35 000 "უხილავი ბავშვი" საქართველოში, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით

35 000 "უხილავი ბავშვი" საქართველოში, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა!

გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითად არის განწყობილი და ისინი სტიგმის მსხვერპლნი ხდებიან... სტიგმა, ნეგატიური დამოკიდებულება ხელს უშლის მათ განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას, ასევე ართმევს უფლებას, იყვნენ თანასწორნი...

თუ რა სიტუაციაში უწევთ საქართველოში შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს ცხოვრება და რა პრობლემებს ეჯახებიან, ამ თემაზე ქეთევან მელიქაძე, სოციალურ კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი (გაერო-ს ბავშვთა ფონდი) ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით გვესაუბრება:

- როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ბავშვის უფლებათა კონვენციას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციას, ამით, ვალდებულება აიღო, როგორც ბავშვს, ისევე ყველა მოქალაქეს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს, თანაბრად ჰქონდეს ყველა უფლება (განათლება, ჯანდაცვა და ყველა ის სიკეთე, რაც ზოგადად ბავშვს ეკუთვნის).

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების სტატისტიკაც კი არ გვაქვს გამართული. ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა მონაცემით, სხვადასხვა სისტემა და მომსახურება მთელს ქვეყანაში მაქსიმუმ 10.000-მდე ბავშვს ითვლის. ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარები, რომლებიც პენსიას იღებენ და მთავრობისგან სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობენ, ნაწილობრივ თვითმმართველობები აფინანსებენ...

მსოფლიოში ბავშვთა მოსახლეობის საშუალო მონაცემი, მინიმუმ, 5%, როგორც წესი, შეზღუდული შესაძლებლობის არის. თუ ჩვენთან ბავშვთა ზოგად რაოდენობას შევხედავთ, გამოდის, რომ თვალსაწიერიდან 34.000-35.000 ბავშვი გვაკლია. ესენი არიან ცოცხალი ადამიანები, პატარები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ისინი არ დადიან სკოლებში, არ იღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიას, არ სარგებლობენ არანაირი მომსახურებით. ფაქტობრივად, მათი უფლებები შეზღუდულია! არ ვიცით მათი რეალური მდგომარეობა...

- ე.ი. ისინი არ დაჰყავთ სკოლებში და საზოგადოების თვალსაწიერიდან ამდენი ბავშვია გამრალი?

- დიახ, რაც ძალიან მაღალ რისკს ქმნის იმისას, რომ ბავშვთა უფლებები დარღვეულია, რასაც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

- რატომ არიან ისინი "უხილავები"?

- ამის რამდენიმე მიზეზზე შეიძლება ვისაუბროთ ჰიპოთეზურად: დღესდღეობით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც სტატუსი, სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით დგინდება. თუ რომელიმე ბავშვს რატომღაც არ აქვს სამედიცინო დიაგნოზი, მათ შორის, არიან დაბალი ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ან ისინი, ვისაც აუტიზმის სპექტრის მდგომარეობა აღენიშნებათ. არ აქვთ სატატუსი და ვერ სარგებლობენ ვერანაირი მომსახურებით და სიკეთეებით, რაც ამ სატატუსთან არის მიბმული.

გარდა ამისა, ვიცით, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და ბავშვთა მიმართ ჯერ კიდევ მაღალია სტიგმა... რაც მშობლებს და ოჯახის წევრებს ხშირად იმას აიძულებს, ბავშვები დამალონ, არ გამოაჩინონ, ესეც ფაქტობრივად, შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმის, რომ ჩვენთან დაბალია პროცენტი იმ ბავშვების, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი აქვთ. ამიტომ, გაგვიჭირდება მსჯელობა, როგორ არიან ისინი.

ვინც არ სარგებლობს სკოლებით, დღის ცენტრებით, პრობლემა ექმნება როგორც ახალგაზრდობაში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც, რადგანაც არ ექნებათ სკოლის დამთავრების არანაირი ცნობა, ვერ შეძლებენ ვერც პროფესიულ და ვერც უმაღლესი განათლების მიღებას. ცხადია, იმ ბავშვების პერსპექტივები გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვინც სკოლაში დადის...

- რა კვლევას ემყარება ინფორმაცია, როდესაც გარკვეულ რიცხვებს ვასახელებთ?

- 10.000 ბავშვი - ეს ის მონაცემია, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო გვაძლევს, ხოლო ის პროცენტი, რომელზეც ვისაუბრე, ეყრდნობა იმ გასაშუალებულ მონაცემს, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, გაერო-ს სხვადასხვა სააგენტო იყენებს. როდესაც ასახელებენ, ბავშვთა პოპულაციის 5%-ს, ეს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა მაჩვენებელია.

ასევე ვიცით, 2014 წელს, საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებიც, - გამოკითხვამ 800.000-ზე ცოტა მეტი ბავშვი დააფიქსირა. ეს რიცხვიც აქედან გამოდის...

- რამ შეიძლება გამოაჩინოს "უხილავი" 34.000 ბავშვი, ზოგადად მოხსნას სტიგმა, გაათავისუფლოს საზოგადოება ამ სიმძიმეებისგან და ეს ბავშვები ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად აქციოს?

- ერთი რაიმე იზოლირებული ქმედება ამ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნია, რომ ღონისძიებები ჩატარდეს იმისთვის, რომ დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ შეიცვალოს. რომ ეს ბავშვები ღირსეულ და თანასწორ მოქალაქეებად ჩაითვალონ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, მოიხსნას სისტემა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს აძლევს ადამიანს, ანუ შევხედოთ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზს, არამედ, ადამიანის ფუნქციურ მდგომარეობას. რამდენად შეუძლია სამედიცინო ფუნქციის შესრულება, გადაადგილება, მხედველობა, სმენა, ინტელექტუალური აზროვნება ა.შ. ჯანმრთელობის მდგონარეობის და ფუნქციური შესაძლებლობის ნარევის მიხედვით უნდა შეფასდეს და მიენიჭოს სტატუსი, ანუ არის თუ არა პირი შეზღუდული შესაძლებლობის, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია გვავალდებულებს. ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს მომსახურებები ბავშვებისთვის. დღესდღეობით არსებობს, მაგრამ მათი რიცხვი მცირეა და განთავსებულია დიდ ქალაქებში, დიდია მომლოდინეთა რიცხვიც, ხოლო თუ გადავხედავთ სოფლად მოსახლეობას, მათთვის მომსახურებები არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, რატომ გამოიყვანოს ადამიანმა ბავშვი გარეთ, თუ მას გარეთ უარყოფითი დამოკიდებულება დახვდება?! ამიტომ, საჭიროა, იყოს მომსახურება, კეთილგანწყობილი გარემო, სისტემა, რომელიც ყველანაირად ხელს შუწყობს ბავშვს, რომ იყოს ჩვეულებრივი მხიარული, გაიზარდოს ღირსეული საქართველოს მოქალაქე და მისი პროდუქტიული წევრი.

- თუმცა სანამ ეს მოწესრიგდება, "უხილავი ბავშვები" დღეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა უნდა იყოს...

- ამ ტერმინს ხშირად სხვადასხვა კატეგორიის ბავშვის მიმართ იყენებენ. ჩვენ სწორედ იმიტომ ვუწოდეთ, რომ არ ვიცით, ვინ არიან ისინი, ვერ ხედავს სახელმწიფო სისტემები, რომელთა ვალდებულებაა, ბავშვის ინტერესები დაიცვას... რაკი არ ჩანან, სწორედ ამ ნიშნით არიან "უხილავები"...

მარი კორკოტაძე, ორგანიზაცია "ოჯახური დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი:

- ამ სფეროში ჩემი შვილის გამო აღმოვჩნდი, აუტიზმის დიაგნოზი დაახლოებით 5 წლის წინ დაუსვეს. მერე მშობელთან ერთად, ჩამოვაყალიბე ეს ორგანიზაცია. ამ წლების განმავლობაში, გამოცდილებაც მივიღე და უკვე სხვა მშობლებს ვეხმარები.

სერიოზული პრობლემაა, რომ საზოგადოება მზად არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან საურთიერთოდ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოების დიდ ნაწილს მეხუთე ხარისხოვან ადამიანებად მიაჩნია, თავის თანასწორებად ვერ აღიქვამენ, ფიქრობენ, "ჯერ ჩვენ და თუ რამე მორჩება, მერე თქვენც!" კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რომელსაც ცოტა ხნის წინ შევეჯახე: თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, დასვენებისთვის განკუთვნილ საგზურებს და ვაუჩერებს გასცემს (ვაუჩერი საგარანტიო ფურცელია, რომლითაც მერია შემდგომ თანხას გადარიცხავს)... წელს 400-ლარიანი ვაუჩერი იყო დედა-შვილზე გამოყოფილი. რითიც უფლება გვქონდა თვითონ შეგვერჩია სასტუმრო, მაგრამ სადაც დავრეკე, ყველამ უარი მითხრა, ვერ მიგიღებთო.

- რატომ?

- მოკლედ, ერთი სასტუმროს მეპატრონეს შევუთანხმდი, 8 აგვისტოს უნდა წავსულიყავი, დავჯავშნე, სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, ვუთხარი, სხვა მშობლებიც არიან მსურველები-მეთქი. ყველას მივიღებო, მაგრამ რომ დაურეკეს მშობლებმა, უარით გამოისტუმრა, სომხები მოდიან ჩემთან და ვერავის მიგიღებთო. ბოლოს მეც უარი მითხრა. ვაუჩერი ფაქტობრივად, ვერ გამოვიყენე. მოკლედ, ასეთი ადამიანებისთვის მეც და ჩემი შვილიც უმნიშვნელოები ვართ...

- ყველაზე მეტად გულს რა გტკენთ?

- სკოლაში, რომელშიც ჩემი შვილი დადის, ამ კუთხით უკვე დარეგულირდა მდგომარეობა, თუმცა მეწინააღმდეგებოდნენ, შვილისთვის შეექმნათ ის პირობები, რაც ეკუთვნოდა. როდესაც ამას ვითხოვდი, არ მოსწონდათ.

- რას ითხოვდით?

- მხოლოდ და მხოლოდ სპეცმასწავლებელს, მაგრამ დირექტორმა ჩემი შვილის უფლებები შეზღუდა... ხმა რომ ამოვიღე, მათ ასეთი რეაქცია ჰქონდათ, - შენი ბავშვი სკოლაში საერთოდ რომ მივიღეთ, ეს უნდა იკმაროთ. მეტისმეტი ნუ მოგდით, - ასეთი დამოკიდებულება იყო. სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მხოლოდ ჩემი შვილის შემთხვევაში არ ხდებოდა... ასეთ სიტუაციას საკმარისად ვაწყდებით. მშობლებს უმეტესად სკოლაში გვაქვს ამ სახის პრობლემები. ერთს უთხრეს: 4 წელი ხომ ვიტანდით შენს შვილს, საკმარისია, გადაიყვანე სკოლიდანო.

- როგორ ფიქრობთ, რა დაარეგულირებს ამ სიტუაციას? გამოსავალი რაშია?

- სკოლების სიტუაციას ინდივიდუალური ასისტირება დაარეგულირებს. როცა თქვენს შვილს გვერდით სპეცპედაგოგი უზის, გაკვეთილი აღარ იშლება, ბავშვი ჩართულია პროცესში და აღარც სხვა ბავშვებს ეშლებათ ხელი განათლების მიღებაში. თავად მშობლებმაც იციან თქმა: შენი შვილი რომ ყვირის, ჩემი ვეღარ სწავლობსო...

ჩემი შვილი პირველად სკოლაში რომ წავიყვანე, მისთვის უცხო გარემო და მიუჩვეველი სიტუაცია იყო. წამოყვირებაც ახასიათებდა, მერე შეეჩვია, უკვე მეორე წელია, მსგავსი შემთხვევა აღარ ყოფილა.

ვთქვათ, თუ ეტლით მოსარგებლე ბავშვს, რომელსაც გადაადგილების პრობლემა აქვს, გონებრივი შეფერხება არ აღენიშნება, მას არ სჭირდება სპეცმასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესში ჩაერთვება. მას მხოლოდ გადაადგილება უჭირს, მას იმ სახის დახმარება სჭირდება, რომელიც თუნდაც ტუალეტში შეიყვანს. მოკლედ, გარემო უნდა იყოს მისთვის ადაპტირებული.

- ვფიქრობ, რომ ზოგადად პრობლემაა თვითონ საზოგადოების გულგრილობა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თითქოს რაღაცას ცდილობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, მაინც როგორც კეთროვანებს, ისე უყურებენ...

- კი, ასეა... რამაც გამაოცა და გული დამწყვიტა, როდესაც მოვისმინე მოსაზრება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის ცალკე უნდა არსებობდეს სკოლები და იქ ასწავლონ მათ ინტეგრაცია. ეს შოკისმომგვრელია!

* * *

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით, საზოგადოების წევრების ჩართულობით, ჩამოყალიბდა ანტი-სტიგმა მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის ნორმების შეცვლას, სტიგმის დაძლევას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშებისა და ურთიერთგაგებისა და სოლიდარობის გზით ახალგაზრდების შესახებ ცოდნის გავრცელებას.

მოძრაობის ლიდერები სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები არიან...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები განვითარებულ ქვეყნებში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი