23-წლიანი მოლოდინის შემდეგ ბათუმში მცხოვრებ მედეა ინწკირველსა და ზაზა ჭელიძეს ვაჟი შეეძინათ. ახალშობილს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) პატივსაცემად დიმიტრი დაარქვეს და მისი ნათლიაც სწორედ მეუფე დიმიტრი იქნება.
AMBEBI.GE ახალშობელის დედას, მედეა ინწკირველს გაესაუბრა:
"წლების განმავლობაში შვილი არ გვიჩნდებოდა. რაღაც პრობლემები იყო - ანთებები, ვირუსები, რისი მკურნალობაც ბოლომდე ვერ მიგვყავდა. ბოლოს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში ვმკურნალობდით, ღვთის ნება იყო ყველაფერი და ფეხმძიმობაც ბუნებრივად შედგა.
საკეისრო კვეთა გუშინ კლინიკა "მედინაში" ჯუმბერ უნგიაძემ და ნათია ზამთარაძემ გააკეთეს. დიმიტრი 3 კილოგრამი და 40 გრამი დაიბადა, სიგრძე 50 სანტიმეტრია. საკეისროს შემდგომი პერიოდი ნორმალურად მიდის, ყველაფერი კარგად არის და მე და ჩემი მეუღლეც ძალიან გახარებულები ვართ", - განაცხადა ნათია ინწკირველმა.
41 წლის მედეა ინწკირველი შემოსავლების სამსახურში მუშაობს, 43 წლის ზაზა ჭელიძე კი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის თანამშრომელია.
ნინო ხოზრევანიძე