ავტორი:

რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები

რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები

კონდიციონერს ცხადია გამაგრილებელი ფუნქცია აქვს და დასიცხული ადამიანების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს, მაგრამ რიგი დაავადებების პროვოცირებაც შეუძლია.

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონდიციონერს ადამიანის ჯანმრთელობაზე და უშუალოდ რომელ დაავადებებს იწვევს ორგანიზმში - ამ საკითხებზე გვესაუბრება კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სპეციალისტის თქმით, კონდიცირებისას ჰაერის გამოშრობა ხდება, დეიონიზაცია. გარემო იონებისგან იცლება, არადა, იონები ორგანიზმისთვის აუცილებელია. ირღვევა თერმორეგულაცია (გარეთ 40 გრადუსი სიცხეა და შიგნით - 20 გრადუსამდე გაციებული ოთახი), რისთვისაც ადამიანის ორგანიზმი მზად არ არის.

როგორც ექიმი ამბობს, კონდიციონერი ყველაფერთან ერთად, ბაქტერიების გავრცელების წყაროა (განსაკუთრებით, ცენტრალიზებული კონდიცირება) და საქმე გვაქვს ბაქტერიულ ფლორასთან, ანუ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან, დაბინძურებულ ფილტრებს ჰაერთან ერთად, ბაქტერიული ფლორა შემოაქვს (ბაქტერიები, მიკრობები, ათასი ინფექციის გამავრცელებელი ელემენტი).

- ეს ყველაფერი ხომ გარეთ, ატმოსფეროშიც ტრიალებს და მათ ისედაც შევისუნთქავთ...

- კი, მაგრამ გარეთ გაშლილი გარემოა, აქ კი მოკლე ფილტრებში ხდება ბაქტერიების ჩაბუდება და შემდეგ იმ სივრცეში გავრცელება, სადაც ვიმყოფებით. ეს იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერს სათანადოდ არ ვუვლით...

- უშუალოდ რა დაავადებებს იწვევს?

- ისეთ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, როგორიც არის გაციება, ვირუსული ინფექციები, ტრაქეიტი, ბრონქიტი, სინუსიტის, ფარინგიტი, პნევომონია, შარდ-სასქესო სისტემების დაავდებები (განსაკუთრებით ქალებში, ცისტიტის სახითაა გამოხატული), საყრდენ-მამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემის დაავადებები, მიოზიტი, ნერვულ სისტემაზე გავრცელებული დაავადებები, ჰერპესი და ა.შ.

როდესაც კონდიციონერი ადამიანს პირდაპირ უბერავს, ეს მექანიკური დაზიანებაა, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ეს ჭავლი ავიცილოთ, არ უნდა გვიბერავდეს. საჭიროა, გარე და შიდა გარემოში დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმები. სხვაობა დაახლოეობით, 4-დან 6 გრადუსამდე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრადუსი.

- თუ გარეთ 40 გრადუსია, ხოლო კონდიცირების შედეგად ოთახში 21-24... ამ დროს რა ხდება?

- ეს დიდი ცვალებადობაა, სადაც მარტივი გამოსავალი ასეთია: სანამ 45-გრადუსიანი გარესივრციდან კონდიცირებულ 23-24 გრადუსში შეხვალთ, ცოტა ხანს შუალედურ გარემოში შეყოვნდეთ, სადაც ტემპერატურა გათანაბრებული იქნება. ეს დაახლოებით გარედან შემოსული ადამიანის მიერ ცივი ყინულიანი წყლის მიღებას ჰგავს. არადა, ჯერ ოთახის ტემპერატურის წყალის მიღება ჯობია და მერე ყინულიანის. დაახლოებით ასევეა კონდიციონერთან მიმართებაშიც. ამიტომ, სასურველია, შევყოვნდეთ შუალედურ გარემოში (ჰოლი, დერეფანი, მისაღები ოთახი) და შემდეგ გადავინაცვლოთ გაგრილებულ ოთახში, რომ ჩვენმა სასუნთქმა სისტემამ გარემო ცვლილებებსა და გარდატეხაზე ადაპტაცია მოახდინოს.

- ალბათ მნიშვნელოვანია კონდიციონერის, თავად აგრეგატის ხარისხიც.

