კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:09 / 17-08-2017
როგორ ადგენენ ამინდს საქართველოში, რამდენად თანამედროვეა აპარატურა და რატომ არ ამართლებს ზოგჯერ პროგნოზი
მაღალი ტემპერატურა და ცხელი დღეები საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სინოპტიკოსები დიდად დამაიმედებელს კვლავაც ვერ გვეუბნებიან, თუმცა მათი ინფორმაციით, დღეიდან ტემპერატურამ ცოტათი უნდა დაიკლოს, აგრილდეს.

AMBEBI.GE დაინტერესდა - როგორ ხდება ზოგადად ამინდზე დაკვირვება, მისი პროგნოზირება, გვაქვს თუ არა შესაბამისი თანამედროვე აპარატურა და გვაქვს თუ არა კავშირი მსოფლიოს საერთაშორისო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციებთან. ამ თემაზე რამაზ ჭითანავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვესაუბრა:

- როგორი ამინდი იქნება 2 კვირის მანძილზე, ამის პროგნოზი მსოფლიოს მასშტაბით მეტეოროლოგიური დაკვირვების შედეგად
კეთდება. რა ხდება ჩვენ გარშემო, თუნდაც ჩრდილოეთ პოლუსზე, უნდა ვიცოდეთ.
ვინაიდან ატმოსფერული პროცესები სახელმწიფოებს შორის არსებულ საზღვრებს არ სცნობს, ერთ ქვეყანას არ შეუძლია თავისი ამინდის პროგნოზი სხვა ქვეყნების მონაცემების გარეშე გამოაცხადოს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, რომელიც "გაეროს" მსხვილი სტრუქტურული ორგანიზაციაა. პრაქტიკულად, "გაეროს" წევრი ქვეყნები მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრები არიან, და თითოეული ვალდებულია, ამინდზე დაკვირვებები სპეციალური კონვენციის საფუძველზე აწარმოოს, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით მიღებული შედეგები, მონაცემები, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური ქსელის მეშვეობით არსებულ სისტემაში შეიტანოს, რათა გაკეთდეს პროგნოზი.

- ე.ი. ამ პროცესში ჩართულია არაერთი მეტეოროლოგიური სადგური?
- და არამარტო მეტეოროლოგიური სადგური, უამრავი გემი, თვითმფრინავი, თანამგზავრი, დედამიწაზე მარტო მიზნობრივი თანამგზავრი 16-ია. მათ შორის, 6 ჯეოსტაციონარულია (ძალიან ძვირადღირებული). არის ასევე რადარული, აეროლოგიური, ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების სადგურები და ა.შ.

დღე-ღამის განმავლობაში 8-ჯერ იკრიბება ინფორმაცია და ყველა ქვეყანა მას მსოფლიო ინფორმაციის დამუშავების ცენტრებში აგზავნის (ცენტრია ვაშინგტონში, მოსკოვში, მელბურნში. საერთოდ, ყველა განვითარებულ ქვეყანას ძლიერი პროგნოზული ცენტრი აქვს, რომლებიც ამინდის პროგნოზს, არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ დედამიწის მასშტაბით აკეთებენ). როდესაც პროგნოზზე ვმუშაობთ, ვსარგებლობთ არაერთი სქემით, მაგალითად, ამერიკული, გვაქვს გერმანული, ფრანგული, რუსული, რასაც ჩვენი სინოპტიკოსების ცოდნა-გამოცდილებაც ემატება...

საქართველოს ტერიტორია თავისი რელიეფით, გეოგრაფიული მდებარეობით რთულია, რაც ხშირ შემთხვევაში, ამ ზოგად ცირკულაციურ პროცესებში გარკვეული კორექტივების შეტანას გვთავაზობს, სინოპტიკურ სიტუაციას ამწვავებს. ამიტომაც არის, რომ ხშირია სხვადასხვა სახის ტიპური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები.

- კერძოდ?
- საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ყველა სახის მოვლენა აღინიშნება, გარდა ცუნამისა, ქარბორბალასი და კიდევ ერთი-ორი მოვლენისა... ბოლო ათწლეულებში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც გახშირდა სტიქიური მოვლენები: ჭარბი ნალექი, გვალვა - მაღალი ტემპერატურა, ანომალურად დაბალი ტემპერატურა, რაც გლობალური ცვლილების ფონზე ხდება...

- პროგნოზის სადგურებში საქართველოში რა მდომარეობაა?
- რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ კონვენციის მოთხოვნებს, რადგანაც 90-იანი წლების შემდგომ, გასაგები მიზეზების (პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი) გამო, არსებითად შემცირდა დაკვირვების პუნქტების რაოდენობა, ზოგიერთი დაკვირვება ძვირად ღირებული ტექნიკისა და თანხების უქონლობის გამო საერთოდ შეწყდა. საბედნიეროდ, 2000-იანი წლებიდან მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღებისა და ძალისხმევით, დახმარების ხელი გამოგვიწოდა ფინეთმა, მასშტაბური სახის დახმარება გაგვიწია, ასევე ჩეხეთმა, ამერიკამ, ნორვეგიამ - ბევრი ქვეყანა გვიდგას გვერდით.

