ავტორი:

ყველაფერი ანტიბიოტიკის შესახებ - როდისაა მისი მიღება აუცილებელი და რა უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე

ყველაფერი ანტიბიოტიკის შესახებ - როდისაა მისი მიღება აუცილებელი და რა უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე

ანტიბიოტიკები ანტიბაქტერიული პრეპარატებია, რომლებიც ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ და პრევენციისთვის გამოიყენება. მათ შესაძლოა ბაქტერია მოკლან ან მისი ზრდა შეაჩერონ. როგორც მედიკოსები ამბობენ, ანტიბიოტიკები არაეფექტურია ვირუსების საწინააღმდეგოდ და შეიძლება დამაზიანებელი ეფექტიც კი ჰქონდეთ.

AMBEBI.GE ამ თემაზე ჟურნალ "ოჯახის მკურნალისა" და mkurnali.ge-ს მთავარ რედაქტორ, ექიმ-თერაპევტ თამარ მამაცაშვილს ესაუბრა.

- ექიმები ანთებითი პროცესების შემთხვევაში, ყოველთვის არ ნიშნავენ ანტიბიოტიკებს. მათთვის სიტუაციის შესაფასებლად და მკურნალობის კურსის ანტიბიოტიკებით გასაგრძელებლად, საჭიროა პაციენტს ჰქონდეს თუნდაც მაღალი ტემპერატურა... რატომ?

- უნდა დავიმახსოვროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე, მათი გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის ეფექტიანი. ვირუსული ინფექციის მიმდინარეობისას, რა ციფრებსაც უნდა აღწევდეს ტემპერატურა, ანტიბიოტიკის მიღება შედეგს არ მოგვცემს.

ასე რომ, არც მაღალი სიცხეა ანტიბიოტიკის დანიშვნის ჩვენება, თუკი ეს სიცხე ბაქტერიული გართულებით არ არის გამოწვეული

ბაქტერიული გართულების დიაგნოსტირება კი პაციენტს თვითნებურად გაუჭირდება, მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს მოსალოდნელ რისკებს, ამიტომ როდესაც შეუძლოდ ყოფნა გახანგრძლივდება და ტემპერატურის მაღალი ციფრები რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნება, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს.

- რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანტიბიოტიკმა ადამიანის ორგანიზმზე?

- როგორც ყველა პრეპარატს, ანტიბიოტიკებსაც აქვს გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები. მათ შესახებ წამლის ანოტაციაშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ ყველაზე საშიში გართულება, რაც ანტიბიოტიკების არასწორ, არადანიშნულებისამებრ ხშირ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს, ის არის, რომ ორგანიზმში განვითარდება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ანუ რეზისტენტული ბაქტერიები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი აღარ გაგვაჩნია და ასეთი რეზისტენტული ფლორით გამოწვეულმა ინფექციებმა შეიძლება ადამიანის დაღუპვაც კი გამოიწვიოს.

გარდა ამისა, თუ ბაქტერიული ინფექციისას ანტიბიოტიკი არ არის შერჩეული სწორად, ის უბრალოდ, არ მოქმედებს ინფექციაზე და პირიქით, ორგანიზმის სასარგებლო ფლორის (ორგანიზმში არსებული ბაქტერიათა ერთობლიობაა, რომელიც ცხოველქმედებას უზრუნვეყოფს) განადგურების გამო, ააქტიურებს კიდევაც პათოგენურ ანუ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. ამასობაში კი ინფექცია რთულდება და მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ.

ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რატომ აქტიურდება ბაქტერიების არასწორი გამოყენებისას სოკოვანი ინფექცია ორგანიზმში. ამასაც იგივე მექანიზმი - სასარგებლო ფლორის განადგურება და შედეგად ორგანიზმის დასუსტება უდევს საფუძვლად, რის გამოც აქტიურდებიან სოკოები, რომლებიც მანამდე სრულიად უვნებლად არსებობდნენ კანსა თუ ლორწოვან გარსებზე.

- ანტიბიოტიკის დადებით გავლენაზეც ვილაპარაკოთ...

- ანტიბიოტიკი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მათი შექმნითა და ახალი თაობის პრეპარატების გამოგონებით ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი, ასევე არაერთი ინფექციის დამარცხება. პრობლემებს მხოლოდ მათი არასწორი გამოყენება ქმნის, თორემ ანტიბიოტიკების გარეშე წარმოუდგენელია დღეს ჩვენი არსებობა.