- რა თქმა უნდა, როცა მაღალი დონის კონდიციონერი დგას, იქ რისკები ნაკლებია. დაუშვებელია იაფფასიანის დაყენება, ეს დამღუპველია. თანამედროვე კონდიციონერები, როგორც ვთქვით, თვითონ ახდენენ ოთახში იონიზაციისა და ტენიანობის დონის შენარჩუნებას და რაც მთავარია, მოქალაქეების ბაქტერიებისგან დაცვას. ისეა აღჭურვილი, რომ ჭავლს ადამიანს თვითონ არიდებს, მიმართულებას უცვლის, რომ მექანიკური დაზიანება არ მოხდეს.

- თავი როგორ დავიცვათ მოსალოდნელი საფრთხეებისგან?

- კონდიციონერს სწორად უნდა შერჩევა, შემდეგ ბიოფილტრების ხშირი ცვლაა საჭირო, ან რეცხვა, მტვერსასრუტით გაწმენდა. თუკი ერთხელ მაინც გინახავთ კონდიციონერის ფილტრი, ნახავდით, როგორი დაბინძურებულია. ამიტომ, წელიწადში 2-ჯერ უნდა გაიწმინდოს, განსაკუთრებით იქ, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებია (ორგანიზაციები, ოფისები, კლინიკები).

ხაზგასმით საშიშია ცენტრალური კონდიცირების შემთხვევა, - ამ დროს ინფექციამ შეიძლება ერთი სივრციდან მეორეში გადაინაცვლოს, მეორედან მესამეში და ა.შ. ამიტომ, ბიოფილტრების გაწმენდა-გარეცხვისას ბაქტერიების გავრცელების საფრთხე ნაკლებია.

ხშირია პნევმონიების რისკი და ერთ-ერთი საშიში პნევმონიაა "ლეგიონელას" მიერ გავრცელებული (პნევმონელა ლეგიონელა). აგრესიული ბატქერიაა, რომელიც ისეთი მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარებას იწვევს, როგორიცაა ფილტვების ანთება. "ლეგიონელა" იმიტომ ჰქვია, რომ სივრცეში ადამიანები ერთად და მჭიდროდ იმყოფებიან. ეს უჯრედშიდა გავრცელების ატიპიური მიკრობია, რომელიც, როგორც ვთქვით, დიდი აგრესიულობით გამოირჩევა. ამიტომაც, ექიმები მასთან საბრძოლველად მზად უნდა იყვნენ, დაიწყონ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია...

მოკლედ, სიმპტომების გამოვლენისას, მიყრუება არ შეიძლება, მკურნალობისთვის პაციენტმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს. თუმცა თუ კონდიციონერს გონივრულად მოვიხმართ, ამ საფრთხეებს ავიცილებთ.

- ცხადია, მისი მთელი დღის განმავლობაში ჩართვაც დაუშვებელია...

- რასაკვირველია, როგორც ვთქვით, ის მასობრივად ჰაერს აშრობს და თერმული ბალანსს არღვევს. ამ შემთხვევაში მარტივია რამდენიმე წუთი გამოვრთოთ კონდიციონერი, ჯერ ერთი, აგრეგატიც დაისვენებს. გამორთვის შემდეგ უნდა გაიღოს კარი ან, ფანჯარა, რომ დახურულ სივრცეში მსხდომებმა ახლი ჰაერის ნაკადი ისუნთქონ, რომელიც მიკროსამყაროს ჟანგბადით აღადგენს, რაც ასე აუცილებელია ჩვენი არსებობისა და სასუნქი სისტემისთვის...

ამასთან, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ დაუშვებელია ჩართულ კონდიციონერის ატმოსფეროში ძილი, რადგანაც დილით ადამიანს გარანტირებული აქვს უმძიმესი დაავადებები...

- როგორც ვიცი, ხმის იოგებზეც მოქმედებს...

- ჰაერის გამოშრობისა და დეიონიაციის შედეგად ხმის ტემბრიც იცვლება. ამიტომ, პროფესიონალების რეკომენდაციაა, როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე ხნით გამორთოთ, გაანიავოთ ოთახი, აღადგინოთ ტენიანობის ბალანსი და შემდგომ ისევ ჩართოთ, ვინაიდან ეს მოწყობილობა ჩვენთვის არა მტერი, არამედ მეგობარია..