- რაში გამოიხატება მათი თანადგომა?
- სწორედ ისინი ყიდულობენ ჩვენთვის თანამედროვე აპარატურას, გვიმონტაჟებენ, ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად ტრენინგები ტარდება. ამასთან, საბედნიეროდ, ბიუჯეტიც გაუმჯობესდა, მთვარობა ბიუჯეტის ფარგლებში მეტ ყურადღებას გვაქცევს, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გადაწყდა. ამასთან, ქვეყნის შიგნით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმ უწყებებთან, რომლებსაც სხვადასხვა მსგავსი სისტემა აქვს, რაც გვადგება, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებობს ორგანიზაცია "დელტა", რომელიც სეტყვაზე დაკვირვების სამუშაოებს აწარმოებს. ის ძვირად ღირებული მეტეოროლოგიური რადარი (ღირებულება მილლიონ-ნახევარ ევროს აღემატება) გვადგება მოსალოდნელი ნალექის, წყალდიდობისა და წყალმოვარდნის პროგნოზირებისთვის. ასე რომ, თავდაცვის სამინისტრომ კეთილი ნება გამოიჩინა და ამ რადართან წვდომა მოგვცა. ის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით სეტყვასთან და წყალმოვარდნებთან დაკავშირებით გვაწვდის ინფორმაციას. იგივე გააკეთა საქაერონავიგაციამ, როლის რადარის მიზანია, სამოქალაქო ავიაციას ფრენების უსაფრთხოების მიზნით მოემსახუროს, ჩვენც გვადგება.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთი ძვირად ღირებული რადარიც უნდა მივიღოთ, რომელსაც ქუთაისში დავამონტაჟებთ და მისი მეშვეობით მეტ-ნაკლებად დასავლეთ საქართველოს დავაკვირდებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ თურქეთის მხარესთან, ტრაპზონის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია რადარი და ჩვენს ტერიტორიას, დასავლეთ საქართველოსაც ხედავს (ხედვის 250-კილომეტრიანი რადიუსი აქვს). ამერიკამ თბილისსა და ქუთაისში ე.წ. ელვის რეგისტრატორები დაგვიმონტაჟა, რაც პროგნოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირ კოორდინატებს იძლევა, სად მოხდება ელვა.

- თუმცა ხანდახან ცდომილება მაინც გაქვთ...
- უნდა გითრხათ, რომ მთელ მსოფლიოში არსად, არცერთ ქვეყანაში ამინდის პროგნოზის გამართლება არ არის 100%. თან, გააჩნია რისი პროგნოზი კეთდება. როცა საუბარია ტემპერატურის პროგნოზზე, ეს შედარებით ადვილია და ლამის 95% მართლდება, მაგრამ ნალექის შემთხვევა, ასე არ არის.

- რატომ?
- დავუშვათ, მცხეთაში 30 გრადუსი სითბოა, თბილისში შეიძლება იყოს 26-29, შეუძლებელია თბილისში 40 გრადუსზე ავარდეს, რადგანაც უწყვეტი ველია, ხოლო სადაც ღრუბელია, იქ წყვეტილია და თუ ერთ ადგილზე მოღრუბლულია, მეორეგან შეიძლება ასე არ იყოს. ამიტომ, ნალექს ლოკალური ხასიათი აქვს და მისი პროგნოზირება მთელ მსოფლიოში ცოტა რთულია.

- ე.ი. რადარული დაკვირვებების მეშვეობით, შეიძლება ადგილის დაფიქსირება, სადაც ნალექი შეიძლება მოვიდეს?
- დიახ. მაგალითად, ვერეს ტრაგედია რომ ავიღოთ, გვქონდა პროგნოზი, რომ საქართველოში, მათ შორის, აღმოსავლეთში, ნალექი იქნებოდა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელი იყო წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მაგრამ ვერ ვაფიქსირებდით კონკრეტულად კოორდინატებს, სად შეიძლებოდა მომხდარიყო. ასეთ დროს უკვე რეგიონებს გადავცემთ ხოლმე ინფორმაციას და ყველა ლოკალურად მზადყოფნაშია... სტიქიამდე 2 საათით ადრე შეგვიძლია, მოსალოდნელის პროგნოზი, რაც იძლევა საშუალებას, მსხვერპლი მაინც ავიცილოთ, თუმცა ზოგჯერ ერთბაშად შეიძლება რაღაც მასებიც შემოიჭრას და მის წინაშე უძლური აღმოჩნდე.

- მაღალი ტემპერატურა ბოლო 2 თვეა, ძალიან გვაწუხებს. რამდენ ხანში შეიძლება ვივარაუდოთ ტემპერატურის დაკლება?
- ნელ-ნელა თითო გრადუსით კლება დაიწყო, ეს დღეს უკვე შევამჩნიეთ. იქნება ნალექიც და დღეიდან აგრილდება კიდეც.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
16:41 / 17-08-2017
..
1
ერთა აცხადებენ და არის მეორ...მაგარია მარტლაც))))))))))))))
გამოეხმაურე / 0 /
15:51 / 17-08-2017
ნანა
1
ისე პროგნოზით ჩემს კატას უფრო ვენდობი ის არ ცდება, 2 დღით ადრე ვიცი დარია თუ ავდარია.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ღამით -15 გრადუსამდეა მოსალოდნელი
ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება
სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი დაიწერა და კითხვა დაისვა, რამ გამოიწვია თბილისში ნისლი
უახლოეს დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება
ჰაერის ტემპერატურა +6 +11 გრადუსის ფარგლებში იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს
24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი
21 დეკემბრიდან საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
დღეს და ხვალ მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-22მ იქნება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
15:25 / 17-01-2018  Image "პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი
"ერთხელ მითხრა, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ნეტავ რატომ გადავრჩიო..."
13:10 / 17-01-2018  Image 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდეს
ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს
22:18 / 17-01-2017  Image როცა ლოგინის თეთრეულს ყიდულობთ, ეს უნდა იცოდეთ
ლოგინის თეთრეული დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია
17:23 / 17-01-2018  Image "მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა
"მაგთიკომმა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49