უკვე ვთქვით, რომ ვირუსული დაავადებების დროს არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკები, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო მეორე უკიდურესობა, რომელშიც ხშირად ვარდებიან პაციენტები და ექიმებიც

როდესაც მაღალი ტემპერატურა (საუბარია 39-40 გრადუსზე) 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება ორგანიზმში, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა თავისი დატვირთვის ზღვარზე მუშაობს და ძალიან ადვილი შესაძლებელია, იმუნიტეტის გადაძაბვის ფონზე ორგანიზმში დამალული ნახევრად პათოგენური ბაქტერიები გააქტიურდეს, რომლებიც ხშირად სერიოზულ ბაქტერიულ გართულებებს იწვევს.

ეს მომენტი თუ გამოგვეპარა, ზოგჯერ ინფექცია იმდენად რთულად მიმდინარეობს, მის მკურნალობას ძალიან დიდი ძალისხმევა და ანტიბიოტიკების მაღალი დოზები სჭირდება ხოლმე. ამიტომ, აი, ეს არ უნდა გამოგვეპაროს - მომენტი მეორეული ბაქტერიული გართულების შესაძლო განვითარებისა და დროულად უნდა დავნიშნოთ ანტიბიოტიკი, თორემ მერე კვირების განმავლობაში მოგვიწევს პნევმონიების, ოტიტების, ჰაიმორიტების და სხვა დაავადებების მკურნალობა.

- ექიმებისგან მსმენია, ანტიბიოტიკი სწორად რომ შეირჩეს, საჭიროა, სპეციალური კვლევა. რა კვლევაზეა საუბარი?

- დიახ, ეს არის ანტიბიოტიკის შერჩევის ყველაზე კარგი საშუალება. საუბარია ანთების კერიდან აღებული სეკრეტების ბაქტერიოლოგიურ კვლევაზე. სეკრეტის ნიმუშს ლაბორატორიაში დათესავენ სპეციალურ ნიადაგზე და ბაქტერიათა კულტივირებას, ანუ გამრავლებას ახდენენ.

ამგვარად ხდება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირება ანუ იმის დადგენა, თუ კერძოდ რომელმა ბაქტერიამ გამოიწვია ინფექცია. ამავე დროს ამ გამრავლებულ ბაქტერიებზე ლაბორატორიაში ზემოქმედებენ სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებით და ამგვარად ადგენენ, რომელი ანტიბიოტიკია ყველაზე ეფექტიანი კონკრეტულ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, შერჩეული ანტიბიოტიკი მკურნალობისას ძალიან სწრაფ შედეგს იძლევა.

- თუმცა, კვლევის გარეშეც ხშირად დაუნიშნავთ ამ ტიპის პრეპარატები...

- მართალი ბრძანდებით, მწვავე შემთხვევებში ხშირად ექიმს ამის დრო არ აქვს, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხს დაელოდოს. ჩვეულებრივ, ეს პასუხი 24-48 საათის შემდეგ შეიძლება იყოს. მანამდე კი ინფექცია შეიძლება გართულდეს, ამიტომ დაუყოვნებელი ჩარევაა საჭირო. ასეთ დროს ექიმი კლინიკური ნიშნების შესაბამისად, ვარაუდით არჩევს რომელიმე ჯგუფის ანტიბიოტიკს ან მათ კომბინაციას. თუ მკურნალობა შედეგს არ იძლევა, შეიძლება შეიცვალოს ანტიბიოტიკი სხვა პრეპარატით. თუ გვინდა, რომ სწორად და მიზანმიმართულად ვიმკურნალოთ, ბაქტერიოლოგია პარალელურად უნდა ჩატარდეს.

სწორი მკურნალობის შესარჩევად ამ კვლევას ჩვენთან ძირითადად გახანგრძლივებულ, ქვემწვავე ან ქრონიკული შემთხვევების დროს მიმართავენ.

ბოლოს მინდა, მკითხველს ვუთხრა, რომ თუ სწორად გავიაზრებთ ანტიბიოტიკების შესაძლებლობებს და მოსალოდნელ გართულებებს, ისინი ჩვენი მეგობრები გახდებიან, თუ არა და - მტრებად მოგვეკიდებიან. ამიტომ ვიმეგობროთ - ასე აჯობებს!

"ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ აღმაშენებლის ძეგლი გადმოიტანონ ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ" - დეპუტატი კალაძეს

"მე რომ "ქართულ ოცნებას" ხოტბას ვასხამდე, ყოველდღე იქნებოდა ლაპარაკი გურამ შარაძის მკვლელობაზე" - რუსუდან შარაძე

"ვირუსის გავრცელების კანონზომიერებით, პიკის შემდეგ იწყება კლება" - შენარჩუნდება თუ არა კლების დინამიკა და როდისთვის უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევათა შემცირებას?