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები. ასევე, რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).

აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.

AMBEBI.GE ექსპედიციის ხელმძღვანელს, არქეოლოგ დავით მინდორაშვილს დაუკავშირდა:

- ციხისძირში უკვე მეორე წელია ექსპედიცია მინდინარეობს, ამჟამად კი გათხრების დროს სავარაუდოდ VI საუკუნით დათარიღებული სპარსული მონეტები აღმოვაჩინეთ. მასზე გამოსახულია სპარსი მეფეების პორტრეტები. ჯერ კონკრეტულად არ არის დადგენილი, რომელი მეფეებია გამოსახული. შესაძლოა უფრო ადრეული დროის ნიმუშებიც აღმოვაჩინოთ, მაგრამ ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. ბუნებრივია, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა, აქამდე აღმოსავლეთ საქართველოში აღმოაჩინეს მსგავსი მონეტები.

ადრეულ პერიოდში საქართველოში აღმოაჩინეს ქართლის ერისმთავრის დრაქმები, რომლებიც ქართულ - სასანური მონეტების სახელითაა ცნობილი. ისინი VI საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის დასაწყისში ქართლში მოჭრილი სასანური ტიპის ვერცხლის მონეტებია. შესაძლოა, რომ ამჟამად ციხისძირში აღმოჩენილი მონეტებიც ქართულ-სასანური აღმოჩნდეს.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი